ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: ჰაინკესის წინათგრძნობა არ გამართლდა, "რეალმა" "ბაიერნი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "რეალმა" მიუნხენში 2:1 დაამარცხა "ბაიერნი".

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე შესაცვლელი გახდა ტრავმის გამო რობენი, რომლის მაგივრადაც მოედანზე ალკანტარა შევიდა. ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არც ერთი გუნდის კართან არ შექმნილა.

"რეკორდმაისტერი" მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და ვითარებიდან გამომდინარე, ალოგიკური გოლი გაიტანა: კიმიხი მარსელოს მიერ მიტოვებული ფლანგიდან შეიჭრა თავისუფალ ზონაში და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ნავასმა არგასაშვები ბურთი გაუშვა.

33-ე წუთზე ტრავმა ბოატენგმა
მიიღო და მიუნხენელთა თავკაცს იუპ ჰაინკესს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ცოტა ხანში კი რიბერი ნავასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და ანგარიშის გაორების ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შანსი გამოიყენა მარსელომ, რომელმაც შორიდან დარტყმული ბურთი ულრაიხისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მოკლედ, მიუნხენურმა გუნდმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გაუშვა გოლი და თან, ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.

მეორე ტაიმში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისკო ასენსიოთი შეცვალა, ამ უკანასკნელმა რაფინიას შეცდომა გამოიყენა და სწრაფი კონტრიერიშისას წინ გაიყვანა "რეალი". საპასუხო შეტევისას კი ნავასმა არ დაანება რიბერის ანგარიშის გათანაბრება. ცოტა ხანში ლევანდოვსკიმ და მიულერმა ზედ კარის წინ შეუშალეს ერთმანეთს ხელი და ბურთის მადრიდელთა კარში გადაგზავნა ვერ მოახერხეს.

მერე რიბერის ისევ აუღო ნავასმა დარტყმული ბურთი. 71-ე წუთზე რონალდომაც გაიტანა გოლი, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა. ცოტა ხანში კი შეცვლაზე შესულმა ბენზემამ ვერ შეძლო მიუნხენელთა მესამედ დამწუხრება. 87-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს.

ერთი სიტყვით, "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე წააგო და ძალიან გაუჭირდება საპასუხო მატჩში. არადა, შეხვედრის წინ ჰაინკესმა თქვა, რომ კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და ამ სეზონში 39 გოლის გამტანი ლევანდოვსკის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

მიუნხენი. "ალიანს არენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - რეალი 1:2
გოლები: 1:0 კიმიხი (28), 1:1მარსელო (44), 1:2 ასენსიო (57)

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ბოატენგი (ზულე 33), ჰუმელსი, რაფინია, ხავი მარტინესი (ტოლისო 75), რობენი (ალკანტარა 8), რიბერი, ხამესი, მიულერი, ლევანდოვსკი

რეალი: ნავასი, კარვახალი (ბენზემა 67), რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო (კოვაჩიჩი 83), კროოსი, მოდრიჩი, ვასკესი, ისკო (ასენსიო 46), რონალდო

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ ზინედინ ზიდანი: დავიტანჯეთ, მაგრამ კარგ შედეგს მივაღწიეთ
▶ იუპ ჰაინკესი: "რეალს" ორი გოლი ვაჩუქეთ, დანებებას არ ვაპირებთ
მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთში ლოგიკას რომ ეძებთ უკვე ცდებით. რეალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ამაში როგორ უნდა შეიტანო ეჭვი, როცა მესამე წელია ფაქტიურად ფინალშია და მესამედაც თუ მოიგო ლიგა ეგება მაშინ მაინც დადუმდეთ რეალის მოძულეები.
emigranti
23:37 26-04-2018
0
რეალის გოლები ხომ სულ ლოგიკური იყო :)
გიორგი
14:57 26-04-2018
0

სიახლეები პოპულარული