"ვანდა მეტროპოლიტანო" ამ სეზონის დასაწყისში გაიხსნა, შაბათს კი პირველი დერბია. "იპოდრომი", "ფუენტო დელ ბერო", ძველი "მეტროპოლიტანო" და სხვა - ეს ის სტადიონებია, სადაც მადრიდული დერბის მატჩები გამართულა. ახლანდელ გულშემატკივრებს დერბი უფრო "ვისენტე კალდერონსა" და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაპირისპირებებით ახსოვთ, თუმცა გუნდებს ჯამში 15 სხვადასხვა სტადიონზე უთამაშიათ მადრიდსა და სხვა ქალაქებში
"მარკა" ვარაუდობს, რომ "ვანდა მეტროპოლიტანოს" ახალი რეკორდი დამყარდება - "ბარსელონასთან" თამაშზე 64 393 ათასი მაყურებელი მივიდა, ახლა კი 65 ათასზე მეტ ფანს ელიან. შარშან დერბის "კალდერონზე" 12 ათასი ფანით ნაკლები დაესწრო.
ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოს" მთავარი ვარსკვლავია, ხოლო "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო 21 გოლით დერბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა. დღეს მათ თავიდან აქვთ ყველაფერი დასამტკიცებელი - გრიზმანი ძალზე არაეფექტურია და სულ 2 გოლი აქვს სეზონში გატანილი, რონალდოს კი - 1!
ახლახან გრიზმანმა ლა ლიგის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:
"გოლების გატანა ის საქმეა, რაც კარგად გამომდის. ამიტომ ახლანდელი სიტუაციის გამო არ ვნერვიულობ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვთამაშობ და გოლებიც მალე იქნება. გასულ სეზონს ახლანდელი არ ჰგავს, ჩვენ ახალ სტადიონზე ვთამაშობთ. დიახ, გვიჭირს გოლების გატანა და გამარჯვება, მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად ვთამაშობთ, შეტევაში კი იღბალი გვღალატობს", - განაცხადა ფრანგმა ვარსკვლავმა.
გრიზმანმა დერბის შესახებაც ილაპარაკა: "ახალ სტადიონზე პირველი დერბია და ფანები დიდი ენთუზიაზმით გაავსებენ ტრიბუნებს. ჩვენ კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
რაც შეეხება რონალდოს, მედია წერს, რომ პორტუგალიელს სიტუაცია დაეძაბა კაპიტან სერხიო რამოსთან. ამას მოჰყვა რამოსის გაბრაზებული კომენტარი პორტუგალიელის მომავალზე - მე საიდან უნდა ვიცოდე, გადადის თუ არა სადმე რონალდოო. რონალდომ ამ მითქმა-მოთქმას "ინსტაგრამზე" დადებული ფოტოთი უპასუხა - ფოტოზე კრიშტიანო კარში დარტყმაში ვარჯიშობს. "კონცენტრირებული ვარ", - წერს პორტუგალიელი.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, თომასი, საული - გრიზმანი, კორეა
რეალი (4-3-1-2): კასილია - ნაჩო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო - რონალდო, ბენზემა
ურთიერთშეხვედრები
ჯამში "ატლეტიკომ" და "რეალმა" ოფიციალურ მატჩებში 217-ჯერ არკვიეს ურთიერთობა. "სამეფო კლუბმა" 107 მატჩი მოიგო და 55 დათმო. მხოლოდ ჩემპიონატში სულ 160 შეხვედრა გაიმართა. "რეალმა" 86 მოიგო და 39 დათმო.
დერბის ფაქტები
* მადრიდული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა (რეალი) - 21 გოლი.
* დერბიში ყველაზე ხშირად ფრანსისკო ხენტოსა (რეალი) და მანოლო სანჩისს (რეალი) უთამაშიათ - 42-42.
* მოქმედ ფეხბურთელებში ლიდერი სერხიო რამოსია (რეალი), შაბათს იგი 36-ე დერბიში მიიღებს მონაწილეობას და სანტილიანასა (რეალი) და მიჩელს (რეალი) გაუთანაბრდება.
* გრიზმანს (ატლეტიკო) 596 წუთია, გოლი არ გაუტანია. მან ამ ხნის განმავლობაში კარში 20-ჯერ დაარტყა.
ლიდერი "ბარსელონა" მადრიდში ჩადის "ლეგანესთან" სათამაშოდ. ერნესტო ვალვერდეს დაცვაში პრობლემები შეექმნა. ხავიერ მასკერანოს ტრავმა აქვს და ორი ცენტრალური მცველის (პიკე, უმტიტი) ხეირიანი შემცვლელი გუნდში არ რჩება. არადა, ორივეს თითო ყვითელი ბარათი აშორებს დისკვალიფიკაციას. სკამზე მხოლოდ ბელგიელი ვერმალენი ზის, რომელსაც ლა ლიგაში ამ სეზონში ჯერ არც უთამაშია. ტრავმა აქვს სერხი რობერტოსაც.
სხვა ფაქტები
* ამ სეზონში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი გოლი მარკო დმიტროვიჩმა (ეიბარი) გაუშვა - 25.
* "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 18 შეხვედრიდან 17 მოიგო.
* "ლეგანესმა" კარი მშრალად ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში შეინახა.
* "სევილია" შინ 18 ტურია, არ დამარცხებულა.
* "ვალენსიამ" ბოლო 7 მატჩი მოიგო.
პარასკევი, 17 ნოემბერი
ჟირონა- სოსიედადი 23:59
შაბათი, 18 ნოემბერი
ხეტაფე-ალავესი 16:00
ლეგანესი-ბარსელონა 19:15
სევილია-სელტა 21:30
ატლეტიკო-რეალი 23:45
კვირა, 19 ნოემბერი
მალაგა-დეპორტივო 15:00
ესპანიოლი-ვალენსია 19:15
ლას პალმასი-ლევანტე 21:30
ბილბაო-ვილიარეალი 23:45
ორშაბათი, 20 ნოემბერი
ეიბარი-ბეტისი 23:59
ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7- როდრიგო მორენო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"