ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბარსა" უპრობლემოდ გავიდა და "ბაიერნს" შეხვდება - მათ შორის გამარჯვებული ადრე ყოველთვის იგებდა ტურნირს

AutoSharing Option
8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ორი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა  და დიდებული მეოთხედფინალური წყვილიც გაირკვა.

"ნაპოლის" პრეზიდენტ დე ლაურენტისის მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრა კატალონიაში გაიმართა და თამაშის წინ "ბარსას" კაპიტანმა მესიმ თქვა, რომ თუ მისი გუნდი რაღაცას არ შეცვლიდა, წარმატებას ვერ მიაღწევდა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა გატუზომ ამ დაპირისპირებაში შესაძლო გამარჯვებას ევერესტზე ასვლა უწოდა.

დებიუტში მასპინძელთა დაცვამ შეცდომა დაუშვა და მერტენსმა ბურთი ძელს გაარტყა. აქედან მოყოლებული "ბარსამ" შეუტია, ჯერ ლანგლემ თავურით ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში წაქცეულმა მესიმ წამოდგომა და ურთულესი სიტუაციიდან ოსპინას კარის
დალაშქვრა მოახერხა. ერთი სიტყვით, შუა პირველ ტაიმში "ნაპოლი" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. 31-ე წუთზე ლეომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩაკირმა არ ჩათვალა, ვინაიდან არგენტინელს გოლამდე ბურთი ხელზე მოხვდა.

შემდეგ მესის მიერ კურიოზულად მოპოვებული თერთმეტმეტრიანი სუარესმა გამოიყენა, მერე კი პენალტი უკვე მერტენსმა მოინადირა, ინსინიემ ანგარიში 3:1 გახადა და თვალსასეირო პირველი ტაიმიც დასრულდა. სხვათა შორის, ინსინიე პირველი იტალიელია, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" და "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" გაუტანა.

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნა, თამაში აღარ გაამწვავა, სასურველ შედეგს პრაგმატულად მიაღწია და მეცამეტედ გავიდა მეოთხედფინალში.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - ნაპოლი  3:1 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 ლანგლე (10), 2:0 მესი (23), 3:0 სუარესი (45+1, პენ), 3:1 ინსინიე (45+5, პენ)

"ბაიერნს" მეტოქე ლონდონში 3:0 ჰყავდა დამარცხებული, საპასუხო შეხვედრა ფაქტიურად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამჯერადაც დამაჯერებლად სძლია.

დუბლის ავტორმა ლევანდოვსკიმ მიმდინარე გათამაშებაზე ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა გოლი - ის 13 გოლით ბომბარდირია.

მასპინძელთა 30 წლის თავდამსხმელმა მიულერმა ტურნირზე 112-ე მატჩი ჩაატარა და გერმანელ ფეხბურთელთა შორის ლამის რეკორდი გაიმეორა.

"ბაიერნმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-18 გამარჯვება იზეიმა, თანაც ყველა ტურნირზე მიჯრით მესამე შეხვედრაში 4-4 გოლი გაიტანა, ხოლო "ჩელსი" ზედიზედ მეოთხედ გავარდა მერვედფინალიდან.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ჩელსი  4:1 (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10, პენ), 2:0 პერიშიჩი (24), 2:1 აბრაჰამი (44), 3:1 ტოლისო (76), 4:1 ლევანდოვსკი (84)

ასე და ამგვარად, ჩინებული მეოთხედფინალი გველის - "ბარსელონა"-"ბაიერნი". აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში 2009, 2013 და 2015 წლებში შეხვდნენ და მათ შორის გამარჯვებულმა სამივეჯერ მოიგო ტურნირი.

ლისაბონში გასამართი ერთმატჩიანი მეოთხედფინალების განრიგი

12 აგვისტო
ატალანტა - პსჟ

13 აგვისტო
ლაიპციგი - ატლეტიკო

14 აგვისტო
ბარსელონა - ბაიერნი

15 აგვისტო
მანჩესტერ სიტი - ლიონი

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგია რო ბარსას არ განიხილავენ არათუ ლიგის ბაიერნთანაც კი ფავორიტად. ესეთი ბარსა გაცილებით საშიშია ჩემი აზრით
0
იუვენტუსის თამაშს რომ ვუყურე,მაშინ ასეთი რეაქცია თითქოს არ მქონია,თამაშის დროს ამდენი ვერ შევამჩნიე.,მაგრამ წუხელ მესიზე პენალტის მომენტსაც ვუყურე,შემდეგ იმ თამაშის ფრაგმენტებიც და გაუგებრობაში აღმოვჩნდი.იმ თამაშში ორი ისეთი პენალტი დაინიშნა,საერთოდ წესის დარღვევის სუნიც კი რომ არ ჰქონდა,მთლიანად მსაჯმა მოიგონა,ორივე პენალტი.ხოლო ბარსა ნაპოლის თამაშში,მესის კინაღამ ფეხი მოსწყვიტეს და მსაჯი,არაფრით აპირებდა პენალტის დანიშვნას.ბოლოს დიდი იძულებით დანიშნა და დამრღვევი,არც კი გააფრთხილა.მე კი მეგონა,გააძევებდა.ნაპოლის ასე სუსტ თამაშს არ ველოდი.ბარსაში კი,ისევ თვითონ ფეხბურთელებმა ივარგეს,თუმცა მგონი ეს,მათი ზღვარია.ბაიერნის თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ რამდენადაც მათი თამაში მახსოვს,ბარსას მაგათი გადალახვა არ შეუძლია. მესის და სუარესს რას გაუგებ,მაგრამ მაინც.
სოსო
19:35 09-08-2020
1

სიახლეები პოპულარული