ჩემპიონთა ლიგა. II ტური: სუარესის და სალაჰის დუბლები - "ბარსელონას" და "ლივერპულის" მძიმე გამარჯვებები [VIDEO]

AutoSharing Option
2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

E ჯგუფი
"ლივერპული" "ზალცბურგთან" 3:0 დაწინაურდა და თითქოს მეტოქეს საქმეც მოუთავა, მაგრამ ავსტრიულმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო და ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულს" 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ამ ტურნირზე საკუთარ მოედანზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული. თუმცა, მალე სალაჰმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

სალაჰმა "ლივერპულში" 77 გოლი გაიტანა. რაც 2017 წელს "წითლებში" გადავიდა, ტოპ-5 ლიგაში მასზე მეტი გოლი მხოლოდ მესიმ (ბარსელონა - 96) და ლევანდოვსკიმ
(ბაიერნი - 95) გაიტანეს.

"ლივერპულმა" უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 3 გოლი 2014 წლის 22 ოქტომბერს გაუშვა - "რეალთან" 0:3 წააგო.

ლივერპული. "ენფილდი". 52 243 მაყურებელი
ლივერპული - ზალცბურგი 4:3
გოლები: 1:0 მანე (9), 2:0 რობერტსონი (25), 3:0 სალაჰი (36), 3:1 ჰვანგი (39), 3:2 მინამინო (56), 3:3 ჰოლანდი (60), 4:3 სალაჰი (69)


გენკი. "ლუმინუს არენა". 19 962 მაყურებელი
გენკი - ნაპოლი 0:0

F ჯგუფი
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე 250-ე შეხვედრა ჩაატარა და მძიმე ბრძოლაში 2:1 იმარჯვა კიდეც. დებიუტში ანგარიში მარტინესმა გახსნა. ის "ნერაძურის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 1970 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" გოლი გაიტანა. მასპინძლებმა მაინც მოახერხეს სუარესის დუბლით გამარჯვების მოპოვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი თამაშით არ გამოირჩევა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და თავისი გუნდის ბომბარდირია.

მილანურმა გუნდმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 86 141 მაყურებელი
ბარსელონა - ინტერი 2:1
გოლები: 0:1 მარტინესი (2), 1:1 სუარესი (58), სუარესი (85)



პრაღა. "სინობო". 19 370 მაყურებელი
სლავია - დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 ჰაკიმი (35), ჰაკიმი (89)


G ჯგუფი
ლაიპციგი. "რედ ბული". 40 194 მაყურებელი
ლაიპციგი - ლიონი 0:2
გოლები: 0:1 დეპაი (11), 0:2 ტერე (65)

"ზენიტმა" მოულოდნელად ადვილად მოუგო სახლში "ბენფიკას" და 4 ქულით ჯგუფში გალიდერდა.

პეტერბურგი. "გაზპრომ არენა". 51 683 მაყურებელი
ზენიტი - ბენფიკა 3:1
გოლები: 1:0 ძიუბა (21), 2:0 დიასი (70), 3:0 აზმუნი (78), 3:1 დე ტომასი (85)

H ჯგუფი
"არისტოკრატები" აბრაჰამმა დააწინაურა, რომელმაც ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა, თუმცა სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში. 78-ე წუთზე კი ვილიანმა, რომელმაც "ჩელსიში" მე-300 მატჩი ჩაატარა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლილი. "პიერ მორუა". 48 523 მაყურებელი
ლილი - ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 აბრაჰამი (22), 1:1 ოსიმჰენი (33), 1:2 ვილიანი (78)

"აიაქსმა" გასვლაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ვალენსიასთან" და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამსტერდამულმა გუნდმა ესპანური გუნდები ბოლო ორ მატჩში საერთო ანგარიშით 7:1 დაამარცხა (მარტში "რეალს" 4:1 მოუგო), იქამდე კი 13-დან 11 მატჩი წააგო.

ვალენსია. "მესტალია". 44 659 მაყურებელი
ვალენსია - აიაქსი 0:3
გოლები: 0:1 ზიეში (8), 0:2 პრომესი (34), 0:3 ვან დე ბეკი (67)



მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ბარსა. ასე ბოლომდე გამარჯვებისკენ. მესი მაგარი ხარ.
ბაჩანა
09:46 03-10-2019
3

სიახლეები პოპულარული