[PREVIEW] ყატარული მილიარდები საემიროების წინააღმდეგ - შეიხების ჯახი საფეხბურთო მოლოდინებით

AutoSharing Option
დღეს, 28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის 8 შეხვედრა გაიმართება.

"პარი სენ ჟერმენი" - "მანჩესტერ სიტი"

ტურის ცენტრალური შეხვედრა A ჯგუფში პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართება.

შეგახსენებთ, ფრანგულმა კლუბმა პირველ ტურში ბელგიაში, "ბრიუგესთან" მატჩი 1:1 დაასრულა. თავის მხრივ, "ქალაქელებმა" უხვგოლიან დაპირისპირებაში "ლაიპციგი" 6:3 დაამარცხა.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 3 კი ინგლისელებმა მოიგეს. ბურთების შეფარდება 3/7-თან გახლავთ.

"პარი სენ ჟერმენს" დღევანდელ შეხვედრაში ანხელ დი მარია გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ლიონელ მესისა
და მარკო ვერატის თამაში.

მანჩესტერელების რიგებიდან კი ილქაი გიუნდოგანისა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს თამაში საეჭვოა.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ლაიპციგი" - "ბრიუგე"

A ჯგუფში "ლაიპციგი" საკუთარ კედლებში "ბრიუგეს" მასპინძლობს.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

გერმანულ კლუბს ანხელინიო, მარსელ ჰალშტენბერგი, დანი ოლმო და მარსელო სარაჩი გამოაკლდებათ. თავის მხრივ, ბელგიელებს რუუდ ვორმერი არ ეყოლებათ.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"პორტუ" - "ლივერპული"

B ჯგუფში "პორტუ" საკუთარ კედლებში "ლივერპულს" უმასპინძლებს.

პორტუგალიელები 1-ელ ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუზავდნენ (0:0). თავის მხრივ, მერსისაიდელებმა "მილანი" 3:2 დაამარცხეს.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 6-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 4 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. გოლების შეფარდება 3/16-თან გახლავთ.

"პორტუს" დღევანდელ შეხვედრაში კანსელ მბემბა გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა პეპესა და აგუსტინ მარჩესინის თამაში. "ლივერპულს" ნაბი კეიტა, ჰარვი ელიოტი და ტიაგო ალკანტარა არ ეყოლება.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"მილანი" - მადრიდის "ატლეტიკო"

B ჯგუფში "მილანი" საკუთარ კედლებში მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს.

ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ორივე გამარჯვება ესპანურმა გრანდმა მოიპოვა. გოლების შეფარდება 1/5-თან გახლავთ.

"როსონერის" დღევანდელ შეხვედრაში ტიმო ბაკაიოკო, ალესანდრო ფლორენცი და რად კრუნიჩი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სიმონ კიაერის თამაშიც.

"როხიბლანკოს" ტომას ლემარი და სტეფან სავიჩი არ ეყოლება.

მატჩი თბილისის დროით 23:00 დაიწყება.

"აიაქსი" - "ბეშიქთაში"

C ჯგუფში "აიაქსი" "ბეშიქთაშს" მასპინძლობს.

1-ელ ტურში ამსტერდამელებმა "სპორტინგი" გასვლაზე 5:1 დაამარცხეს. თავის მხრივ, თურქები "დორტმუნდთან" 1:2 დამარცხდნენ.

ეს გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორივე შეხვედრა ნიდერლანდურმა გიგანტმა მოიგო. ბურთების შეფარდება 4/1-თან გახლავთ.

დღევანდელ შეხვედრაში "აიაქსს" მაარტენ სტეკელენბურგი და სინ კლაიბერი გამოაკლდება. "ბეშიქთაში" ამსტერდამში დიდი დანაკლისით ჩადის, მათ ერთდროულად ალექს ტეიშეირა, დომაგოი ვიდა, ჩენგის უმუთი, ჯორჯ-კევინ ნკადუ და მეჰმეთ ტოპალი არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ველინგტონის, კაილ ლარინის, რაჩიდ გეზალისა და მირალემ პიანიჩის თამაშიც.

შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

"დორტმუნდი" - "სპორტინგი"

C ჯგუფში "დორტმუნდი" "სპორტინგს" მასპინძლობს.

ეს გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა გერმანულმა გრანდმა მოიგო. ბურთების შეფარდება 3/1-თან გახლავთ.

დღევანდელ შეხვედრაში ბორუსიელებს ემრე ჩანი, ჯოვანი რეინა და მატე მორი გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა აქსელ ზაგადუს, მარკო როისის, ერლინ ჰოლანისა და იულიან ბრანდტის თამაშიც. რაც შეეხებათ პორტუგალიელებს, შესაძლოა მოედანზე პედრო გონსალვესი და გონსალო ინაჩიო ვერ ვიხილოთ.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"შახტარი" - "ინტერი"

D ჯგუფში დონეცკის "შახტარი" "ინტერს" მასპინძლობს.

1-ელ ტურში უკრაინელები სენსაციურად "შერიფთან" 0:2 დამარცხდნენ. თავის მხრივ, "ნერაძურიმ" "რეალთან" 89-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო.

ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 1 შეხვედრა მილანელებმა მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა. გოლების შეფარდება 1/3-თან გახლავთ.

დღევანდელ შეხვედრაში დონეცკელებს ფერნანდო და ჯუნიორ მორაესი არ ეყოლებათ. "ინტერს" არტურო ვიდალი, ხოაკიმ კორეა და სტეფანო სენსი გამოაკლდება.

მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

მადრიდის "რეალი" - "შერიფი"

D ჯგუფში მადრიდის "რეალი" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს.

მოგეხსენებათ, სტუმარი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 შეხვედრას მართავს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

"ბლანკოსს" დღევანდელ შეხვედრაში დანი კარვახალი, ფერლან მენდი, დანი სებალოსი და გარეთ ბეილი არ ეყოლება. საეჭვოა ტონი კროოსისა და მარსელოს თამაშიც.

თავის მხრივ, "შერიფს" ალექსანდრ ბელუსოვი გამოაკლდება.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთში ვისაც მეტი ფული აქვს ის იგებს ეხლა შეამჩნიეთ რამე? რეალში და ბარსელონაში რომ მიდიოდნენ დიდი ფეხბურთელები რატო არ დებდნენ იმფოს რატო მიდიანო? იმიტო რომ ყველაზე მეტი რესურსი ქონდათ. ეხლა ფრანგებს და ინგლისელებს აქვტ რესურსი. იმიტო იგებენ.
იკა
13:40 28-09-2021
1

სიახლეები პოპულარული