აბა, რომელი შეცვლის ნეიმარს?

AutoSharing Option
ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. ვინაიდან კატალონიურ გრანდს უბრალოდ არავინ ჰყავს, ვისაც ბრაზილიელის ნაწილობრივ შეცვლა მაინც შეუძლია, კლუბმა ის სხვაგან უნდა ეძებოს. "ბარსელონა" არც ისე უიმედო მდგომარეობაშია, იქ თამაში ყველას სურს (ნეიმარის გარდა), თანაც, კლუბს ახლა ფული საკმარისზე მეტი აქვს...

რეალური ვარიანტი

უსმან დემბელე

საფრანგეთი, დორტმუნდი
20 წლის ფრანგი ორი წლის განმავლობაში არნახულად "გაიზარდა". იგი "ბარსას" ჰაერივით სჭირდება. დემბელე "ყველგანმავალია", მის მოძრაობებში ხანდახან ახალგაზრდა ნეიმარიც კი მოჩანს. ერთი წლის განმავლობაში დემბელეს "დორტმუნდში" გუნდური ფეხბურთი ასწავლეს. ახლა ის უკვე აღარ
არის მხიარული ახალგაზრდა, რომელსაც მოედანზე ყველაფერი ეპატიება. თომას ტუხელმა იგი საფეხბურთო დისციპლინას მიაჩვია და ნელ-ნელა სასტარტო შემადგენლობაშიც დაამკვიდრა.

დემბელეს სავარაუდო ტრანსფერი პერსპექტივაზე გათვლილი ქმედებაა. თუ საჭირო იქნა, მას კიდევ შეუძლია გუნდური თამაშის პერიპეტიებში გარკვევა. "ბარსელონას" შემთხვევაში ეს შეიძლება არც იყოს საჭირო, რადგან დემბელე მართლაც წააგავს თამაშის სტილით ნეიმარს. ტალანტის სანაცვლოდ კატალონიელებს შეუძლიათ 60-70 მილიონი ევროს გადახდა, რაც დღეისათვის "დიდძალ ფულად" უკვე აღარ ითვლება.

არარეალური ვარიანტი

პაულო დიბალა

არგენტინა, იუვენტუსი
მაინც სად წავა 23 წლის პაულო დიბალა "იუვენტუსიდან"? "ბარსელონაში" თუ "რეალში"? ამ წუთისთვის, "ბლაუგრანაში" არგენტინელის გადასვლა რეალურს არ ჰგავს.

ცოტა უცნაური იქნება, დიბალა, რომელსაც არგენტინის ნაკრებში მესის შემცვლელად მოიხსენიებენ, მასთან ერთად ერთ გუნდში თამაშობდეს. მეორეც, ძნელი წარმოსადგენია, რომ "იუვემ" ძირითადი შემადგენლობის მეორე ფეხბურთელიც გაყიდოს ბონუჩის შემდეგ. თანაც, "იუვე" გაახალგაზრდავების ფაზაშია და ახლა ასეთი ახალგაზრდის გაყიდვა, თუნდაც, 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ, დიდი შეცდომა იქნება.

თუმცა ერთი რამ ამ ვარიანტის სასარგებლოდ მეტყველებს - თუ მესის დაუჯერებენ, ის ნამდვილად არ იქნება დიბალასთან ერთად ბურთის გორების წინააღმდეგი. პირველ რიგში, ეს არგენტინის ნაკრებს გამოადგება.

ლოგიკური ვარიანტი

ფილიპე კოუტინიო

ბრაზილია, ლივერპული
25 წლის კოუტინიო "ბარსელონას" ბრწყინვალედ შეერწყმება - ანტროპომეტრია, მოძრაობები, პასის კულტურა, მოედნის ხედვა, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში - ყველაფერი მას "ბარსელონური" აქვს. ის იდეალური კანდიდატია ნეიმარის შემცვლელის როლზე, მაგრამ "ლივერპულმა" უკვე უარით გაისტუმრა "ბარსა" 80 და 100 მილიონი ევროს წინადადებებით. არადა, ნეიმარი კოუტინიოს პსჟ-ში ეპატიჟება...

- "ბარსელონა" კოუტინიოს შეძენას კვირამდე გეგმავს

კოუტინიოს ერთი ისეთი თვისება აქვს, რომელიც "ბარსას" შემტევი ტრიოს არც ერთ წევრს არ გააჩნია - იგი ქვემეხისებრი შორეული დარტყმით გამოირჩევა.

ზღაპრული ვარიანტი

კილიან მბაპე

საფრანგეთი, მონაკო
იქნებ, მართლა? დიახ, თუკი "ბარსელონა" 18 წლის მბაპეს შეიძენს, გუნდს შეტევაში თამაშის მთლიანად გადაწყობა მოუწევს. მაგრამ ეს ხომ ძალიან საინტერესოა! წარმოიდგინეთ, მბაპე შეტევის წვერზე, ფლანგებზე კი - მესი და სუარესი. მბაპეს საგოლე პასებით იდეალური მომმარაგებლები ეყოლება.

მბაპე 180 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ "ბარსას" 222 მილიონი აქვს. ეს ვარიანტი ძალიან ზღაპრულია, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი. მბაპე უფრო "რეალს" მოუხდება...

მივიწყებული ვარიანტი

ანტუან გრიზმანი

საფრანგეთი, ატლეტიკო
ნეიმარის წასვლამ ეს ვარიანტი, თითქოს, გააცოცხლა, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე. გაისად, ფრანგის ყიდვა რეალური იქნება, მაგრამ ამ ზაფხულს სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ "ატლეტიკოს" გამოსასყიდი თანხა გადაუხადონ. ეს კი 200 მილიონი ევროა. ნეიმარით ნაშოვნი მთელი ფულის გრიზმანზე დახარჯვა ვერ იქნება ჭკვიანური საქციელი.

საეჭვო ვარიანტი

ედენ აზარი

ბელგია, ჩელსი
"ჩელსის" 26 წლის ლიდერს უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს ინგლისში. ფანტაზიას თუ მოვუხმობთ, შესაძლოა, ჩავთვალოთ, რომ ბელგიელს "ნისლიანი ალბიონი" მოსწყინდა და ახალ თავგადასავალს ეძებს.

ედენს "რეალსა" და "ბარსას" ხშირად უკავშირებდნენ, მაგრამ არა წლეულს. არადა, ის ერთადერთია ამ სიიდან, რომელსაც თანაბრად მოჭარბებული აქვს როგორც გამარჯვებულის მენტალიტეტი, ასევე "მკვლელის" ინსტინქტი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად წავა დიბალა ანუ მიდის უეჭველი ? რანაირი ხალხი ხართ :D
juve
21:38 09-08-2017
0
მბაპეს ცენტრში დაყენებას და სუარესის ფლანგზე გადაწევას რა გაფიქრებინებთ, არ უყურებთ ბარსას და მონაკოს თამაშებს საერთოდ? სუარესის გამო მესი გადაიწია ფლანგზე... მბაპე ზუსტად ნეიმარის ადგილზეა, ცენტრში არაფერი ესაქმება.
გიორგი
16:25 09-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული