ესპანეთის სუპერთასი. საპასუხო მატჩის წინ: რონალდოს გარეშე და ინჩადას აქცია

AutoSharing Option
ერნესტო ვალვერდეს უთამაშია "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსას" მაისურით, მაგრამ "ბლაუგრანას" მწვრთნელის რანგში ის ამ სტადიონზე პირველად წარდგება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბასკი სპეციალისტი ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია...

ზინედინ ზიდანს, დიდი ალბათობით, 90 წუთი აშორებს სეზონში მეორე ტიტულის მოპოვებამდე.

არადა, სეზონი ჯერ ახლა იწყება, გუნდს მორიგი კლასიკოს წინ ორბურთიანი უპირატესობა აქვს - პიკეს ავტოგოლის, კრიშტიანო რონალდოსა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით, "სამეფო კლუბმა" კატალონიაში 3:1 მოიგო. იმ თამაშში "ბარსას" ანგარიშზე მხოლოდ საეჭვო ვითარებაში მოპოვებული პენალტის გოლად გარდასახვაა (ლეო მესი).

საპასუხო მატჩში არ იქნება
კრიშტიანო რონალდო, რომელიც "კამპ ნოუზე" ორწუთიან მონაკვეთში გმირიდან ანტიგმირად იქცა - პორტუგალიელმა დიდებული გოლით დააწინაურა "რეალი", მაგრამ შემდეგ მესის საპასუხო ჟესტის გაკეთება მოინდომა, მაისურის გახდისთვის კი მან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ორ წუთში კრიშტიანო მეკარესთან პირისპირ გადიოდა და უმტიტისთან ბრძოლაში ცოტა მცველმა შესცოდა, ცოტაც თავად გააფორმა... შედეგად, მეორე ყვითელი ბარათი (ამჯერად, სიმულაციისთვის) და გაძევებისთვის. პორტუგალიელს განსაკუთრებით სანანებლად გაუხდა, რაც ამის შემდეგ გააკეთა, მან უკნიდან ხელი ჰკრა მსაჯს.

ორშაბათს რონალდოს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და "რეალის" ფორმის მორგება თვეზე მეტხანს არ შეეძლება. "რეალი" ამ გადაწყვეტილებას 10 დღის განმავლობაში გააპროტესტებს, საპასუხო სუპერთასი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაივლის.

"როცა ფიქრობ, რომ კრიშტიანოს ამის გამო ხუთი თამაშის გამოტოვება მოუწევს, ხვდები, რომ ეს ძალიან ბევრია. ხუთი თამაშით დასჯა მეტისმეტია. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. წინ მთელი მატჩია. "ბარსელონას" პირველ თამაშშიც ჰქონდა მოგების შანსები.
ბოლო წუთებამდე უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა გუშინ ზინედინ ზიდანმა.

პროტესტის გრძნობა გაუჩნდა "რეალის" ინჩადასაც - საპასუხო მატჩის მე-7 წუთზე "რეალის" ფანები ამ გადაწყვეტილებას თეთრი ცხვირსახოცებით გააპროტესტებენ.

"ოქროს ბურთის" მფლობელისა და მორიგი აღიარების ფავორიტისგან განსხვავებით, ლეო მესი მადრიდშია და იმედს არ კარგავს: "ბარსელონაში მატჩი ჩავაგდეთ, მაგრამ ფეხზე უნდა წამოვდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია", - დაწერა არგენტინელმა სოციალურ ქსელში.
გუშინ მოგვიანებით გაირკვა - ანდრეს ინიესტა, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშობს, საპასუხო დაპირისპირებაში ვერ ითამაშებს.

პირველმა კლასიკომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია ესპანეთში, რეპორტაჟის რეიტინგმა 46,8% შეადგინა. ქვეყანაში პირდაპირ ეთერში ამ თამაშს 6,34-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. კლასიკომ რეიტინგით 20%-ით გაუსწრო მეორე ყველაზე პოპულარულ გადაცემას.

საპასუხო მატჩის წინ ზიდანს სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოუწევს, ლუკა მოდრიჩი ბრუნდება. ესეც რომ არ იყოს, კოვაჩიჩმა საზარდული დაიზიანა და მისი თამაში ისედაც საეჭვოა. რაც შეეხება რონალდოს არყოფნას, პორტუგალიელი სასტარტო შემადგენლობაში არც ბარსელონაში ყოფილა.
"ბარსელონა" პირველად ითამაშებს მადრიდში მას მერე, რაც ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა. სამაგიეროდ, პირველი სუპერთასის შემდეგ "ბარსამ" 40 მილიონ ევროდ პაულინიო გაიფორმა. ამით ბრაზილიელი კლუბის ისტორიაში მეოთხე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა ნეიმარის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ლუის სუარესის შემდეგ.

ოთხშაბათი. 16 აგვისტო
რეალი-ბარსელონა 01:00
პირველი მატჩი (3:1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული