გამოუყენებელი პენალტი, გაძევება და ხოჭოლავას კარგი მატჩი "სიტისთან"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში G ჯგუფში "კოპენჰაგენი" სახლში "მანჩესტერ სიტის" დაუზავდა - 0:0.

გასულ ტურში „კოპენჰაგენი“ „ქალაქელებთან“ 0:5 განადგურდა და დღეს დანიური გუნდის ახალმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა თქვა, რომ მეტოქის თამაში გააანალიზეს, ბურთის ფლობას თუ 4-5%-ით შეუმცირებდნენ, ეს კარგ სამსახურს გაუწევდათ და საკუთარ მოედანზე უშანსოდ არ იყვნენ. სტუმართა გუნდის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მრისხანე ბომბარდირი ერლინ ჰოლანი ამ სეზონში პირველად არ დააყენა სასტარტოში.

დავით ხოჭოლავა კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და კარგად გაისარჯა: მოწინააღმდეგის შემტევებს არაფერი დაუთმო და ბურთის ატანას და შეტევის
დაწყებასაც ახერხებდა. 23-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე აკანჯისთან ბრძოლაში ბურთი ხელზე მასპინძელთა მცველ ბოილესენს მოხვდა, მარეზის დარტყმული პენალტი კი გრაბარმა მოიგერია. შემდეგ ჰარალდსონის წაქცევისთვის მსაჯმა „სიტის“ მცველი სერხიო გომესი გააძევა და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. „კოპენჰაგენი“ უპირატესობას დაეუფლა, შესანიშნავი შანსი იოუჰანესონმა ვერ გამოიყენა, ხოჭოლავა მე-80 წუთზე შეცვალეს, კანსელუს გატანა გრაბარმა არ დაანება და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„კოპენჰაგენი“ 2 ქულით მესამე ადგილზეა და 25 ოქტომბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

დღეს ამავე ჯგუფში „დორტმუნდისა“ და „სევილიას“ შეხვედრა გაიმართება.

კოპენჰაგენი. "პარკენი"
კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: მარეზი (25)
გაძევება: სერხიო გომესი (30)

მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ დათი
bejo
10:32 12-10-2022
0
წარმატებები დათი
Daviti
19:06 12-10-2022
0

სიახლეები პოპულარული