
ამ დროს რამდენი ქილიკად იტყოდა - პსჟ და ჩემპიონთა
ხვიჩა საოცარი აურის კაცია. ჯერ "ნაპოლიმ" ხომ ასე მონატრებული ტიტული იზეიმა, ახლა პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ფავორიტი გახდა. რონალდოსთან შეხვედრა ხომ ისე უნდოდა, ერთადერთი შანსი ნაკრებში იყო, შეხვდა, მოუგო და გაუტანა... ფაქტია, პარიზულ გუნდს რაღაც სულ აკლდებოდა. დააკლდა "ლივერპულთან" პირველ დაპირისპირებაშიც.
კვარაცხელიამ ბურთი ცარიელი კარიდან რომ გამოიტანა, იქნებ ასეთი დეტალების გროვა იყო საჭირო. ისე, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რას ნიშნავს, როცა ბურთს შინაგანად გრძნობ, მისი შესაძლო ტრაექტორია გონებაში გამჯდარი გაქვს... "ეგ სივრცე,
თვალს რომ აღუმართავს მისავე უეცარ საზღვარს,
თხოულობს საზრისს, რათა საგანთა
მთელი უწინდელი მხარე წაიკითხოს"(ჩ. ტომლინსონი).

ახლა უკვე დრო აღარ ითმენს. გვინდა, მეტი ვნახოთ. გვინდა, პარიზელებმა კიდევ უფრო მეტი ისწავლონ. გვინდა, ამ ფსიქოლოგიური გარდატეხით მათ კიდევ უფრო მეტი შეძლონ, დაცვაში კიდევ უფრო უკეთესი იყვნენ. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ფავორიტი გუნდი, ბავშვობიდან რომ ვქომაგობთ. ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის გმირი დონარუმა "მილანიდან" "გაქცეულია", დემბელე "ბარსელონას" "შავი ლაქა", ლუის ენრიკეს წარმატებიდან ათი წლის შემდეგ კატალონიელთა მორიგი ტრიუმფი წარმოუდგენიათ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, ჩემპიონთა ლიგა ქართველმა ვარსკვლავმა აღმართოს, გზა კი კიდევ უფრო დიდი კარიერისთვის გაიკაფოს!..
ასე რთული მერვედფინალისა და შესაძლო ნახევარფინალს შორის მეოთხედფინალში ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება იქნება. რა თქმა უნდა, ეს მოდუნებაში არ უნდა გადავიდეს. პარიზელთა სამწვრთნელო შტაბი ძალების გადანაწილებასა და როტაციას კვლავ გააგრძელებს(ისე, უახლოეს ტურში მარსელთან კლასიკო კი ელით). ხვიჩა კვარაცხელია ყველა მიმართულებით მოგვეწონა, მაგრამ ის კვლავ გააგრძელებს მუშაობას სრულყოფილებაზე, მაგალითად, საგოლე მომენტების რეალიზებაზე, რასაც ცოტათი იღბალიც თუ დაემატება, იდეალური იქნება!..