უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ყველაზე ძვირად ღირებული შეხვედრა ისტორიაში - ფაქტები პსჟ-"სიტის" დაპირისპირებამდე

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს, ამ გუნდების ფინანსური შესაძლებლობიდან და სატრანსფერო პოლიტიკიდან კი უნდა ითქვას, რომ გრანდების დაპირისპირება ყველაზე ძვირად ღირებული შეხვედრა იქნება.

თუ Transfermarkt-ს დავუჯერებთ, "ქალაქელების" შემადგენლობის საერთო ღირებულება 1 მილიარდ ევროს აღემატება, პარიზელების კი - 997.25-ს. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ორივე გუნდის შემადგენლობას გავაერთიანებთ, საფასური 2 მილიარდ ევროს მიუკაკუნებს, რის მიხედვითაც, ეს შეხვედრა ყველაზე ძვირად ღირებულად ჩაითვლება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ვარსკვლავები

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორივე გუნდმა ვარსკვლავები
იმ იმედით გაიფორმა, რომ ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის თასს აღმართავენ.

ინგლისურმა გიგანტმა ყველაზე მეტი 25 წლის ჯეკ გრილიშში გადაიხადა. მოგეხსენებათ, "ასტონ ვილა" ლიდერს 117.5 მილიონ ევროდ შეელია, შემტევმა კი "ქალაქელებთან" ხელი 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

თავის მხრივ, პსჟ-მა სხვა პოლიტიკა აწარმოა. ფრანგებმა ყველაზე მეტი აჩრაფ ჰაკიმის (70) სანაცვლოდ გადაიხადეს, თუმცა უფასოდ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები დაიმატეს - სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვეინალდუმი და რაც მთავარია, 6-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი.

340 მილიონი ევროს ღირებულების შეტევა

იმავე Transfermarkt-ზე დაყრდნობით, პარიზელების შემტევი ტრიოს სატრანსფერო ღირებულება 340 მილიონ ევროს შეადგენს - კილიან მბაპე (160), ნეიმარი (100) და ლიონელ მესი (80).

თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტის" შემტევი ტრიო 270 მილიონი ევრო ღირს - კევინ დე ბრუინი (100), რაჰიმ სტერლინგი (90) და ფილ ფოდენი (80).

მესის ფაქტორი

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა "ალბისელესტეს" კაპიტანი ამ კონკრეტულ შეხვედრაში.

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ არ იციან, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მესი იქნება თუ არა მზად.

მოგეხსენებათ, არგენტინელს მეტოქე გუნდის თავკაცთან, პეპ გვარდიოლასთან, ათასობით ბედნიერი მოგონება აკავშირებს. შეგახსენებთ, ესპანელი სპეციალისტი "ბარსელონაში" 2008/12 წლებში მოღვაწეობდა, ამ პერიოდში კი "ბლაუგრანას" ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ედგა. აღსანიშნავია, რომ ლეო პეპს რამდენჯერმე დაუპირისპირდა ("ბაიერნთან" და "სიტისთან"), უმეტესწილად კი თვითონ გამოდგა გამარჯვებული.

მსოფლიოს ყურადღება პარიზისკენაა მიპყრობილი. ითამაშებს თუ არა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამას შეხვედრის დაწყებამდე გავიგებთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით