ვინ მოიგებს ფინალს? წესით "რეალი", მაგრამ ფეხბურთი ხშირად "უწესოა"

AutoSharing Option
მას ასე, დღეს ამ სეზონის ევროპული საკლუბო ფეხბურთის გადამწყვეტი მატჩია და ყველას ყურადღება კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონისკენაა მიპყრობილი. ყველას აინტერესებს, ვინ მოიგებს ამ შეხვედრას. მოდით, ყოველგვარი სიმპათია - ანტიპათიების გარეშე შევეცადოთ განვსაზღვროთ, ვისა აქვს მეტი შანსი.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თავმდაბლობს - ამბობს, ფავორიტი არ არსებობსო, მის გუნდს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. რატომ? უკეთესი გუნდი ჰყავს, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და რაც ასეთ შეხვედრებში არაუკანასკნელ როლს თამაშობს, მეტოქეზე გაცილებით უფრო გამოცდილია.

თუმცა, მასაც აქვს თავისი სუსტი წერტილები და როგორც
ყველაფერი სამყაროში, იდეალური ნამდვილად არაა. მაგალითად, ლა ლიგას გასული გათამაშება ფაქტიურად ჩააგდო, მესამე ადგილზე გავიდა, მეოთხეადგილოსან "ვალენსიას" ოდენ 3 ქულით გაასწრო, ჩემპიონ "ბარსელონას" კი 17 ქულით ჩამორჩა!

მისი დაცვა საიმედოობით არ გამოირჩევა, არც კეილორ ნავასია ტოპ-კლასის მეკარე, მაგრამ ამ გუნდს იმდენი პლუსი გააჩნია, რომ ყველა მინუსების ნიველირებას ახდენს. პირველ რიგში ეს კლასია, რომლითაც გადამწყვეტ მომენტში იმარჯვებს. ასეთ მატჩებში ის უბრალოდ უბადლოა. თუმცა, იყო ერთი "თუმცაც" - "იუვენტუსთან" განმეორებითი თამაში. და კიდევ, უდიდესი კოზირი - მას ჰყავს რონალდო!

"ლივერპული" თუ შეიძლება ასე ითქვას, ფინალში დაუპატიჟებელი სტუმარივითაა. მას იქ არავინ ელოდა და რადგან კიევამდე "ჩააღწია", ე.ი. ეს შემთხვევით არ მოხდა, რადგან ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში შემთხვევითი გუნდები ვერ გადიან. ჩინებული და არაორდინალური მწვრთნელის იურგენ კლოპის განკარგულებაში შესანიშნავი შემტევი ტრიოა (სალაჰი - მანე - ფირმინო), სალაჰი კი საერთოდ ამ ევროპული სეზონის აღმოჩენაა.

თუმცა, "წითლები" თავიანთი დაცვის გადამკიდე, ძალიან არასტაბილურები არიან, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 5:2 მოგების შემდეგ, გასვლაზე "რომასთან" 2:4 დამარცხდნენ და კინაღამ გამოეთიშნენ გათამაშებას. ვერც პრემიერლიგაზე ივარგეს და უმედლებოდ დარჩნენ.

"ლივერპულისგან" ყველაფერია მოსალოდნელი, რამეთუ ძნელად პროგნოზირებადია და ამაშია მისი ხიბლი. კლოპის სწრაფი გუნდი ლამაზ და ავანტიურულ ფეხბურთს თამაშობს, თავად მისი მენეჯერი კი ამბობს, რომ მაგალითად, მარსელო ვერაა კარგი მცველი, ფეხბურთელად კი დიდებულია და თუ თავისას არ დაიშლის და წინ უკანმოუხედავად ირბენს, ამით სალაჰს შესანიშნავ სამსახურს გაუწევს. ეჭვი არ გეპარებოდეთ, მას მეტოქის თამაში ზედმიწევნითა აქვს შესწავლილი და საინტერესოა, როგორ სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევს, რა სიურპრიზს შესთავაზებს მეტოქეს.

საორიენტაციო შემადგენლობები

Sportall.Ge

რეალი: სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას ზიდანს მხოლოდ ერთი დილემა აქვს, ვინ დააყენოს, ბეილი თუ ბენზემა, მაგრამ როგორც წესი, ის უფრო ბენზემას სწყალობს და ალბათ, მას მიანიჭებს უპირატესობას. მისი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი და საღსალამათია. ესეც პლუსია და შესაძლოა, გამოცდილების ფაქტორია.

ნავასი - მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო - რონალდო, ბენზემა


ლივერპული:
პრობლემები აქვს ნახევარდაცვაში, ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარგა ხნით გამოაკლდა, ჯანმა კი ახლახან მოირჩინა ტრავმა და ფორმაში არაა. ამდენად, კლოპს შუა ხაზში დიდი არჩევანი არ გააჩნია.

კარიუსი - რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი - მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - მანე, ფირმინო, სალაჰი

მსაჯის ფაქტორი


არავისთვის დასამალი არაა, რომ ასეთ შეხვედრებში მსაჯები უფრო დიდ გუნდებს სწყალობენ და ეს მარტო ბლანკოსს და საერთოდ, ფეხბურთს არ ეხება, სპორტის სხვა სახეობებშიც ასეა. ისინი საკამათო სიტუაციაში მათ სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები გადამწყვეტია.

ამ შეხვედრას 45 წლის სერბი მილორად მაჟიჩი მოემსახურება. მან ამ სეზონში ევროტურნირებზე 7 თამაში იმსაჯა და მათგან მხოლოდ 2 ევროპა ლიგაზე. 2009 წლიდანაა ფიფას არბიტრი, საშუალოდ 1 მატჩში 4-ჯერ აფრთხილებს ფეხბურთელებს, ხოლო გაძევებისგან თავს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა ფინალზე (იუვენტუსი - რეალი 1:4) მაჟიჩი მეოთხე მსაჯი იყო.

ჰოდა, ვნახოთ ერთი, რამდენად კვალიფიციური და ობიექტური იქნება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო მოიგებს რეალი?? ლივერპული მოიგებს 2:1 და ორივე გოლს გაიტანს მანე
euhh
11:13 26-05-2018
1
ავტორ რეალი წესივრად და ღირსეულად გავიდა ფინალში?? დასათაურება გაქვთ მაგარი "პროფესიონალური"
გიორგი
13:09 26-05-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული