ტოტენჰემი VS აიაქსი - ბრძოლის ეპიცენტრი: ერიკსენი VS დე იონგი

AutoSharing Option
დღეს, 30 აპრილს, 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.

ლონდონში ადგილობრივი "ტოტენჰემ ჰოთსპური" "აიაქსს" უმასპინძლებს.

ყველა ელოდება, რომ ძალიან კარგი, სანახაობრივი მატჩი გამოვა, რადგან ორივე გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. საინტერესოა უეფას ექსპერტების აზრის მოსმენაც.

დანიელ ტაკერი, "ტოტენჰემი": "ტოტენჰემი" წამყვანი ფეხბურთელების გარეშე იქნება - ჰარი კეინი და სონ ჰინ მინი გუნდს ვერ დაეხმარებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ტოტენჰემის" ფეხბურთელები რამეს დათმობენ, ბრძოლის ჟინი და მონდომება პოჩეტინოს შეგირდებს არ დააკლდებათ, ისინი ხომ ფინალთან ასე ახლოს არიან. არ აქვს დიდი
მნიშვნელობა "ტოტენჰემის" განცდილ მარცხს ინგლისში. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო კარგად თამაშობენ და არც ეს სამშაბათი იქნება გამონაკლისი. მგონია, რომ "ტოტენჰემი" მყარი უპირატესობით გაფრინდება ამსტერდამში".

დერეკ ბრუკმენი, "აიაქსი": "არა მგონია, "აიაქსმა" შეიცვალოს ის სათამაშო სტილი, რომლითაც აქამდე მოვიდა. ისინი გააგრძელებენ ბურთის ფლობასა და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს. ისინი ეცდებიან ბურთის დაჭერას, ითამაშებენ მაღალ პრესინგზე და ერთმანეთში ეფექტურად გაცვლიან ხოლმე პოზიციებს. ესაა გუნდი, რომლის მცველებმაც ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანეს. არა მგონია, მათ ლონდონი ცარიელი ხელებით დატოვონ. კეინისა და სონის არყოფნაში, ერიკ თენ ჰაგის შეგირდებს მატჩზე კონტროლის მოპოვების კარგი შანსი აქვთ".

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ანდერვაირელდი, სანჩესი, როუზი, დაიერი, ვანიამა, ერიკსენი, დელე ალი, ლუკას მოურა, ლორენტე

აიაქსი: ონანა, ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიხტი, მაზრაუი, დე იონგი, ვან დე ბეეკი, შონე, ნერეში, ტადიჩი, ზიეჩი

ბრძოლის ეპიცენტრი: კრისტიან ერიკსენი ფრენკი დე იონგის წინააღმდეგ
2013 წლის შემდეგ, რაც კრისტიან ერიკსენმა ამსტერდამული კლუბი დატოვა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, თუმცა 21 წლის დე იონგი დანიელს დიდად არ ჩამოუვარდება არცერთი კუთხით. თუ დე იონგი უპირატესობას მოიპოვებს, არაა გამორიცხული, იგივე შედეგი დადგეს, რაც ტურინსა და მადრიდში იყო.

"ამ დონეზე მას ბევრი სეზონი არ ჩაუტარებია, მაგრამ რაც მან აქამდე გააკეთა, ეს გასაოცარია. მე დიდ პატივს ვცემ დე იონგს და "აიაქსს" მისი ასეთი თამაშისთვის", - განაცხადა ერიკსენმა უეფასთან ინტერვიუში.

საინტერესოა, რას ფიქრობენ გუნდების მთავარი მწვრთნელები მატჩის წინ:

მაურისიო პოჩეტინო, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი: "ჯადოსნური ღამე იქნება. რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, ჩვენს ახალ სტადიონზე ჩემპიოთა ლიგის ნახევარფინალს ვითამაშებდით. ეს ისეთი შეხვედრაა, რომელში დაღლაც შეუძლებელია. ამ თამაშით მხოლოდ აღფრთოვანება შეიძლება.
მთელ ენერგიას ჩავდებთ მასში. მხოლოდ ორი ნაწილია დარჩენილი - თამაშის პირველ ნახევარს სახლში გავმართავთ, მეორე ნახევარი კი ამსტერდამში იქნება. უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ მივუდგებით თამაშს და როგორ გავაკონტროლებთ მას".

ერიკ თენ ჰაგი, "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი: "ჩვენ საკუთარი პროგრესის გაგრძელება გვსურს. შესანიშნავია, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ. სეზონის დასაწყისში ვერავინ შეძლებდა იმის წინასწარმეტყველებას, რომ ჰოლანდიური კლუბი ამ ეტაპზე იქნებოდა. ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ, მაგრამ მეტი გვსურს.
ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ და საკუთარი შანსები გამოვიყენოთ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ არა გულუბრყვილოები. ჩვენ ბევრი ისეთი თამაში წავაგეთ, სადაც უპირატესობა გვქონდა. ახლა კი, კარგი შესაძლებლობა გვაქვს. მე მჯერა ჩემი გუნდის, მჯერა მოედანზე გასული ფეხბურთელების და მჯერა ჩვენი გეგმის, რომელიც ერთად დავისახეთ".

აღნიშნული შეხვედრა დღეს, 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მატჩს არა "უაით არტ ლეინი", არამედ ახალი არენა -  "ტოტენჰემ ჰოთსპურის სტადიონი" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აიაქსი მოიგებს.
beso
19:40 30-04-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული