ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის თქმით, არჩევანის გაკეთებისას ფედერაციის წევრები ერთსულოვნები იყვნენ.
48 წლის ესპანელ სპეციალისტს აქამდე "ბარსელონაში", "სელტასა" და "რომაში" უმუშავია. ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ენრიკეს უახლოეს მომავალში წარადგენენ.
ესპანეთის ნაკრების სპორტულ დირექტორად კი ბენვენიდო მოლინა დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხუან ლოპეტეგი მუნდიალის დაწყებამდე, "რეალთან" კონტრაქტის გაფორმების გამო გაათავისუფლეს.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
მუნდიალზე ნაკრებს ფერნანდო იერო წვრთნიდა, რომელიც აქამდე სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.