ლა ლიგა. XXI ტური: წყლიდან მშრალად ამოსვლასაც შნო და მარიფათი სჭირდება

AutoSharing Option
ძალიან გაუჭირდა ლა ლიგას 21-ე ტურში "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" ერთ-ერთი აუტსაიდერის "ალავესის" დამარცხება, რომელთანაც წინა სეზონში სენსაციურად წააგო და რომ არა მსაჯის იგნასიო იგლესიასის დაშვებული შეცდომები, ალბათ მორიგ 3 ქულას ვერც მიითვლიდა.

რაღაც თავდაჯერებულები გავიდნენ "ბარსას" ფეხბურთელები მოედანზე, მათი შეტევები ადვილად კითხვადი იყო და მხოლოდ მაშინ იქმნებოდა მეტოქის კართან ხიფათი, როდესაც ტემპს უმატებდნენ. სავარაუდოდ, კლასის ხარჯზე გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულნი.

მეტოქე კი გამეტებით იცავდა თავს და პირველ ტაიმში სამი სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა, რომელთაგან ერთი გვიდეტიმ  ტერ შტეგენის კარის აღებით დააგვირგვინა.

ვალვერდეს
გუნდს როგორც წესი გოლების უმეტესობა ნაანტრაქტევს გააქვს. ამჯერადაც ასე მოხდა. თუმცა, ეს ერთობ გაუძნელდა, რამეთუ "ალავესის" მწვრთნელი აბელარდო ჩინებულად იცნობს თავის ყოფილ გუნდს და დაცვაც ორგანიზებულად დაუპირისპირა.

ორი მომენტი პაულინიომ გააცუდა, ერთი პიკემ და როგორც იქნა, 72-ე წუთზე ინიესტას გადაცემულ ბურთს სუარესმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი (იმ მომენტში ბურთი თითქოს ოდნავ პიკეს შეეხო).

მერე არბიტრმა არდასანიშნი საჯარიმო დანიშნა, ვინაიდან ალკასერი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო პაჩეკომ მესის დარტყმული არგასაშვები ბურთი გაუშვა.

მატჩის დასასრულს კი საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე უმტიტის მოხვდა და რეფერიმ პენალტი არ დადო. ვერაფერს იტყვი, ბლაუგრანას ყველა სიტუაციაში ეხერხება გამარჯვების მოპოვება - ტალღების წარმოქმნას და მერე წყლიდან მშრალად ამოსვლასაც შნო და მარიფათი სჭირდება.

ასე და ამგვარად, "ბარსელონამ" პრიმერაზე წაუგებელი მატჩების სერია 21-მდე გაზარდა და ლა ლიგაზე 2009/2010 წლების სეზონში დამყარებული თავისივე რეკორდი გაიმეორა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული