ჩემპიონთა ლიგა. გვარდიოლა ზიდანის წინააღმდეგ - როცა მთავარი დუელი მინდორს მიღმაა

AutoSharing Option
დღეს, 26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილების ბოლო ორი მატჩი გაიმართება. თუ "ლიონისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაში ყურადღების მთავარი ობიექტი კრიშტიანო რონალდოა, მადრიდული შეხვედრის ვარსკვლავები ზინედინ ზიდანი და ხოსეპ გვარდიოლა არიან.

მადრიდის "რეალი" - "მანჩესტერ სიტი"


დღეს გასამართი შეხვედრა გუნდებს შორის მე-5 მატჩი იქნება. აქამდე გამართულ თამაშებში "რეალმა" 2-ჯერ იმარჯვა, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბოლოს "რეალმა" "სიტი" 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხა.


მადრიდის რეალი

ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მადრიდელებმა არადამაჯერებლად ჩაატარეს. სახლში დამარცხდნენ "რეალ სოსიედადთან", ვერ მოუგეს "სელტას" და
გასვლაზე "ლევანტესთანაც" წააგეს. რთულია კრიზისზე საუბარი, თუმცა ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს საუკეთესო ფორმაში არ ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 9 მატჩიდან "რეალმა" მხოლოდ 3 მოიგო (3 ფრე, 3 წაგება). წინა სეზონში სანტიაგო სოლარის მიერ გაწვრთნილი "რეალი" 1/8-ფინალში "აიაქსთან" დამარცხდა და ეს იყო 2009/10 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ვერ მიაღწიეს.

მადრიდის "რეალს" ინგლისურ კლუბებთან გამართული 12 ორმატჩიანი დუელიდან 8 აქვს მოგებული. ბოლო ასეთი დუელი 2016 წელს "სიტისთან" გამარჯვება იყო. ბოლოს კი, "რეალი" ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა, 2018 წელს "ლივერპული" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ზინედინ ზიდანი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად მისსა და გვარდიოლას დაპირისპირებასაც შეეხო:

"მიუხედავად რამდენიმე ცუდი შედეგისა, არ ნიშნავს, რომ ცუდ ფორმაში ვართ. ეს თამაში არის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და არა ზიდანი გვარდიოლას წინააღმდეგ. ეს საფეხბურთო დაპირისპირებაა. სწორედ ამის ნახვა სურს პუბლიკას.

ბედნიერები ვართ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობით და მზად ვართ კარგი შედეგების მისაღწევად. ორივე გუნდს უყვარს ბურთის დაჭერა. "სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია და მათ შესაბამისი იარაღით უნდა დავუპირისპირდეთ. თუმცა ჩვენი თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ, "რეალი" საკუთარ ინტერესებზე იქნება ფოკუსირებული".

სავარაუდო შემადგენლობა

კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი, მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ბენზემა


მანჩესტერ სიტი

მანჩესტერელებს პრემიერლიგაში ყველაფერი დაკარგული აქვთ. გვარდიოლას გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი პრესტიჟული ტურნირია, რომლის მოგების შანსები კიდევ აქვს. ამას ემატება უეფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "სიტი" ჩემპიონთა ლიგის მომავალ ორ ტურნირს გამოტოვებს და საერთო ჯამში, "ქალაქელების" ფეხბურთელებს უდიდესი მოტივაცია აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ სეზონში გასვლით შეხვედრაში "სიტი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ტურნირიდან გამოსავარდნად.

მიმდინარე გათამაშება "მანჩესტერ სიტისათვის" კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები მე-9 სეზონია და მხოლოდ 2-ჯერ ვერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა.

ინგლისელებს ესპანური კლუბების წინააღმდეგ პლეი-ოფში ჩატარებულ გასვლით შეხვედრებში არასდროს მოუგიათ. უკანასკნელი ოთხი 2-მატჩიანი დაპირისპირება ესპანურ კლუბებთან "ქალაქელებმა" წააგეს.

გვარდიოლა თამაშის წინ მაინცდამაინც ენაწყლიანი არ ყოფილა:

"ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ და გამართლება გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენმა გეგმამ იმუშაოს. ფეხბურთელებმა გასაოცარი ყურადღება უნდა გამოიჩინონ და თან, როგორც აღვნიშნე, მცირედი გამართლებაც არ გვაწყენს".

სავარაუდო შემადგენლობა

ედერსონი, უოქერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, ზინჩენკო, დე ბრუინი, როდრი, სილვა, ბერნარდო, აგუერო, სტერლინგი

"ლიონი" - "იუვენტუსი"

აღნიშნულ წყვილში ტურინული გრანდი აშკარა ფავორიტია და წესით, ფრანგებმა დიდი წინააღმდეგობის გაწევა ვერ უნდა მოახერხონ.

აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტი - "ლიონმა" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული უკანასკნელი 8 საშინაო შეხვედრიდან 7-ში ფრედ ითამაშა, ამათგან 4 მატჩში ანგარიშით 2:2.

კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს რეკორდი დაამყარა და ზედიზედ 11 მატჩში გამოიჩინა თავი. დღეს პორტუგალიელისაგან ყველა გოლს ელოდება.

სავარაუდო შემადგენლობა


"ლიონი"- ლოპეში, დენაიერი, მარსელო, მარკალი, დუბუა, გიმარაეში, ტუსო, ოარი, კორნე, ტოკო ეკამბი, დემბელე

"იუვენტუსი" - შესნი, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, რემზი, პიანიჩი, ბენტანკური, კუადრადო, რონალდო, დიბალა

ორივე მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიონი იუვენტუსი რომელ არხზე გავა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული