კვარაცხელიას შესრულებით ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ბევრი რამ ვნახეთ - ბრწყინვალე დრიბლინგები "ლივერპულთან" და ჯოვანი სიმეონესთვის შესრულებული ასეთივე საგოლე პასი, "რეინჯერსთან"
ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ისე ომახიანად დაიწყო, ოთხეულიდან პლეი-ოფში გასვლის საკითხის მოგვარება დღესვე (გამარჯვებით) შეუძლია, თუმცა, ამავდროულად, ნეაპოლელთა დამრიგებელს გარკვეული პრაგმატიზმის უფლებაც აქვს. არ ვამბობთ, რომ ჩვენებურის გუნდი ფრეზე თავიდანვე თანახმა იქნება, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ეს მიუღებელი შედეგი არ შეიძლება იყოს. რაც უნდა როტაციაზე იწერებოდეს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კვარას" არ უნდა შეეხოს - ის ახლა მართლაც მშვენიერ ფორმაში და მოტივირებულია.
ბოლო პერიოდში "აიაქსი" შიდა არენაზე ვერ ბრწყინავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნორმალურად (2 შეხვედრაში ერთი გამარჯვება) გამოიყურება. "ნაპოლის" ამბავი მოგეხსენებათ - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია.
მართალია, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მუდამ მოწინააღმდეგის რამდენიმე მოთამაშე ტრიალებს, თუმცა ყოველთვის საინტერესოა, ქართველ გარემარბს ვისთან ექნება უშუალო დაპირისპირება. "აიაქსის" მარჯვენა მცველი 19 წლის ნიდერლანდელი, დევაინ რენშია, რომელიც კლუბის საყოველთაოდ ცნობილი აკადემიიდან მიმდინარე სეზონის წინ დააწინაურეს. დევიანი უკვე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, ერედივიზიონში კი 2 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. ახალგაზრდა ფლანგელისთვის ხვიჩასთან დაპირისპირება ძალიან დიდი გამოცდა იქნება. ამსტერდამელებს ამ პოზიციაზე 24 წლის მექსიკელი, იორგ სანჩესიც ჰყავთ, რომელმაც "ლივერპულის" წინააღმდეგ უკვე იასპარეზა.
"აიაქსის" დაცვაში ახალგაზრდა (21 წლის), თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი იურიენ ტიმბერიც გამოდის და ვეტერანი, უკვე 32 წლის, ყოფილი "მანჩესტერელი", დენი ბლინდი. აქვეა "ლესტერისა" და "რეინჯერსის" ყოფილი წევრი, 22 წლის კალვინ ბასიც. ვნახოთ, "აიაქსის" თავკაც ალფრედ შროდერს დაცვაში რა გეგმები ექნება.
შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ, "ნაპოლის" 6 ქულა და მშვენიერი ბურთების ბალანსი (7:1) აქვს.
სპალეტიმ "აიაქსთან" სასტარტოს როტაცია დააანონსა - ეს კვარაცხელიას შეეხება?
რა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...