"ლიონის" ნიდერლანდელი კაპიტანი მემფის დეპაი "ლაიპციგთან" ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ "ლომების" ულტრამემარჯვენე ფან-კლუბ "Bad Gones"-ის წარმომადგენელს თანაგუნდელის გამო დაუპირისპირდა.
მემფისმა დაინახა, რომ ერთ-ერთი ულტრასი მოედანზე იყო შესული და "ლიონის" მცველ მარსელოს წინააღმდეგ მიმართულ ბანერს აფრიალებდა. დეპაი, როგორც გუნდის ღირსეულ კაპიტანს შეეფერება, ფანისკენ გაიქცა და ბანერი "დააკეცინა". ამას ფეხბურთელსა და ფანს შორის კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც "ლიონის" სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთნენ.
რუდი გარსიამ მემფის დეპაი გუნდის კაპიტნად გასულ თვეში დაასახელა და მისი ლიდერული თვისებები შეაქო. ნიდერლანდელმაც საჭირო დროს არ დაიხია უკან და თავისი ფეხბურთელი დაიცვა. გაწევ-გამოწევა დაცვის სამსახურის საშუალებით განიმუხტა.
საფრანგეთის ყველაზე უხვწევრიანი "Bad Gones-ი" გამოკვეთილად ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფან-გაერთიანებაა და მარსელოს პროფესიონალიზმის დაწუნებასთან ერთად, რასობრივ ნიადაგზეც შეურაცხყოფენ.