ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "იუვენტუსი" და უმწეო "რეალი" გავარდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური 2 საპასუხო, მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი ჩატარდა.

"რეალი" პირველ შეხვედრაში მადრიდში 1:2 დამარცხდა და ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. ამიტომ საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა მისი მწვრთნელი ზიდანი და რეალურად რისი შემძლე იყო მისი კრებული.

"ქალაქელებმა" თამაში მშვიდად დაიწყეს და დებიუტში სტერლინგმა კურტუას კარი დალაშქრა. ეს "სიტიში" მისი მე-100, ამ ტურნირზე კი მე-20 გოლი იყო. ამის შემდეგ მადრიდელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა და თვალსასეირო პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. აღსანიშნვია, რომ ქარიმმა ჩემპიონთა ლიგაზე 65-ე
გოლი გაიტანა და რონალდოს (130), მესის (114) და რაულის (71) შემდეგ მეოთხე ბომბარდირი გახდა.

მეორე ტაიმში გვარდიოლას გუნდმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო, ვარანის მორიგი შეცდომით ჟეზუსმა ისარგებლა და "სიტი" ისევ წინ გაიჭრა. მიუხედავად ურთულეს ვითარებაში ყოფნისა, "ბლანკოსი" უმწეოდ გამოიყურებოდა და სახეიროდ ვერ უტევდა. მოკლედ, რაც საკმარისი გახლდათ პრიმერას მოსაგებად, საკმარისი არ აღმოჩნდა მანკუნიანელთა დასამარცხებლად და ინგლისური კლუბი დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

"რეალმა" პლეი-ოფში ორივე შეხვედრა წააგო, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა. ამას გარდა, ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ტურნირს მერვედფინალიდან.

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - რეალი 2:1  (პირველი მატჩი 2:1)
გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 1:1 ბენზემა (28), 2:1 გაბრიელ ჟეზუსი (68)

"იუვენტუსს" საფრანგეთში 0:1 ჰქონდა წაგებული და ერთბურთიანი ფორის ამოქაჩვა მართებდა. თითქოს მისი სიტუაცია კატასტროფული არ იყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი გახლდათ, რომ მიუხედავად სკუდეტოს მოგებისა, ჩემპიონატის ფინიში მთლად დამაჯერებლად ვერ ჩაატარა. დებიუტში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გახსნეს (დეპაიმ ტურნირზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი) და "ბებერი სინიორას" სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა, შესვენების წინ თერთმეტმეტრიანი უკვე "ლიონის" კარში დაინიშნა, რომელიც რონალდომ გამოიყენა. კრიშტიანომ პლეი-ოფში ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგია. მოკლედ, პირველ ტაიმში მოედანზე ყველაზე აქტიური პერსონაჟი მსაჯი ცვაიერი იყო, რომელმაც 2 პენალტი მოიგონა.

შესვენების შემდეგ რონალდომ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში ტურინელებმა ვერ შეძლეს გადამწყვეტი გოლის გატანა და ტურნირს გამოეთიშნენ. ალბათ, დაგვეთანხმებით, როდესაც ასეთი დიდი გუნდი მხოლოდ 35 წლის თავდამსხმელის იმედადაა, ძნელია ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს.

რონალდომ ამ სეზონში 37 გოლი გაიტანა და 1925/1926 წლების სეზონში ჰირცერის დამყარებული 35-გოლიანი საკლუბო რეკორდი დაამხო. ის 1/4 ფინალში 10 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს - 2010 წელს მისი "რეალიც" "ლიონმა" დაამარცხა (0:1, 1:1).

"ლიონი" პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც "იუვეს" პლეი-ოფში სძლია.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ლიონი  2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: დეპაი (12, პენ), 1:1 რონალდო (43, პენ), 2:1 რონალდო (60)

15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლიონი" შეხვდებიან - მატჩი ლისაბონის "ჟოზე ალვალადეს" სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მართალია! იუვენტუსი მწვრთნელიანად დგას და ელოდება, როდის გაიბრწყინებს რონალდო და ჰეთ თრიკს შეასრულებს. უაღრესად დიდი ფეხბურთელი რომ არის, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ასეთი ვარსკვლავი დათვურ სამსახურს უწევს მთელ გუნდს აქაც დუბლი შეასრულა და მეტი რა ექნა? მესამე სხვას გაეტანა. ისე , სიმართლე ითქვას, კი გავიდოდა იუვე მსაჯს ორჯერ რაღაც ზმანება რომ არ დამართნოდა - პირველი შეცდომა მეორეთი გამოისყიდა. ჩემი აზრით, რომ არა პენალტი, ლიონი არ ჰგავდა გოლის გამტანს
: )))))))
02:16 08-08-2020
4
მესი და რონალდო რომ წავლენ მერე რა ეშველება მსოფლიო ფეხბურთს არ ვიცი საერთოდ. იქნებიან დაბალი დონის ფეხბურთელები, საშუალო დონის და მაღალი დონის. მარტო ერთი კაცის გამო რომ ეღირება თამაშის ყურება ეგ მომენტი ვფიქრობ დიდი ხანია მოგვენატრება
Haaland
09:46 08-08-2020
4

სიახლეები პოპულარული