ლა ლიგა. XXII ტურის წინ: მკაცრი კონტროლის ქვეშ...

AutoSharing Option
...88-ე წუთზე ოსკარ მელენდომ იასპერ სილესენის კარი აიღო და კატალონიის დედაქალაქის ნაწილი უზომოდ გაახარა - "ესპანიოლმა" "ბარსას" თასზე 1:0 მოუგო.

მესის და კომპანიის პასუხი 2:0 იყო "კამპ ნოუზე", გოლები თავიდანვე გაიტანეს ლუის სუარესმა და ლეომ. თამაშის მერე კი ბუსკეტსმა და პიკემ თავს უფლება მისცეს და "ესპანიოლი" შეურაცხყვეს, რის გამო ეს კლუბი ახლაც ჩივის.

პიკემ თქვა, რომ მას "ესპანიოლი" ბარსელონურ კლუბად არ მიაჩნია. ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამას პიკეს მწარედ შეახსენებენ ყოფილ "კორნელია ელ-პრატზე".

"ესპანიოლს" ერთი უპირატესობა აქვს, "ბარსა" სამ ფრონტზე
იბრძვის - ლა ლიგაში, ხუთშაბათს თასზე "ვალენსიასთან" და მალე ჩემპიონთა ლიგის დროც მოვა. "ესპანიოლს" კი მხოლოდ ლა ლიგა დარჩა.

ეს თამაში ესპანეთის ძალადობის წინააღმდეგმა კომისიამ უკვე შეიყვანა მაღალი რისკის ღონისძიებების ნუსხაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებებიც, გამკაცრდება კონტროლი.

თავის მხრივ "ესპანიოლმა" სთხოვა ფანებს, რომ აღარ მოიქცნენ ისე, როგორც ორი კვირის წინ, როცა სილესენს კინაღამ რაღაც საგანი გაარტყეს, ხოლო ტრიბუნებიდან "ბარსას" შეურაცხმყოფელი ფრაზები და სიმღერები ისმოდა. ფანებს უკვე მოსთხოვეს თამაშზე ნაადრევად გამოცხადნენ, არ იქნებიან დაშვებული "ბარსას" ფანები, გარდა სპეციალურად გამოყოფილი სტუმართა სექტორისა. აი, რა ქნა პიკეს ერთმა გაუაზრებელმა ფრაზამ...

გამოფხიზლებული "რეალი" ისევ ვალენსიაში მიდის, ამჯერად, "ლევანტესთან" სათამაშოდ. "რეალს" ამ თამაშისთვის შეიძლება დაუბრუნდეს რაფაელ ვარანი. საერთოდაც, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის დიდი პრობლემა ტრავმებია - ამ სეზონში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ მიუღია ტრავმა "სამეფო კლუბში", ნაჩო ფერნანდესს.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" დიდი დაპირისპირებაა "ატლეტიკო" "ვალენსიას" მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში მეორე ადგილისკენ უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს, "ღამურებს" კონკურენტობიდან ჩამოიცილებს.

ფაქტები
"ბარსელონას" უკვე 28 ტურია, არ წაუგია.
"ბარსელონას" ბოლო 8 მატჩია, შეხვედრაში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გააქვს.
ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 5-ში "ბარსელონამ" შეხვედრა "მშრალად" დაასრულა.
"ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან 8-ში გოლი არ გაუშვა.
"ატლეტიკოს" ბოლო 27 ტურში მხოლოდ 2 მარცხი აქვს.
"ვალენსია" პირველად თამაშობს "ვანდა მეტროპოლიტანოზე".
"ვილიარეალმა" ბოლო სამ საგარეო მატჩში ლა ლიგაში გოლი არ გაუშვა.

ლა ლიგა. XXII ტური
პარასკევი, 2 თებერვალი
სოსიედადი-დეპორტივო 5:0
გოლები: 1:0 ვილიან ხოსე (32),2:0, 5:0 ასიერ ილიარამენდი (62, 89), 3:0 სერხიო კანალესი (75), 4:0 არიც ელუსტონდო (82)

შაბათი, 3 თებერვალი
ეიბარი-სევილია 16:00
ბეტისი-ვილიარეალი 19:15
ალავესი-სელტა 21:30
ლევანტე-რეალი 23:45

კვირა, 4 თებერვალი
ხეტაფე-ლეგანესი 15:00
ესპანიოლი-ბარსელონა 19:15
ჟირონა-ბილბაო 21:30
ატლეტიკო-ვალენსია 23:45

ორშაბათი, 5 თებერვალი
ლას პალმასი-მალაგა 23:59

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა), სიმონე ძაძა (ვალენსია), ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული