ლა ლიგა. XX ტური: სისხლიანი რონალდო, "რეალი" გამოფხიზლდა, "ბარსელონა" კი კოსმოსში გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" გაჩემპიონება ისედაც არ იწვევდა ეჭვს და ამ ტურმა ერნესტო ვალვერდეს გუნდი კიდევ უფრო მიუახლოვა მიზანს, რადგან მისმა "მდევრებმა" ქულები დაკარგეს. ამასობაში "რეალი" გამოფხიზლდა და მეორე ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.


ატლეტიკო-ჟირონა
ის, რომ დიეგო სიმეონეს ამ ფორმაციის "ატლეტიკო" საჩემპიონო რბოლის კანდიდატი არ არის, ამ თამაშმაც დაგვიდასტურა - კატალონიურმა ახალწვეულმა "ჟირონამ" "ატლეტიკოს" ამ სეზონში 4 ქულა დააკარგვინა. ანტუან გრიზმანის გოლს მეორე ტაიმში ექსვალენსიელმა პორტუმ უპასუხა.

ჩემპიონატის ლიდერის მდევარი კი ასე არ თამაშობს. დიეგო კოშტა ამ შეხვედრაშიც
სასარგებლო იყო - ფრანგს სწორედ მან გაატანინა, მაგრამ რად გინდა - მეორე ტაიმში ფორვარდი კუნთის პრობლემის გამო შესაცვლელი გახდა. დიეგო კოშტას დაახლოებით 10 დღე მოუწევს იძულებით უქმობა.


დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და მატჩსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემ უხერხულ სიტუაციაში გაგვიტანა და ქულები დავკარგეთ. ასეთი რამ კი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. გამართლება ისეთი რამაა, ხან შენ მხარესაა, ხან - არა".

ფაქტები
  • დიეგო კოშტამ "ატლეტიკოს" მაისურით ბოლო 5 შეხვედრაში შეძლო გოლებში მონაწილეობის მიღება (3 გოლი, 2 საგოლე პასი).
  • დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" შინ არასოდეს წაუგია თამაში, რომლის პირველი ტაიმიც 1:0 მოიგო (28 მოგება, 3 ფრე).
  • პორტუ გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში "რეალსაც" გაუტანა და "ატლეტიკოსაც". პირველი ორი ლუის სუარესი და კრისტიან სტუანი არიან.
  • "ჟირონამ" ამ სეზონში 3 გოლი გაუტანა "ატლეტიკოს", რაც ყველაზე მეტია.
  • დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" თავკაცის პოსტზე 350-ე თამაში ჩაატარა.

ლას პალმასი-ვალენსია
არ ვიცით, რატომ გადაწყვიტა მარსელინომ კანარის კუნძულებზე ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაში, მაგრამ ფაქტია, ეს მატჩი შესაძლოა, "ღამურების" კრიზისის დასაწყისად (თუნდაც მიზეზად) იქცეს. სტუმრები თან იგებდნენ, როცა "აურიეს".

ხონათან ვიერამ კვლავ გაუტანა ყოფილ გუნდს, შემდეგ კი გაბრიელ პაულისტამ სულაც დაღუპა მესამეადგილოსანი - პენალტი აიკიდა და მსაჯს მანამ არ მოეშვა, სანამ თავი არ გააძევებინა. ვერც "ვალენსიას" მეორე ცენტრალურმა მცველმა მიაღწია საფინალო სასტვენამდე, პორტუგალიელი რუბენ ვეზუც გააძევეს. არადა, "ღამურებს" "ატლეტიკოს" დაწევის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ...


ფაქტები
  • "ვალენსიას" ბოლო 5 გოლიდან 4 სანტი მინას ანგარიშზეა და ოთხივე მან პირველ ტაიმებში გაიტანა.
  • ხონათან ვიერამ 6-ჯერ ითამაშა "ვალენსიას" წინააღმდეგ და 5 გოლი გაიტანა. ის "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელია.
  • ხონათან კალერი "ლას პალმასის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

რეალი-დეპორტივო
"დეპორტივომ" ადრიანის გოლით "რეალს" თვალწინ წითელი ცხვირსახოცი აუფრიალა. კარვახალს ლუკას პერესი გაეპარა, რომელმაც ადრიანს ახლო მანძილიდან გაატანინა - 0:1. 60 ათასზე მეტი გულშემატკივარი მორიგი იმედგაცრუების შიშით გაირინდა, მაგრამ მსგავსიც არაფერი მომხდარა - "რეალმა" 7:1 გაანადგურა გალისიური კლუბი, სამმა ფეხბურთელმა კი დუბლი მიითვალა. თუკი გარეთ ბეილისა და კრიშტიანო რონალდოს დუბლებში უჩვეულო არაფერია, ნაჩოს დუბლს ნამდვილად არ ველოდით.

ერთი გოლიც (თანაც, როგორი!) ლუკა მოდრიჩის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდოს ერთ-ერთი გოლი შუბლის გახეთქვად და დასისხლიანებად დაუჯდა.


ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგია. ბედნიერები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გოლი ჩვენ გავუშვით. მიხარია იმიტომ, რომ გუნდს ასეთი მოგება ესაჭიროებოდა. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ახლა ჩვენ პოზიტიური შედეგების სერია გვჭირდება. 7 გოლს ყოველდღე ვერ გაიტან. მიხარია იმ ფეხბურთელების მაგივრად, რომელთაც თავი გამოიჩინეს".

ფაქტები
  • "რეალი" გადაურჩა ანტირეკორდს - გუნდს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ ორ თამაშში არ ჰქონდა გოლი გატანილი. მესამე უკვე კლუბის ისტორიაში ანტირეკორდი იქნებოდა, თუმცა "რეალმა" ერთბაშად 7 გოლი გაიტანა.
  • მარსელო "რეალის" პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, რომელმაც ერთ მატჩში ორი საგოლე პასი გააკეთა.
  • 2018 წელს გარეთ ბეილმა 5 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის.
  • ლუკა მოდრიჩის 13 გოლიდან 11 "რეალის" მაისურით საჯარიმოს გარედან დარტყმებზე მოდის.
  • კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში ამ სეზონში პირველად შეძლო გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც ერთ თამაშში.
  • +6 - ამ სეზონში "რეალმა" ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა.
სხვა მატჩები
ბილბაოს "ატლეტიკი" ორჯერ უგებდა "ხეტაფეს", მაგრამ მადრიდიდან მარტო ქულა წაიღო - 2:2. ოთხივე გოლიდან საუკეთესო პირველი იყო - ინიაკი ვილიამსის გოლი ვან ბასტენის ცნობილ გოლს წააგავდა საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში. ამ მატჩში სამი პენალტი დაინიშნა (ცოტა არ იყოს, საეჭვოები), თუმცა ორი გავიდა - რაულ გარსიას მიზანმა არ უმტყუნა, მასპინძელმა მოლინამ კი ორიდან ერთი გაიტანა.

ლა ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა ვინჩენცო მონტელამ, რომლის "სევილიამაც" სტუმრად "ესპანიოლი" გაანადგურა. თუკი იტალიელი მწვრთნელისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო, ანდალუსიური კლუბი ამ გამარჯვებით ესპანური ფეხბურთის გრანდებში დამკვიდრდა - გახდა მეექვსე გუნდი, რომელმაც ლა ლიგაში 1 000 მატჩი მოიგო.


ფაქტები
  • ხეტაფე-ბილბაო 2016 წლის აპრილის მერე პირველი მატჩია ლა ლიგაში, რომელშიც სამი პენალტი დაინიშნა. მაშინ "ბარსამ" სამი პენალტი გაიტანა "სპორტინგის" კარში.
  • ინიაკი ვილიამსმა 2015 წლის ნოემბრის მერე პირველად გაიტანა ლა ლიგის ზედიზედ ორ ტურში.
  • ფრან ვასკესმა ლა ლიგაში მე-9 გოლი გაიტანა იმ გუნდის კარში, რომელსაც პირველი გოლი გაუტანა - "ესპანიოლი".
  • "სევილიამ" ლა ლიგაში 67 მატჩი მოუგო "ესპანიოლს", აქედან 18 სტუმრად. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ანდალუსიური კლუბისთვის.
  • "სევილია" გახდა მე-6 კლუბი, რომელმაც ლა ლიგაში მეათასე მატჩი მოიგო ("რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "ვალენსია", "ბილბაო").
  • მუნირ ელ ჰადადიმ (ალავესი) ლა ლიგის ბოლო 7 ტურში 5 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
  • "ლეგანესს" "მენდიზოროზაზე" ჯერ არასოდეს მოუგია (4 ფრე, 4 წაგება).
  • მაქსი გომესმა (სელტა) 5 თავური დარტყმიდან 4 გოლი გაიტანა ლა ლიგის ამ სეზონში.
  • ივან რაკიტიჩმა (ბარსელონა) "ბეტისის" კარში მეხუთე გოლი გაიტანა.
  • ლიონელ მესი ერთადერთია ესპანეთში, რომელმაც ბოლო 10 სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) ზედიზედ 25 და მეტი გოლი გაიტანა.
ლა ლიგა. XX ტური
ხეტაფე-ბილბაო 2:2
გოლები: 0:1 ვილიამსი (13), 1:1 მოლინა (21-პენ), 1:2 რაულ გარსია (48-პენ), 2:2 ანხელი (74)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, საბორიტი - იტურასპე, მ. რიკო - ვილიამსი, რაულ გარსია (68. ადურისი), სუსაეტა (61. ბენიატი) - საბინი (88. კორდობა)
გამოუყენებელი პენალტი: მოლინა (51. ხეტაფე)

ესპანიოლი-სევილია 0:3
გოლები: 0:1ფ. ვასკესი (15), 0:2 სარაბია (34), 0:3 მურიელი (90)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კორშია, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა (86. ნოლიტო) - სარაბია, ფ. ვასკესი (66. ხესუს ნავასი), ხ. კორეა (79. გაისი) - მურიელი

ატლეტიკო-ჟირონა 1:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (34), 1:1 პორტუ (73)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო (80. ვიტოლო), ხ. ხიმენესი, სავიჩი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა, თომასი, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო - დ. კოშტა (61. გამეირო), გრიზმანი (71. კოკე)

ვილიარეალი-ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 ტრიგეროსი (26-პენ), 2:0 ჩერიშევი (50), 2:1 როხერი (94-პენ)

ლას პალმასი-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 ს. მინა (5), 1:1 ხ. ვიერა (20), 2:1 კალერი (55-პენ)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელ პაულისტა, ვეზუ, ლატორე - მაქსიმოვიჩი, კონდოგბია, კოკლენი, ხილი (57. გედეში) - როდრიგო (68. ვიეტო), ს. მინა (74. ძაძა)
გაძევება: გაბრიელ პაულისტა (52), ვეზუ (87)

ალავესი-ლეგანესი 2:2
გოლები: 1:0 ელ ჰადადი (46), 2:0 ალფონსო (52), 2:1 გაბრიელი (75-პენ), 2:2 ზალდუა (90)
გაძევება: ელი (87. ალავესი)

რეალი-დეპორტივო 7:1
გოლები: 0:1 ადრიანი (23), 1:1 ნაჩო (32), 2:1 ბეილი (42), 3:1 ბეილი (58), 4:1 მოდრიჩი (68), 5:1 რონალდო (78), 6:1 რონალდო (84), 7:1 ნაჩო (88)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი (76. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი - ბეილი (82. ლ. ვასკესი), მაიორალი (64. ბენზემა), რონალდო

სოსიედადი-სელტა 1:2
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (10), 1:1 ასპასი (20), 1:2 მ. გომესი (75)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, რ. ნავასი, როდრიგეში - ჩაბი პრიეტო (82. აგირეჩე), ზუბელდია, ილიარამენდი - კანალესი (60. ოიარზაბალი), ვილიან ჟოზე, ხუანმი (69. იანუზაი)
გამოუყენებელი პენალტი: ვილიან ჟოზე (25)

ბეტისი-ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (59), 0:2 მესი (64), 0:3 ლ. სუარესი (69), 0:4 მესი (80), 0:5 ლ. სუარესი (89)
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ვერმალენი (43. უმტიტი), ალბა - ს. რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი (81. დეულოფეუ), ანდრე გომეში (65. პაულინიო) - ლ. სუარესი, მესი

ორშაბათი, 22 იანვარი
ეიბარი-მალაგა 23:59

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

მომდევნო ტური
26 იანვარი: ბილბაო-ეიბარი;
27 იანვარი: დეპორტივო-ლევანტე, ვალენსია-რეალი, მალაგა-ჟირონა, ვილიარეალი-რეალ სოსიედადი;
28 იანვარი: ლეგანესი-ესპანიოლი, ატლეტიკო-ლას პალმასი, სევილია-ხეტაფე, ბარსელონა-ალავესი;
29 იანვარი: სელტა-ბეტისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი გენიაა,მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა,ვისურვებდი მინიმუმ 5 წელი კიდევ ამ დონეზე ითამაშოს.
sake
14:24 22-01-2018
0

სიახლეები პოპულარული