უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის 8 აგვისტოს "კამპ ნოუზე" ჩატარდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო შესაძლებელი იყო შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, პორტუგალიაში ჩაეტარებინათ და ამასვე მოითხოვდა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.
"ჩვენ სიტუაციას ვაკვირდებით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტზე ვიმყოფებით. როგორც დაგეგმილი იყო, მატჩი ბარსელონაში გაიმართება", - წერს უეფა.
პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა. განმეორებით მატჩზე მაყურებლები არ დაიშვებიან და "ბარსელონამ", ფაქტობრივად, საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა, თუმცა
მისთვის "კამპ ნოუზე" თამაში მაინც სულ სხვაა და "ნაპოლი" ცდილობდა, შეხვედრა საერთოდ კატალონიის ფარგლებს გარეთ ჩატარებულიყო.
მოკლედ, როგორც ძველ, კეთილ დროში იტყოდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.