ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კაცნაკლული "პორტუს" გმირობა ტურინში - ჰოლანის დუბლით "დორტმუნდიც" გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა და პირველი ორი მეოთხედფინალისტიც გაირკვა.

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა "პორტუმ" ტურინში მიზანს მიაღწია

პირველ შეხვედრაში დამარცხებულ „იუვეს“ (1:2) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მოედანზე სასურველი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ „პორტუმ“ უფრო სახიფათოდ შეუტია და ოლივეირამ პენალტით ანგარიში გახსნა. პორტუგალიური გუნდი მეტსაც გაიტანდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შჩენსნი.

შესვენების შემდეგ ტურინელები გარდაისახნენ, მწვავედ შეუტიეს, კიეზამ დუბლი შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. თან მსაჯმა ტარემი გააძევა და სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 90-ე
წუთზე მორატას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კუადრადომ ბურთი ხარიხას გაარტყა და დამატებითი დრო დაინიშნა.

115-ე წუთზე ოლივეირამ საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, 117-ეზე რაბიომ "იუვე" წინ გაიყვანა, საბოლოოდ 3:2 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე "პორტუ" გავიდა.

რონალდომ პლეი-ოფში 2005 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა, "იუვე" კი მასთან ერთად მიჯრით მეორე სეზონია ვერ გადის მეოთხედფინალში.

"დორტმუნდი“ „სევილიასთან“ ფრეს დასჯერდა და ¼-ფინალშია

ესპანეთში გამარჯვების (3:2) შემდეგ გერმანული გუნდი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში იმყოფებოდა, გამწვავებას მოერიდა, ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, რომელიც სახიფათო მომენტს ვერ ქმნიდა, 35-ე წუთზე კი ჰოლანმა ანდალუსიელთა კარი დალაშქრა.

„დორტმუნდმა“ ზედიზედ 34-ე მატჩში გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა - ბოლოს უგოლოდ მოედანი 26 სექტემბერს ბუნდესლიგაზე „აუგსბურგთან“ დატოვა (0:2).

შესვენების შემდეგ ჰოლანმა კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ იქამდე წააქციეს. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა და ნორვეგიელის დარტყმული ბუნუმ მოიგერია. თუმცა თურქმა არბიტრმა ხელახლა შეასრულებინა დარტყმა და 2:0. 68-ე წუთზე ჯანმა დე იონგი წააქცია და ჩაქირმა ამჯერად თერთმეტმეტრიანი ჰიტცის კარში დანიშნა, რომელიც ელ-ნესირიმ გამოიყენა. მანვე კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა (ტურნირზე დუბლის შემსრულებელი პირველი მაროკოელია) და - 2:2. „დორტმუნდმა“ უკანასკნელ ოთხ წელიწადში პირველად უწია მეოთხედფინალს.

20 წლის ჰოლანმა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 10 გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე 14 შეხვედრაში 20 გოლია. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - პორტუ 3:2 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 0:1 ოლივეირა (19, პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)
გაძევება: ტარემი (54)

დორტმუნდი. "სიგნალ-იდუნა-პარკი"
დორტმუნდი - სევილია 2:2
გოლები: 1:0 ჰოლანი, 2:0 ჰოლანი (54, პენ), 2:1 ელ-ნესირი (68, პენ), 2:2 ელ-ნესირი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეეჰ, პირლო კი იყო მაესტრო მოედანზე, მაგრამ მწვრთელობა ჯერჯერობით ... ვნახოთ შეიძლება ამ საქმეშიც გვიან გაიხსნას როგორც ფეხბურთელობისას. ასე მხოლოდ ჩაწოდებებზე აგებული თამაში ბოლო წლებია არ მახსენდება, 2 თავდამსხმელი ყავდა მოედანზე და ორივე უბურთოდ დატოვებული.
???
10 მარტი 2021 10:12
2
იუვეს პრეზიდენტმა რონალდუს ყიდვის შემდეგ განაცხადა, ეს არის ადამიანი ვინც ლიგას მოგვაგებინებსო. მასაც ეგონა ალბათ რომ მარტო კრისტინა იგებდა ლიგას-- კროოსი, მოდრიჩი და სხვებიც უნდა ეყიდა და ფილთაქვამ პიანიჩიც გაუშვა გუნდიდან.
რაულ გონსალეს ბლსნკო
10 მარტი 2021 09:48
5
სადა ყავს ტურინში რამოსები და მარსელოები აბა ვინ მოაგებინებს
dzidza
10 მარტი 2021 06:44
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული