ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დაჯაბნილი "ბარსა" და "ლაიპციგი" - "ლივერპული" და პსჟ ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც ამბობენ, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფებით იწყება და თან რა მატჩებით დაიწყო!

"ლაიპციგმა" "ლივერპულს", რომელიც პრემიერლიგაში უჩვეულოდ უხეიროდ ასპარეზობს, ბუდაპეშტში უმასპინძლა და როგორც გამოჩნდა, რაც უნდა ცუდ ფორმაში უნდა იყოს კლოპის გუნდი, ნაგელსმანის კრებულს მაინც სჯობს - 0:2.

უკვე დებიუტში ოლმოს შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მერე სალაჰმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რობერტსონმა ააცილა მიზანს, ფირმინომ კი გაიტანა, მაგრამ იქამდე მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პირისპირ გასულ ნკუნკუს ალისონმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი სალაჰმა ანგარიში გახსნა.
შემდეგ მანემაც დალაშქრა აღმოსავლეთგერმანელთა კარი. მორიგი შეტევისას მანვე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში "ლივერპული" თამაშის გამწვავებას მოერიდა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

"ბარსელონა" საკუთარ მოედანზე პსჟ-სთან დამარცხდა, რომელსაც ტრავმირებული თავდამსხმელი ნეიმარი აკლდა. აქ მარტო წაგებაში კი არა, თამაშის ხარისხშია საქმე, რამეთუ საკუთარ მოედანზე ასე დაჩაგრული "ბარსა" ძნელი გასახსენებელია - 1:4.

"ბარსას" სასტარტოში მწვრთნელმა კუმანმა მცველი პიკე დააყენა, რომელსაც ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

26-ე წუთზე დე იონგის მოპოვებული პენალტი მესიმ უნაკლოდ შეასრულა და "ბარსა" დააწინაურა, თუმცა მალე მბაპემ ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ტერ შტეგენმა კურზავას არ დაანება გოლის გატანა. ამას მაპინძელთა სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა, გრიზმანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მბაპემ და კინმა ვერ გამოიყენეს მომენტები. აშკარად გამოიკვეთა სტუმართა უპირატესობა, მბაპემ ორჯერ და კინმა დაამწუხრეს გერმანელი მეკარე და "პარი სენ ჟერმენმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
ლაიპციგი - ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 სალაჰი (53), 0:2 მანე (58)

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - პსჟ 1:4
გოლები: 1:0 მესი (26, პენ), 1:1 მბაპე (32), 1:2 მბაპე (65), 1:3 კინი (70), 1:4 მბაპე (85)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბარსელონა თამაშობს ამერიკული ფეხბურთის ფილოსოფიით როცა მთელი გუნდი თამაშობს ერთი კაცისთვის...აქამდე რომ მესი წასულიყო სხვა გუნდში ბარსასაც ეშველებოდა და მასაც!
გიო
16:41 17-02-2021
7
მესის ჰეიტერები ძალიან მამხიარულებენ - ეს საზიზღარი მესი, რატომ დაცვაში არ დადგა ან მეკარედ და ბურთები რატომ არ მოიგერიაო, არა? ა, გავიგე, გაეტანა მეტიო, კი განსაკუთრებით იმ პირობებში, ნახევარდაცვა რომ გადაბმულად სამ ზუსტ პასს ვერ აკეთებდა, და სულ უბურთოდ იყო კუმანის სულელური ტაქტიკის წყალობით.საერთოდ კი ბარსელონას დაცვა არ ყავს. ვისაც არ ეზარება, ალავესების და კადისების ჩათვლით ყველა უპრობლემოდ უტანს. ხოდა მბაპემ თუ სამი გაუტანა რა გასაკვირია, მეტი რატომ ვერ გაიტანა ეგაა გასაკვირი, ხელს უშლიდა ვინმე თუ რა? ხოდა ეს ასე გაგრძელდება სანამ ვალვერდეებს, სეტიენებს, კუმანებს და სხვა ამ დონის მწვრთნელებს ეყოლებათ ბარსა ხელში ჩაგდებული და დესტის, ბრაითვეითის, ლენგლეს და პატარა ბავშვების იმედზე იქნებიან. მესი კი უნდა წავიდეს მაგ გუნდიდან, რამდენი წელია მიათრევს გუნდს, რომელიც მის გარეშე ლა ლიგის ცხრილის მეორე ნახევრის გუნდია რეალურად და არაფერი ესაქმება არათუ ჩემპიონთა ლიგაზე არამედ ევროლიგაზეც. ადრეც უნდა წასულიყო, თავის თავს დააბრალოს.
არტ
14:25 17-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული