"რეალი" ჩიკაგოში - გერმანელი ზიდანი და ბეილის კოჭი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი", სხვა ევროპული გრანდებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ამერიკაში რჩება - ზინედინ ზიდანის გუნდი ჩიკაგოში ჩაფრინდა, სადაც მალე "სოლჯერს ფილდსზე" MLS-ის "ყველა ვარსკვლავის" გუნდს შეხვდება.

ზიდანის განკარგულებაში ტონი კროოსიც იყო, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა, მაგრამ "რეალის" ვარჯიშს უინციდენტოდ არ ჩაუვლია - ბაზა ნაადრევად დატოვა გარეთ ბეილმა, რომელმაც კოჭი დაიზიანა.

უელსელი სუპერვარსკვლავი ზიდანისთვის უკვე შემაშფოთებელი ინტენსივობით იღებს ტრავმებს. მას შარშან არც ჰქონია სრულფასოვანი სეზონი. "რეალის" ექიმები ამბობენ, რომ საშიში არაფერია და ბეილს უბრალოდ უფრთხილდებიან. "სამეფო კლუბის" ვარჯიშზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა -
ერთმანეთს შეასკდნენ დანი კარვახალი და ნაჩო. მარჯვენა მცველს ცხვირიდან სისხლი წასკდა, თუმცა სერიოზულ ტრავმას იგი გადაურჩა.

ტონი კროოსი: "ჩვენ ყველანი ბევრს ვშრომობთ, განსაკუთრებით ეს წინასასეზონო შეკრების დასაწყისში იგრძნობა. ზიდანი ხანდახან გერმანელი მგონია, შრომისადმი მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით. ის ყოველთვის მკაცრად გვაფრთხილებს, რომ წარმატების საწინდარი ვარჯიშებზე ბევრი შრომაა.

ამერიკაში ფეხბურთი ვითარდება, აქ დიდი ქალაქები და დიდი გუნდებია. რა თქმა უნდა, ჯერ ბუნდესლიგისა და ლა ლიგის დონე არ არის, მაგრამ ამერიკაში ფეხბურთი წინ მიდის და აქ თამაში სასიამოვნოა".

***
"რეალთან" შეხვედრაში "ყველა ვარსკვლავის" შემადგენლობაში ითამაშებს გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერი. "ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში თამაში. "რეალი" ძალიან ძლიერია, ჩვენ კი პირველად ვთამაშობთ ერთად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ მაყურებელს არ გავაწბილებთ", - განაცხადა "ბაიერნის" ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ახლა "ჩიკაგო ფაიერში" თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხდება, რა უბედურობა დამართეთ ამ საიტს?
llcl
16:25 02-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული