ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: გვარდიოლამ ზიდანს დუელი მოუგო, "ლიონმა" "იუვენტუსს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ორი პირველი მატჩი გაიმართა - "რეალი" "ეტიჰადზე" დამარცხებული მიემგზავრება, "ლიონი" კი "ალიანც სტადიუმზე" - გამარჯვებული.

"სიტიმ" მადრიდში ფორა მოიპოვა



"ლეგანესთან" პრიმერაზე დამარცხებულმა "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მომავალი ორი გათამაშებიდან მოკვეთილ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"ქალაქელთა" მენეჯერმა გვარდიოლამ სასტარტოში აგუერო და სტერლინგი არ დააყენა, რაც ტაქტიკური მოსაზრებით ახსნა და როგორც საბოლოოდ გამოჩნდა, მისმა გათვლამ გაამართლა.

პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შანსი გაბრიელ ჟეზუსმა ვერ
გამოიყენა, რომელსაც გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. შემდეგ ბენზემას თავური ედერსონმა მოიგერია, დამატებაზე კი ვინისიუსმა დაახანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჟეზუსის დარტყმული ბურთი სერხიო რამოსმა მოგერიებისას საკუთარი კარისკენ შეატრიალა, მაგრამ "ბლანკოსი" ვარანმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - ისკომ ვინისიუსის პასით. 78-ე წუთზე ჟეზუსმა მეორე სართულზე დუელი სერხიო რამოსს მოუგო და საპასუხო გოლი გაიტანა. ცოტა ხანში შეცვლაზე შესული სტერლინგი კარვახალმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი დე ბრუინმა ზუსტად შეასრულა.

86-ე წუთზე სერხიო რამოსმა ზედ საჯარიმოს წინ ბოლო იმედის ჯარიმით ჟეზუსი შეაჩერა და მსაჯმა გააძევა. მან ტურნირზე მეოთხედ მიიღო წითელი ბარათი და იბრაჰიმოვიჩთან და დავიდსთან ერთად ანტირეკორდსმენია. რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 124-ე მატჩი ჩაატარა (ყველა ძირითად შემდგენლობაში) და ბუფონის რეკორდი დაამხო.

გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "რეალს" მადრიდში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად სძლია და ამას გარდა, XXI საუკუნეში მისმა გუნდებმა "ბლანკოსი" 10-ჯერ დაამარცხეს, რაც რეკორდია. მისმა დამოძღვრილმა გუნდებმა პლეი-ოფის მატჩებში 28 გამარჯვება იზეიმეს - ესეც რეკორდია.

ისკომ ტურნირზე 2018 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი. მაშინ "რომას" ჯგუფურ ეტაპზე მოგებულ მატჩში (3:0) გაუტანა, ხოლო პლეი-ოფში უკანასკნელად 2017 წლის მაისში "ატლეტიკოს" კარი დალაშქრა.

ბენზემამ, რომელსაც კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელეს, ტურნირზე "რეალის" შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 52 გოლია.

პირველ ტაიმში დაშავდა "სიტის" მცველი ლაპორტი, რომელსაც ადრე მენისკის ტრავმის გამო 5 თვე გაუცდა.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 615 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 ისკო (60), 1:1 გაბრიელ ჟეზუსი (78), 1:2 დე ბრუინი (83, პენ)
გაძევება: სერხიო რამოსი (86)



"ლიონმა" ფავორიტთან მოულოდნელად იმარჯვა



ამ წყვილში აშკარა ფავორიტად "იუვე" მიიჩნეოდა, მაგრამ ფრანგულმა გუნდმა ყოჩაღად შეუტია. ჯერ ტოკო-ეკამბიმ ხარიხას გაარტყა ბურთი, ხოლო შემდეგ ტუსარმა შესნის კარი დალაშქრა. ტურინულ გუნდს პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.

მეორე ტაიმში რუდი გარსიას გუნდი უკვე ფრთხილად თამაშობდა, ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა, რასაც მიაღწია კიდეც.

პირველ ტაიმში თანაგუნდელ ალექს სანდროსთან შეჯახებისას თავიდან სისხლი წამოუვიდა "იუვეს" მცველ დე ლიხტს, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა.

რონალდომ წელს პირველად დატოვა მოედანი უგოლოდ - აქამდე 9 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

ლიონი. "გრუპამა". 57 335 მაყურებელი
ლიონი - იუვენტუსი 1:0
გოლი: ტუსარი (31)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბარსას და მესის ჩემპიონთა ლიგის მოგება ახსივთ საერთოდ,დღემდე გასაწმენდები დადიან ლივერპულთან ჩასვრის შემდეგ,რონალდოს ბევრჯერ აქვს ლიგა მოგებული და იქ დაფიქსირებული შედეგებს კეკლუცუნა მესი ვერასდროს მიაღწევს
barsa mesi
17:12 27-02-2020
4
პენალი არ დანიშნულა და რანაირად გაიტანდა გოლს პენო?
a.a.
13:12 27-02-2020
2

სიახლეები პოპულარული