ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ლას პალმასს" მასპინძლობს. თავიდანვე ვიტყვით, რომ ხმების მიუხედავად, ამ მატჩს საფრთხე არ ემუქრება. ახლა რა ხდება - ეს მატჩი კვირას არის დანიშნული, ზუსტად იმ დღეს, როცა კატალონიელები რეფერენდუმს მართავენ დამოუკიდებლობაზე. მოკლედ, ესპანეთის ამ პროვინციაში დიდი შფოთი გარანტირებულია. სხვათა შორის, თავისი მხარდაჭერა "ბარსამ" ჯერ კიდევ 20 სექტემბერს ოფიციალურად გამოხატა კატალონიის დამოუკიდებლობისადმი. ესპანეთის პოლიციამ მთავრობას გარანტია მისცა, რომ "ბარსა"-"ლას პალმასის"
რა თქმა უნდა, თავისი სიტყვა თქვა ჟერარდ პიკემ, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი მხარს უჭერს რეფერენდუმს: "თამაშამდე ჩვენ ხმის მისაცემად წავალთ. ჩვენ ჩვენს სათქმელს მშვიდობიანად ვიტყვით, ჩვენი პოზიცია ძლიერია", - ეს პიკეს სიტყვებია.
კვირას მადრიდის "რეალი" "ესპანიოლს" მიიღებს და, როგორც ჩანს, არ ეყოლება გარეთ ბეილი - უელსელმა ბრწყინვალე გოლი გაუტანა "დორტმუნდს", მაგრამ მატჩის ბოლოსკენ... დაშავდა. ბევრს უკვე მობეზრდა უელსელის ხშირი ტრავმიანობა. მართალია, ამჯერად იგი გადარჩა, კუნთი დაშავებული არ არის, მაგრამ ჭრილობა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მას ბარსელონელებთან ჯახი გამოატოვებინოს. მოკლედ, ზინედინ ზიდანს საკადრო პრობლემები არ ელევა. სხვათა შორის, ვარჯიშზე გუნდთან ერთად არც კრიშტიანო რონალდო იყო, მან ინდივიდუალურად ივარჯიშა. კვარტეტი კი (კოვაჩიჩი, ტეო, მარსელო და ბენზემა) არც "ესპანიოლთან" მატჩში იქნება.
ამ შეხვედრას ინტრიგა შემატა "ესპანიოლის" ბრაზილიელი ფორვარდის სიტყვებმა. ლეო ბაპტიშტაო ამტკიცებს, რომ ბარსელონელები მადრიდში მოსაგებად ჩადიან... კატალონიის რეფერენდუმის დღეს.
მეორეადგილოსანი "ატლეტიკო", რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი სტარტი გამოუვიდა, მადრიდულ დერბის თამაშობს სტუმრად "ლეგანესთან", ხოლო "ვალენსია" "მესტალიაზე" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს.
ინტერესმოკლებული არც ანდალუსიური დერბი იქნება "სევილიასა" და "მალაგას" შორის, მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი "მალაგა" ძალზე სუსტია.
ფაქტები
- ესპანეთის სუპერთასის მერე "ბარსელონამ" სულ ორი გოლი გაუშვა, ეს კი ამ გუნდისთვის ბოლო 17 სეზონში რეკორდული მაჩვენებელია.
- დიეგო ლორენტეს (რეალ სოსიედადი) ევროპის ტოპ-5 ლიგის გუნდებიდან ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მცველებში - 4.
- პაკო აიესტარანი "ლას პალმასს" პირველ მატჩში "კამპ ნოუზე" უხელმძღვანელებს.
- "ატლეტიკოს" ლა ლიგაში 15 საგარეო მატჩია, არ წაუგია.
- "ატლეტიკომ" "ლეგანესთან" ბოლო 7 მატჩიდან 5-ში კარი "მშრალად" შეინახა.
- "ბარსელონამ" ბოლო 15 მატჩი მოიგო შინ ლა ლიგაში.
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
პარასკევი, 29 სექტემბერი
სელტა-ჟირონა 23:00
შაბათი, 30 სექტემბერი
დეპორტივო-ხეტაფე 15:00
სევილია-მალაგა 18:15
ლევანტე-ალავესი 20:30
ლეგანესი-ატლეტიკო 22:45
კვირა, 1-ლი ოქტომბერი
სოსიედადი-ბეტისი 14:00
ბარსელონა-ლას პალმასი 18:15
ვალენსია-ბილბაო 20:30
ვილიარეალი-ეიბარი 20:30
რეალი-ესპანიოლი 22:45
ბომბარდირები: 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 5 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 4 - მაქსი გომესი (სელტა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"