ექსკლუზიური კადრები და პრესკონფერენცია სტამბოლიდან! რა ხდება ჩემპიონთა ლიგის წინ თურქეთის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში?

AutoSharing Option
რამდენიმე საათში (23:00 ჩვენი დროით) სტამბოლი წლის მთავარ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს - ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე "მანჩესტერ სიტი" მილანის "ინტერის" დამარცხებას და ფავორიტის სტატუსის გამართლებას შეეცდება. თურქეთის მთავარი ქალაქი და სტადიონი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება - საორგანიზაციო საკითხებიც და უსაფრთხოების ზომებიც უმაღლეს დონეზეა და იმედია, ბოლომდე ასე იქნება.

ბოლო, ვარჯიში ფინალისტებმა გუშინ გამართეს. შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი ჩინებულ კონდიციაშია. შედარებით მეტი თავსატეხი აქვს სიმონე ინძაგის (აქ, მხოლოდ ჰოლანი და კომპანიის შეჩერებას არ ვგულისხმობ!) - რამდენიმეკვირიანი იძულებითი "დასვენების" შემდეგ,
ახლახანს განაახლა ვარჯიში მხითარიანმა და ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. იგივეს თქმა შეიძლება კორეას შესახებაც.

Sportall.Ge

სტამბოლის ფინალზე მედიის რამდენიმე ასეული წარმომადგენელია აკრედიტებული. იმდენი, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყველა მათგანი არც კი შეუშვეს. მე გამიმართლა - პრესკონფერენციებსაც დავესწარი და მილანელთა თავკაცი სიმონე ინძაგიც "გამოვიჭირე": სანამ ჟურნალისტების შეკითხვებს მისი შეგირდები - ლაუტარო მარტინესი, მატეო დარმიანი და ჰაქან ჩალხანოღლუ პასუხობდნენ, ინძაგი საპრესკოფერენციო დარბაზის კართან იდგა. უფრო სწორად - ადგილს ვერ პოულობდა და მოუთმენლად ელოდა თავის რიგს... იტალიელ მწვრთნელს რამდენიმე ფოტო სწორედ ამ დროს გადავუღე. და რადგან მთელი დარბაზის ყურადღება მილანური სამეულისკენ იყო მიმართული, თამამად შემიძლია ვთქვა - კართან მომლოდინე ინძაგის ფოტო მხოლოდ მე მაქვს!

კარისგან განსხვავებით, სიმონე საკმაოდ მშვიდი ჩანდა პრესკონფერენციის დროს:

..."ამჟამად, "მანჩესტერ სიტი" მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ, ვიცით ჩვენი ძალა და ვამაყობთ, რომ აქამდე მივედით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩში უშეცდომოდ ვითამაშოთ. შეცდომების უფლება არ გვაქვს! თუ უძლიერესი მეტოქის დამარცხება გვინდა, მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს.

- ევროპის გარშემო ამ "მოგზაურობამ" გუნდი კიდევ უფრო გააერთიანა? ადამიანური ურთიერთობები კიდევ ურო მეტად გაღრმავდა და ეს თამაშზეც აისახება?
- ჩვენთვის ეს 57-ე მატჩი იქნება, რაც ძალიან გრძელი გზაა და სწორედ აქამდე გამართულმა ორმოცდათექვსმეტმა თამაშმა მოგვცა შესაძლებლობა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მოვსულიყავით. უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ აქამდე მოსასვლელად, გვქონდა რთული მომენტებიც და მათ ბევრი რამ გვასწავლეს, მოთამაშეების ურთიერთგაგებაც გაიზარდა... ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფინალში გასვლის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატსა და თასის ფინალში ვითამაშეთ და ცოტა დრო გვქონდა იმაზე ფიქრისთვის, რას ნიშნავს ჩვენთვის სეზონის მთავარ მატჩში მონაწილეობა. ახლა, მხოლოდ ფინალზე ვფიქრობთ და მოედნის ყოველი სანტიმეტრისთვის ვიბრძოლებთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან.

- მომავალ მატჩში მთავარი ნახევარდაცვა იქნება?
- ნახევარდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მე ასე ვიტყვი: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფეხები, თავი და გული: ფეხები საჭირო იქნება კიდევ უფრო მეტი სირბილისთვის, თავი იმისთვის, რომ აზროვნება და კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში არ დაიკარგოს, გული კი დაგეხმარებათ იპოვნოთ ენერგია, რომლის არსებობის შესახებ არც კი იცოდით!

- იქცევა "სიტისთან" მატჩი ისტორიულ შეხვედრად?
- დიახ, ეს არის მშვენიერი შესაძლებლობა, შევქმნათ ჩვენი კლუბის ახალი ისტორია. ვიმეორებ - ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ერთად შევეცდებით გამარჯვებას. "ერთად" კი არის ჯადოსნური სიტყვა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ფინალიდან რაღაც განსაკუთრებული წამოვიღოთ. მატჩის მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობაც მატულობს. მაგრამ ჯერ-ჯერობით, მშვიდად ვართ. ვიცით, რამდენს ნიშნავს ეს შეხვედრა კლუბისთვის, მოთამაშეებისთვის, გულშემატკივრისთვის, რომლებსაც არასდროს მივუტოვებიათ და დღესაც ჩვენთან არიან. ვალდებული ვართ, მათთვის დამატებით დავიხარჯოთ...

- თქვით, რომ მშვიდად ხართ. გუნდში როგორი ატმოსფეროა?
- მაქვს ბედნიერება, ვწვრთნიდე ნამდვილი კაცების გუნდს, რომლებსაც არავისში გავცვლი! 20 თვის განმავლობაში, სწორედ ეს გუნდი გვანიჭებდა სიამოვნებას და სიხარულს, რაც ქომაგსაც ვაჩუქეთ. ბიჭებიც მშვიდად არიან და ვარჯიშობენ. თუმცა ჯერ კიდევ საეჭვოა მხითარიანის და კორეას თამაში - თითქოს, ჯანმრთელად არიან, ივარჯიშეს კიდეც, მხითარიანმა გუშინ პირველად ივარჯიშა სრული დატვირთვით და უშუალოდ მატჩის წინ გადავწყვეტ, ვათამაშებ თუ არა პირველივე წუთებიდან. გამიმართლა, რომ ვმუშაობ ფეხბურთელებთან, რომლებსაც აქვთ მსგავსი მატჩების გამოცდილება. გვყავს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი ფინალი უთამაშიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კლუბის პრეზიდენტს, მისმა თანადგომამ და სატელეფონო ზარებმა დამატებითი ენერგიით აგვავსო.

Sportall.Ge

- რას მოიმოქმედებენ "ინტერის" მცველები ჰოლანის შესაჩერებლად?
- ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიტის დაცვა ძალიან საიმედოა და ცოტა გოლს უშვებენ. თუმცა, ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც ფინალისტის არის საჭირო.

- ორი იტალიური კლუბი უკვე დამარცხდა წლევანდელ ფინალში. ინტერმა იტალიური ფეხბურთისთვის რამე განსხვავებული უნდა აჩვენოს?
- ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი მატჩი იქნება მთელი იტალიური ფეხბურთისთვის. ძალიან ვწუხვარ "რომას" და "ფიორენტინას" გამო, რომლებმაც ძალიან კარგი თამაშები ჩაატარეს. ახლა ჩვენი ჯერია, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ჩვენი მატჩი, წლევანდელი სეზონი დიდი წარმატება იყო იტალიური ფეხბურთისთვის".

პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი):

..."ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მშვიდად ვერ იქნები. ვგრძნობ, რომ ვღელავ და რაც უფრო ცოტა დრო დარჩება მატჩამდე, ეს მღელვარება კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ საბოლოოდ, ეს მაინც საფეხბურთო მატჩია... გულშემატკივრების მოსაზრებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ისე კი, არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. დიახ, "ინტერი" ისტორიით ჩვენზე დიდი გუნდია, მაგრამ ახლა, არც ამას აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რა მოხდება მოედანზე. მთავარია, რომელი რომელი გუნდი ითამაშებს უკეთ კონკრეტულ მატჩში.

- რა იქნება გადამწყვეტი ფინალურ შეხვედრაში?
- ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ. ძნელია ერთის არჩევა. ჩვენი მეტოქე შესანიშნავად იცავს თავს, სიმშვიდეს იშვიათად კარგავს, ჰყავს ჩინებული ცენტრალური მცველები , რომლებიც შეტევებს იწყებენ. ონანაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ თამაშში, ლაუტარო მარტინესი კი განსაკუთრებული ფეხბურთელია.

- ჰოლანდმა მხოლოდ 1 ბურთი გაიტანა ბოლო 7 მატჩში...
- თუ ვინმე ფიქრობს, რომ მას პრობლემები აქვს, ეს მისი საქმეა. ჰოლანდში ეჭვი არ მეპარება, ის მზად არის დაგვეხმაროს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში!
... "ჩელსისთან" ფინალი? ეს სხვა მატჩია, მეტოქეც სხვაა, ორი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის - ფეხბურთელებიც. მაშინაც ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა მზად ვართ და ყველაფერს გავიღებთ წარმატებისთვის.

- რაშია გვარდიოლას წარმატების საიდუმლო?
- ჩემი წარმატების საიდუმლო? კარგი მოთამაშეები. დიდი ხნის წინ მესი მჭირდებოდა, ახლა - ჰოლანდი. არ ვხუმრობ, ყველა წარმატებულ მწვრთნელს სჭირდება ძლიერი და სტაბილური ფეხბურთელები. მწვრთნელებს გოლები არ გააქვთ, მთავარი ფეხბურთელები არიან.

...ფინალში მნივნელოვანია სტაბილური თამაშის, თმენის უნარი - თავიც უნდა დაიცვა და ბურთიც აკონტროლო. მთავარი ისაა, რომ გოლის გატანამდე თავი არ ვიგრძნოთ არაკომფორტულ სიტუაციაში, რაკი იტალიელები ფიქრობენ, რომ 0:0-ზე უპირატესობა აქვთ და ამის გამო, თავს უპირატეს მდგომარეობაში გრძნობენ..."

Sportall.Ge

ფინალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სტამბოლის ისედაც ხმაურიან ქუჩებს საფეხბურთო აჟიოტაჟიც შეემატა. ტრადიციულად, ინგლისელი ქომაგები ხმაურიანები და ნასვამები არიან. სულთანაჰმედზე, ტაქსიმსა თუ ისტიკლალზე ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით "სიტის" სხვადასხვა წლისა და ფერის მაისურებში გამოწყობილ ქომაგებს. ბუნებრივია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ამოიცნობთ (თურქებს, არაბებს, აზიისა თუ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი), მაგრამ ბრიტანელები მინც ყველასგან გამოირჩევიან - ჯგუფებად დადიან, მხიარულობენ და... დედოფალს ვეღარ, მაგრამ "მანჩესტერ სიტისა" და ინგლისურ ფეხბურთს კი ადიდებენ კათხა ლუდით ხელში!

ცხადია, იტალიელებიც საკმაოდ არიან. "ინტერისა" და იტალიის ნაკრების გარდა, "ნაპოლის" მაისურიანი აპენინელი ქომაგიც ბევრი შემხვდა და საქართველოს გაგონებაზე სტამბოლშიც ისევე რომ უბრწყინდებათ თვალები, როგორც - ნეაპოლში კვარას ხსენების ან ქართული დროშის დანახვისას!

სტადიონი კი არის ცენტრიდან მოშორებით, მაგრამ სამაგიეროდ, ფეხბურთის ფანებისთვის სპეციალურად მოწყობილი ფესტივალია ძველი ქალაქის და ზღვის სიახლოვეს - იენიკაპის პარკში ფინალის მონაწილე გუნდების ფანებისა და ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის უამრავი ღონისძიება იმართება: სხვადასხვა მუსიკოსის პერფორმანსები, ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური მაღაზიის პროდუქცია, სპორტული შეჯიბრებები, უეფას საფეხბურთო ელჩებთან (მათ შორის, ფიგუ, რობერტო კარლოსი და სხვ.) შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, ჩემპიონთა ლიგის თასთან ფოტოს გადაღების შანსი, ტურნირის სპონსორების დაწესებული საჩუქრები და ა.შ.

რატი შელეგია, "სპორტალისთვის", სტამბოლიდან

მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები სიტის. სომეხ-თურქის მოსაგები ლიგაა სადაა. მადლობა თქვან რო ბენფიკა პორტუ და მილანი შეხვდათ თორე ამ სოფლის გუნდს საერთოდ რა უნდა ფინალში უბრალოდ სასაცილოა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20:40 10-06-2023
11
რას ვერ ვხვდები იცით ინტერს არაიტალიელმა როგორ უნდა უგულშემატკივრო, ლოგიკა სადაა?დდდ
სოსოს
19:30 10-06-2023
5

სიახლეები პოპულარული