დღეს, 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება.
დღის ცენტრალურ შეხვედრას პარიზის "პარკ დე პრენსის" სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს პსჟ და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.
ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება მადრიდში, სადაც "ატლეტიკო" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. თავის შეხვედრას გამართავენ ქართველი ფეხბურთელების კლუბები.
პსჟ - "რეალი"
პსჟ-სა და მადრიდის "რეალს" შორის ისტორიაში ეს მე-8 დაპირისპირება იქნება. აქამდე ჩატარებული 4 ოფიციალური შეხვედრიდან 3 "რეალმა" მოიგო, 1 ფრედ დასრულდა. პსჟ-ს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს მადრიდელებთან და ისიც აშშ-ში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში.- პსჟ
პარიზული
კლუბი შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. გუნდს არ ეყოლება შემტევი ტრიო - მბაპე, ნეიმარი, კავანი. პარიზელები ლიგა 1-ს კი ლიდერობენ, თუმცა 5 ტურში 1 თამაშის წაგება უკვე მოასწრეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა - მაურო იკარდის, რომელიც, სავარაუდოდ, ძირითადში იქნება, არ ელაპარაკებიან თანამემამულე ფეხბურთელები - დი მარია და პარედესი, ისინი, ვინც პსჟ-ის ცენტრფორვარდს პასები უნდა გაუკეთონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ კეილორ ნავასი ითამაშებს.
სავარაუდო შემადგენლობა: ნავასი, მუნიე, სილვა, დიალო, კურშავა, ვერატი, გეიე, დი მარია, იკარდი, სარაბია, ჩუპო-მოტინგი
- "რეალი"
სავარაუდო შემადგენლობა: კურტუა, კარვახალი, ვარანი, ედერ მილიტაო, მენდი, კაზემირუ, ხამესი, კროოსი, ვასკესი, აზარი, ბენზემა
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ატლეტიკო" - "იუვენტუსი"
"ატლეტიკო" და "იუვენტუსი" სულ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ 4 შეხვედრიდან 2 "ატლეტიკომ" მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 1 კი - ტურინელთა გამარჯვებით. ამ ორი კლუბის შეხვედრისას სტუმრად მოთამაშეს არათუ არ გაუმარჯვია, არამედ გოლიც არასდროს გაუტანია.
აღსანიშნავი იყო ჩემპიონთა ლიგაზე შარშან გამართული 2-მატჩიანი დუელი, როცა ჯერ "ატლეტიკომ" მოიგო სახლში 2:0, ხოლო საპასუხო შეხვედრაში "იუვემ" მეტოქე კრიშტიანო რონალდოს ჰეთ-თრიკით 3:0 დაამარცხა.
- "ატლეტიკო"
მადრიდულ კლუბს შემადგენლობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა აქვს. დიდი ალბათობით, გუნდს ძირითადი მეკარე იან ობლაკი ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრავმა "სოსიედადთან" წაგებულ შეხვედრაში (0:2) მიიღო.
კითხვის ნიშნის ქვეშ არის ალვარო მორატასა და ტომას პარტეის თამაში, რომლებსაც მუხლის ტრავმები აქვთ. "ატლეტიკომ" საკმაოდ მძიმედ დაიწყო სეზონი. "ხეტაფესა" და "ლეგანესთან" მინიმალური სხვაობით გამარჯვების შემდეგ, სახლში "ეიბარს" ძლივს მოუგეს (3:2) და ბოლო ტურში კი "სოსიედადთან" დამარცხდნენ კიდეც.
სავარაუდო შემადგენლობა: ადანი, ტიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, ვიტოლო, კოკე, საული, ლემარი, ფელიში, კოშტა
- "იუვენტუსი"
"ატლეტიკოს" მსგავსად, საკადრო დანაკლისი აქვს ტურინულ კლუბსაც. "ფიორენტინასთან" ფრედ დამთავრებულ (0:0) შეხვედრაში ერთდროულად 3-მა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა - დუგლას კოშტამ, მირალემ პიანიჩმა და დანილომ.
სავარაუდოდ, მარჯვენა მცველად ხუან კუადრადო ითამაშებს. რაც შეეხება ნახევარდაცვას, მაურისიო სარის მოუწევს გადაწყვიტოს, პირველად ახალი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში, აარონ რემზი მოხვდება თუ ანდრე რაბიო.
სავარაუდო შემადგენლობა: შესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, ბერნარდესკი, რაბიო, ხედირა, მატუიდი, იგუაინი, რონალდო
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სხვა მატჩები
გარდა ამ ორი ცენტრალური შეხვედრისა, ქართველი გულშემატკივრისათვის საინტერესო თამაში გაიმართება კიევში, სადაც დონეცკის "შახტარი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, "შახტარის" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა იცავს. თუმცა ქართველ ფეხბუთელს ტრავმა აქვს და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ შარშანწინდელ სეზონში "შახტარმა" "სიტის" საკუთარ მოედანზე დამარცხება მოახერხა - 2:1.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მეორე ქართველის, საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" გასვლაზე "ლევერკუზენს" შეხვდება. მართალია, საბა გუნდთან ერთად არის გერმანიაში, თუმცა მისი ფორმიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება 2 "ნაადრევ" მატჩს, რომელიც 20:55 საათზე დაიწყება, პირველ შეხვედრაში "ბრიუგე" სახლში "გალათასარაის" მიიღებს, მეორე მატჩში კი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი "ტოტენჰემ ჰოთსპური" გასვლაზე პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.
გერმანული გრანდი მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს "ალიანს არენაზე" გახსნის და სერბულ "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მე-8 შეხვედრა კი ზაგრებში გაიმართება. "საბურთალოს" დამმარცხებელი ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ ბერგამოს "ატალანტას" მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.