"რეალი" VS "ლივერპული" - ის, რაც ფეხბურთში ასე ძალიან გვიყვარს

AutoSharing Option
26 მაისს ევროპის საკლუბო ფეხბურთი მისი მშვენებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალით კიევში დასრულდება - ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, "რეალი" ამ ჯილდოს მე-13-დ მოგებას შეეცდება, მისი მეტოქე "ლივერპულია", რომლისთვისაც გამარჯვება მეექვსე იქნება.

თუკი "ლივერპულმა" ბოლოს ეს ტიტული 13 წლის წინათ, 2005 წელს მოიპოვა, "რეალი" ბოლოს ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონი. ამ დაპირისპირებაშიც ფავორიტი "სამეფო კლუბია", მაგრამ ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ზინედინ ზიდანს გაუმართლა - ლიგის ფინალამდე ტრავმების გარეშე მოაღწია, "რეალს" ყველა დაშავებული კარგა ხანია, რაც დაუბრუნდა.
ბოლო, გენერალური რეპეტიცია "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიწყო, სტუმრად "ვილიარეალთან".

სხვათა შორის, ზიდანმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენა, თუ არ ჩავთვლით ლუკა ზიდანს, უმცროს ზიდანს "რეალის" პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ამის მიუხედავად, "რეალმა" ვერ მოიგო - 2:2 დაუზავდა "ყვითელ წყალქვეშა ნავს".

ბუნებრივია, ფინალში მადრიდელთა კარს კეილორ ნავასი დაუბრუნდება. ლუკას გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელი გადაჯდება სათადარიგოთა სკამზე - გარეთ ბეილი. არადა, უელსელი საუკეთესო ფორმაში შევიდა, თუმცა ზიდანი ქარიმ ბენზემას უფრო ენდობა, სამივე ფორვარდს კი (რონალდო, ბეილი, ბენზემა) ერთად უკვე ძალიან იშვიათად აყენებს.

ზიდანისგან სხვა სიურპრიზებს (ბეილი თუ ისკო სასტარტოში ჯერ მაინც ღია საკითხია) არ უნდა ველოდოთ, დაცვა და შუა ხაზი გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგად შეთამაშებული.

იურგენ კლოპს, ზიდანისგან განსხვავებით, საკადრო პრობლემა უხვად აქვს - ყველაზე დიდი დანაკარგი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენია. არ იქნებიან ჟოელ მატიპი და ჯო გომესიც, ემრე ჯანის თამაში კი ძალზე საეჭვოა. ჯეიმს მილნერიც ახალი გამოჯანმრთელებულია, მაგრამ ჯანისგან განსხვავებით, მას სასტარტოში თამაშის კარგი შანსი აქვს. როგორც ზიდანის, ასევე კლოპის 11-ეულის გამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

  • 1981 წლის ფინალის გამეორება
ეს დაპირისპირება 1981 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის გამეორებაა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ფინალში "რეალი" დამარცხდა, ახლა კი ეს გუნდი ზედიზედ მესამედ, სულ კი მე-13-დ აპირებს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოპოვებას.

ვინაიდან ორივე გუნდი ძლიერია შეტევაში, დაცვაში კი - ისე რა, თვალსასეირო ფინალს უნდა ველოდოთ ბევრი გოლით. განსაკუთრებით შესანიშნავად თამაშობს "ლივერპულის" შემტევი ტრიო. ამ სეზონში ევროთასებზე სადიო მანემ 9, მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ კი 11-11 გოლი გაიტანეს.

  • რა ითქვა ფინალის წინ
ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "გავცვლიდი თუ არა სალაჰს რონალდოში? არა, რადგან მე მყავს კრიშტიანო. მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე მჩვევია ლაპარაკი, სხვებზე ნაკლებად. არ ვიცი, რას ფიქრობს მეტოქე, რას აპირებს. ჩვენ კი მოგებას ვგეგმავთ, როგორც ყოველთვის. ჩვენ "რეალი" ვართ და ყოველთვის მეტი გვსურს. ყველაფერს გავიღებთ მიზნის მისაღწევად. ენთუზიაზმს ვერავინ წაგვართმევს".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "ლივერპული" ორი-სამი წლისწინანდელ "რეალს" მაგონებს. მაშინ ჩვენც სამი სწრაფი ფორვარდით ვთამაშობდით. ვფიქრობ, "რეალი" უკეთესია, მაგრამ ეს მოედანზე გვაქვს დასამტკიცებელი. ფინალები ყოველთვის გამორჩეულია, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის ხვდები. არ იქნება იოლი გასეირნება - "ლივერპული" დამსახურებული ფინალისტია".

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული): "მართალი გითხრათ, "ლივერპულის" წარმატების თავიდანვე მჯეროდა. როცა მოვედი ამ კლუბში ვიცოდი, რომ ლიგაზე შორს გასვლა შეგვეძლო. და აი, ფინალში ვართ, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. ბიჭებმა საქმეს ბოლომდე უერთგულეს. ჩემთვის ყოველი შეხვედრა, რიგითი მატჩია, არ აქვს მნიშვნელობა, ფინალია ის თუ არა. არ მინდა, დამატებით ზეწოლას განვიცდიდე. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია "ლივერპულისთვის".

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "სადმე გამოცდილების ბაზრობა რომ იყოს, "რეალს" გასაყიდი ბევრი ექნებოდა. "რეალი" ჩვენზე გამოცდილია, ეს ფაქტია. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ის ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი არაა. ჩვენ მას მონდომებას, სისწრაფეს, სწრაფვას, ყველაფერს, რაც კი ფეხბურთში მიყვარს, დავუპირისპირებთ და "რეალის" უპირატესობას გავანულებთ".

ჩემპიონთა თასის/ლიგის
ყველა ფინალი
1955/56 რეალი-რეიმსი 4:3
1956/57 რეალი-ფიორენტინა 2:0
1957/58 რეალი-მილანი 3:2, დდ
1958/59 რეალი-რეიმსი 2:0
1959/60 რეალი-აინტრახტი 7:3
1960/61 ბენფიკა-ბარსელონა 3:2
1961/62 ბენფიკა-რეალი 5:3
1962/63 მილანი-ბენფიკა 2:1
1963/64 ინტერი-რეალი 3:1
1964/65 ინტერი-ბენფიკა 1:0
1965/66 რეალი-პარტიზანი 2:1
1966/67 სელტიკი-ინტერი 2:1
1967/68 მანჩესტერი-ბენფიკა 4:1, დდ
1968/69 მილანი-აიაქსი 4:1
1969/70 ფეიენოორდი-სელტიკი 2:1
1970/71 აიაქსი-პანათინაიკოსი 2:0
1971/72 აიაქსი-ინტერი 2:0
1972/73 აიაქსი-იუვენტუსი 1:0
1973/74 ბაიერნი-ატლეტიკო 1:1, გად 4:0
1974/75 ბაიერნი-ლიდსი 2:0
1975/76 ბაიერნი-სტ. ეტიენი 1:0
1976/77 ლივერპული-გლადბახი 3:1
1977/78 ლივერპული-ბრიუგე 1:0
1978/79 ნოტინგემი-მალმიო 1:0
1979/80 ნოტინგემი-ჰამბურგი 1:0
1980/81 ლივერპული-რეალი 1:0
1981/82 ასტონ ვილა-ბაიერნი 1:0
1982/83 ჰამბურგი-იუვენტუსი 1:0
1983/84 ლივერპული-რომა 1:1, პენ 4:2
1984/85 იუვენტუსი-ლივერპული 1:0
1985/86 სტიაუა-ბარსელონა 0:0, პენ 2:0
1986/87 პორტუ-ბაიერნი 2:1
1987/88 ეინდჰოვენი-ბენფიკა 0:0, პენ 6:5
1988/89 მილანი-სტიაუა 4:0
1989/90 მილანი-ბენფიკა 1:0
1990/91 ცრ. ზვეზდა-მარსელი 0:0, პენ 5:3
1991/92 ბარსელონა-სამპდორია 1:0 დდ
1992/93 მარსელი-მილანი 1:0
1993/94 მილანი-ბარსელონა 4:0
1994/95 აიაქსი-მილანი 1:0
1995/96 იუვენტუსი-აიაქსი 1:1, დდ 4:2
1996/97 დორტმუნდი-იუვენტუსი 3:1
1997/98 რეალი-იუვენტუსი 1:0
1998/99 მანჩესტერი-ბაიერნი 2:1
1999/00 რეალი-ვალენსია 3:0
2000/01 ბაიერნი-ვალენსია 1:1, პენ 5:4
2001/02 რეალი-ლევერკუზენი 2:1
2002/03 მილანი-იუვენტუსი 0:0, პენ 3:2
2003/04 პორტუ-მონაკო 3:0
2004/05 ლივერპული-მილანი 3:3, პენ 3:2
2005/06 ბარსელონა-არსენალი 2:1
2006/07 მილანი-ლივერპული 2:1
2007/08 მანჩესტერი-ჩელსი 1:1, პენ 6:5
2008/09 ბარსელონა-მანჩესტერი 2:0
2009/10 ინტერი-ბაიერნი 2:0
2010/11 ბარსელონა-მანჩესტერი 3:1
2011/12 ჩელსი-ბაიერნი 1:1, პენ 4:3
2012/13 ბაიერნი-დორტმუნდი 2:1
2013/14 რეალი-ატლეტიკო 4:1, დდ
2014/15 ბარსელონა-იუვენტუსი 3:1
2015/16 რეალი-ატლეტიკო 1:1, პენ 5:3
2016/17 რეალი-იუვენტუსი 4:1

გამარჯვებულები კლუბების მიხედვით
რეალი 12
მილანი 7
ბაიერნი 5
ბარსელონა 5
ლივერპული 5
აიაქსი 4
მანჩესტერი 3
ინტერი 3
იუვენტუსი 2
ბენფიკა 2
ნოტინგემი 2
პორტუ 2
სელტიკი 1
ჰამბურგი 1
სტიაუა 1
მარსელი 1
დორტმუნდი 1
ჩელსი 1
ფეიენოორდი 1
ასტონ ვილა 1
პსვ ეინდჰოვენი 1
ცრვენა ზვეზდა 1
ქვეყნების მიხედვით
ესპანეთი 17
იტალია 12
ინგლისი 12
გერმანია 7
ჰოლანდია 6
პორტუგალია 4
საფრანგეთი 1
რუმინეთი 1
შოტლანდია 1
იუგოსლავია 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული