ჩემპიონთა ლიგის საკვლიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამომ" "ფენერბახჩეს" ბარიერი გადალახა (0:0, 2:1). სტამბულში საპასუხო მატჩისას თურქული კლუბის ფანები უკრაინელ ფეხბურთელთა გასაღიზიანებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელს სკანდირებდნენ.
"ფენერბახჩეს" პრეზიდენტმა ალი კოჩმა განაცხადა, რომ კლუბი გულშემატკივართა გამო ბოდიშს არ მოიხდის.
უეფამ კი "ფენერი" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და ევროთასების შემდეგი შეხვედრისას კლუბის სტადიონზე მაყურებელთა დასწრება შეზღუდული იქნება. თუ ორი წლის განმავლობაში რამე მსგავსი განმეორდება, კლუბი უფრო მკაცრად დაისჯება.