ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: გაუტანს მესი "ჩელსის"?

AutoSharing Option
"რეალისა" და პსჟ-ის დაპირისპირების შემდეგ ფანებსა და მედიაში ყველაზე დიდ ინტერესს "ჩელსისა" და "ბარსელონას" დუელი იწვევს.

ლონდონში დიდი მატჩი გველის. ლიონელ მესის მე-9 შანსი ეძლევა, როგორმე გაუტანოს "ჩელსის" თავისი პირველი გოლი.


ახლა ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინათ ანტონიო კონტეს კრებულს მცირე ჩავარდნა ჰქონდა - 4 დაპირისპირებიდან 3 წააგო.

რაც შეეხება "ბარსელონას", ერნესტო ვალვერდეს გუნდს ჩემპიონატში საერთოდ არ წაუგია და ამ მხრივ, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი კლუბია. "ბარსამ"
მხოლოდ თანაქალაქელ "ესპანიოლთან" დათმო კოპა დელ რეის მატჩში.

ურთიერთშეხვედრებში თითქმის თანაფარდობაა - ევროთასებზე ისინი 12-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 5 დაპირისპირება ფრედ დასრულდა, 4 ინგლისელებმა მოიგეს, 3 - ესპანელებმა. ბურთების შეფარდება კი თანაბარია - 18:18. ხშირი დუელების მიუხედავად, ამ კლუბებს ერთმანეთში უკვე 6 წელია არ უთამაშიათ. ამ სეზონში "ჩელსი" უკვე შეხვდა ესპანურ კლუბს, ჯგუფში ორ მატჩში 4 ქულა მოიპოვა "ატლეტიკოსთან".

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში" "ბარსელონას" ექსფეხბურთელები - სესკ ფაბრეგასი და პედრო როდრიგესი თამაშობენ.

პრესკონფერენცია
ანტონიო კონტე ("ჩელსის" მწვრთნელი): "ვფიქრობ, ამ დაპირისპირებაში ჩვენ არ ვართ ფავორიტები. თეორიულად "ბარსელონაა" შემდეგ ეტაპზე გასვლის უპირველესი კანდიდატი. ეს კარგია, ჩვენ დიდი ამბით ველით ამ ორ დაპირისპირებას.

ამ დაპირისპირებაში ნამდვილად გამოჩნდება ჩვენი რეალური სახე და დონე. ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამასთანავე, უნდა შევუტიოთ. ვიცით, რომ ბურთის ართმევა მათთვის გაგვიჭირდება. უნდა შევეცადოთ, რომ უბურთოდ თავი არაკომფორტულად არ ვიგრძნოთ. ჩვენ კარგად ვართ ამ შეხვედრისთვის მომზადებულნი, წინ დიდი დაპირისპირებაა".

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ეიბარმა" მართლაც სერიოზულად დაგვწნეხა ამ უქმეებზე, მაგრამ ხვალინდელი თამაში, ალბათ, სულ სხვა ხასიათის იქნება. "ჩელსის" ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავს დიდებულად გრძნობენ შეზღუდულ სივრცეში, ერთი-ერთზე ვიზავისთან. ანტონიო კონტე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. ეს მან "იუვენტუსში", იტალიის ნაკრებში და ახლა უკვე "ჩელსიში" დაამტკიცა. მისი გუნდები ყოველთვის გამართულად თამაშობენ ტაქტიკურად. ყოველ მომენტში იციან, როგორ მოიქცნენ.

პრემიერლიგა ძლიერი ტურნირია. ამიტომაც სულაც არ არის საკვირველი, რომ ინგლისური კლუბები კარგად ასპარეზობენ ევროთასებზე. აზარი, მორატა, ჟირუ, პედრო... შეტევაში "ჩელსი" ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული. ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია მესისთვის, ჩემთვის და ყველასთვის ბარსელონაში".

  • ეს კლუბები ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ. 4 "ჩელსიმ" მოიგო, 3 - "ბარსამ".
  • 2004/05 წლების სეზონში ლიგის მერვედფინალში "ჩელსიმ" 5:4 მოუგო "ბარსელონას" ორი მატჩის ჯამში.
  • ლიონელ მესი 8-ჯერ შეხვდა "ჩელსის" და ჯერ ამ კლუბისთვის გოლი არ გაუტანია.
  • საპასუხო მატჩი 14 მარტს ბარსელონაში გაიმართება.

სამშაბათი, 20 თებერვალი, 23:45
ჩელსი-ბარსელონა

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - აზარი, პედრო - მორატა
არ ითამაშებს: დავიდ ლუისი
საეჭვოა: ბარკლი, ბაკაიოკო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, პაულინიო, რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, ინიესტა
არ ითამაშებს: სემედუ (დისკ.), ვერმალენი
საეჭვოა: -

მიუნხენის "ბაიერნისთვის" დიდი ხანია, ბუნდესლიგამ ელფერი დაკარგა. კონკურენტები ვერ ყოჩაღობენ. სხვა თუ არაფერი, ერთ-ერთ ბოლო ტურში იუპ ჰაინკესს სასტუმროში ჩასძინებია და თამაშზე დაგვიანებით გამოცხადდა!

"ბაიერნი" ფავორიტია "ბეშიქთაშთან" დაპირისპირებაშიც, მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულეს ("ბაიერნისგან" განსხვავებით).

საქმე ისაა, რომ სტამბოლური კლუბი ლიგის პლეი-ოფის დებიუტანტია. ამ ეტაპებზე კი გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. "ბაიერნი" კი მერვედფინალში მე-14-ედ თამაშობს და გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი დაპირისპირებაა მერვედფინალში, სადაც ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები ეთამაშებიან.

პრესკონფერენცია
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ბეშიქთაშის" ბოლო წარმატების მთავარი საიდუმლო მისი მწვრთნელია - შენოლ გიუნეში. იგი ძალიან გამოცდილი, ტოპ-კლასის მწვრთნელია. მან კარგად იცის, როგორ შეკრას ერთ მუშტად გუნდი. "ბეშიქთაში" გამართული გუნდია, რომელმაც კარგად იცის, როგორ ითამაშოს კონტრშეტევებზე. თანაც, "ბეშიქთაშს" არ უყვარს დაცვაში ჩაჯდომა და თამაშის "მოკვლა". ის ვერ ძლებს შეტევის გარეშე. ასე რომ, ხვალ აუცილებლად კარგი ხარისხის ფეხბურთი გველის.

რაც შეეხება ხშირ როტაციას ჩემს გუნდში, მე არ მყავს A და B გუნდები. მხოლოდ ერთი გუნდია, რომელსაც "ბაიერნი" ჰქვია. ყოველმა ფეხბურთელმა კარგად იცის თავისი როლი გუნდში. ასე რომ, როტაციისას პრობლემები არ გვექმნება. სამაგიეროდ, სარგებელი მეტია, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება ეძლევათ, უფრო მეტი მოთამაშე გრძნობს გუნდში თავს მნიშვნელოვნად. ეს იოლი პროცესი არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, ფეხბურთელები კმაყოფილები არიან".

შენოლ გიუნეში ("ბეშიქთაშის" მწვრთნელი): "ბაიერნს" დიდებული შემადგენლობა ჰყავს, ბევრი ტოპ-კლასის ფეხბურთელით. მას თავისუფლად შეუძლია ორი თანაბარი ძალის გუნდის გამოყვანა. "რეალისა" და "მილანის" შემდეგ "ბაიერნი" ყველაზე წარმატებული კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში. ჩვენთვის კარგი იქნება, თუ შევძლებთ "ალიანც არენაზე" გოლის გატანას. სხვათა შორის, ამ სეზონში პირველად ვართ აუტსაიდერის როლში. ფავორიტი, რა თქმა უნდა, "ბაიერნია".

  • 1997/98 წლების სეზონში "ბაიერნმა" "ბეშიქთაშს" ორჯერ მოუგო 2:0.
  • "ბეშიქთაში" ევროთასებზე 7 მატჩია, რაც დაუმარცხებელია.
  • "შავი არწივები" პირველი თურქული კლუბია, რომელმაც შეძლო ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მოგება.
  • საპასუხო მატჩი 14 მარტს სტამბოლში გაიმართება.

სამშაბათი, 20 თებერვალი, 23:45
ბაიერნი-ბეშიქთაში

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი, მიულერი, ხ. როდრიგესი - კომანი, ლევანდოვსკი, რობენი
არ ითამაშებს: ნოიერი
საეჭვოა: -

ბეშიქთაში (4-5-1): ფაბრი - გიონიული, პეპე, ვიდა, ადრიანო - ჰატჩინსონი, მედელი, კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი - ვაგნერ ლავი
არ ითამაშებს: კავლაკი, ატინჩი, ტიორე, ტოშიჩი
საეჭვოა: -

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაინკესს თამაშზე კი არ დააგვიანდა, არამედ ავად იყო, თამაშს ვერ ესწრებოდა და ტელევიზორი ჩართო გვიან.
გიორგიპირველი
17:27 20-02-2018
2

სიახლეები პოპულარული