ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი დარჩენილი განმეორებითი მატჩი გაიმართა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.
"შერიფმა" ტირასპოლში ზაგრების "დინამოს" 3:0 დამარცხების შემდეგ, ხორვატიაში უგოლო ფრეს მიაღწია და მიზანს უწია. ეს პირველი მოლდოვური გუნდია, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დნესტრისპირული კლუბი "საბურთალომ" გამოაგდო - სტუმრად 3:0 მოუგო, საკუთარ მოედანზე კი 1:3 წააგო.
"ზალცბურგმა" ისევ სძლია "ბრონდბიუს", ისევ 2:1, ამჯერად გასვლაზე და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
"შახტარს" "მონაკო" სტუმრად 1:0 ჰყავდა დამარცხებული და უკვე
აშკარა
ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ხარკოვში სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, 74-ე წუთზე მარლოსმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა და ძირითადი დრო 1:2 დასრულდა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. 114-ე წუთზე მონეგასკების მცველმა აგილარმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 2:2 და დონბასელები ისევ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირზე მეორე უკრაინული გუნდი, კიევის "დინამოც" ითამაშებს.
ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 26 აგვისტოს, სტამბოლში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
აი, სომხური რომ გადის ან ევროპა, ან კონფერენც ლიგაზე, ეს კიდევ სულ სხვა საკითხია. თან იმის ფონზე, რომ ნაკრებიც (ყოველ შემთხვევაში აქამდე) მაგარ შედეგს დებს. ეეეჰ...