ლა ლიგა. XVI ტურის წინ: "ბარსას" შანსი "კლასიკომდე"

AutoSharing Option
მაშინ, როცა ესპანეთში XVI ტური გახურდება, "სამეფო კლუბი" შეეცდება, ზედიზედ მეორედ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი, ამჯერად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ასე რომ, ტურში ჩემპიონი არ გვყავს - მისი დაპირისპირება "ლეგანესთან" გადადებულია.

ეს გარემოება ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონას" შესანიშნავ შანსს აძლევს, 23 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალთან" 11-ქულიანი ჰანდიკაპით ჩავიდეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ აუტსაიდერ "დეპორტივოს" შინ დამარცხება. თან, "ბარსას" შურიც აქვს საძიებელი - ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში "დეპორტივომ" 2:1 იმარჯვა.

ეს მარტში მოხდა "რიასორზე", ალექს ბერგანტინიოსმა გადამწყვეტი თავური მეორე ტაიმში გაიტანა. მაშინდელი მატჩის გმირი "დეპორტივოში"
საერთოდ აღარ არის, ხიხონის "სპორტინგში" თამაშობს.

"ბარსელონას" უბრუნდება გამოჯანმრთელებული ანდრეს ინიესტა, მაგრამ სამუელ უმტიტი ჯერაც ლაზარეთშია. ასე რომ, საუკეთესო 11-ეულს ერთი პოზიცია მაინც აკლია.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი.

"ბარსელონას" უახლოესი მდევარი "ვალენსია" ბასკეთში მიდის და "ეიბარს" სტუმრობს.

"ღამურების" ფანებს ახლაც ცუდად ახსოვთ თებერვლის დაპირისპირება "მესტალიაზე", როცა "ეიბარმა" მასპინძელთა კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა. გასულ სეზონში "ვალენსიამ" "ეიბართან" სტუმრადაც წააგო (0:1), მაგრამ შარშანდელი და წლევანდელი "ვალენსიას" შედარებაც არ შეიძლება. მარსელინოს ხელში "ვალენსია" სულ სხვა გუნდია.

მესამეადგილოსანი და ჩემპიონატს დაუმარცხებლად შემორჩენილი "ატლეტიკო", ალბათ, არც ახლა წააგებს - "ვანდას" "ალავესი" სტუმრობს. გასულ სეზონში სიმეონეს გუნდს ორი დაძაბული მატჩი ჰქონდა "ალავესთან" და ორივე ფრედ დაასრულა (0:0, 1:1).

ტურის მშვენება უნდა გახდეს ბასკური დერბი. ბასკური კლუბების მატებამ ბასკური დერბი ხშირ მოვლენად აქცია ლა ლიგაში, მაგრამ "ბილბაოსა" და "რეალ სოსიედადის" დაპირისპირებას სულ სხვა ხიბლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდებს არ აქვთ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა, "სან მამეს ბარიაზე" დიდი ამბები გველის. ისეთი, როგორიც შარშან ბილბაოში, როცა 5-გოლიან თრილერში "ბილბაომ" 3:2 იმარჯვა.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ბოლო 19 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.
  • ლა ლიგის ბოლო 24 მატჩში "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" არ წაუგია.
  • "დეპორტივოს" ლა ლიგის ბოლო 26 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ორი მოგება აქვს.
  • "სევილიას" ლა ლიგაში შინ 20 ტურია, რაც არ წაუგია.
  • "ვალენსიამ" ბოლო 15 ტურიდან 14-ში არ წააგო.
  • "ეიბარმა" ბოლო 3 საშინაო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "ატლეტიკოს" არ წაუგია ლა ლიგის ბოლო 19 მატჩში.
  • ბოლო 7 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგაში) "ატლეტიკომ" 5-ში გოლი არ გაუშვა.
  • "რეალ სოსიედადმა" ბოლო 3 ტურში სულ მცირე, 2 გოლი გაუშვა.
  • "ვილიარეალს" ლა ლიგაში 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

ლა ლიგა. XVI ტური
პარასკევი, 15 დეკემბერი
სევილია-ლევანტე 23:59

შაბათი, 16 დეკემბერი
ბილბაო-სოსიედადი 19:15
ეიბარი-ვალენსია 21:30
ატლეტიკო-ალავესი 23:45

კვირა, 17 დეკემბერი
ჟირონა-ხეტაფე 15:00
სელტა-ვილიარეალი 19:15
ლას პალმასი-ესპანიოლი 21:30
ბარსელონა-დეპორტივო 23:45
ლეგანესი-რეალი გადაიდო

ორშაბათი, 18 დეკემბერი
მალაგა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 8 - როდრიგო (ვალენსია), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესტალია არ ქვია, მესტაიაა
ზურა
14:46 15-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული