მებრძოლები - დიეგო კოშტა და სერხიო რამოსი იბრძვიან და არ წუწუნებენ

AutoSharing Option
შეიძლება "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა და "რეალის" მცველი სერხიო რამოსი არ მოგწონდეთ, მაგრამ არ შეიძლება არ აღიაროთ, რომ ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და როგორც ახლა მოდაში შემოვიდა თქმა - ყველაფერს მოედანზე ტოვებენ (ნუ, თითქმის ყველაფერს).

გუშინაც ჯარიმის ზღვარზე ითამაშა ორივემ და მსაჯ შიმონ მარჩინიაკს შეეძლო ორივე გაეძევებინა, მეტადრე დიეგო, მაგრამ თამაში არ წაახდინა და სანახაობა არ გააფუჭა. საფეხბურთო წესები არბიტრს მოქმედების და არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს და ზუსტად არაა დადგენილი, სადაა გავლებული ზღვარი ხისტ თამაშსა და უხეშობას, დაშვებულსა და დაუშვებელს შორის.

სერხიომ
პენალტიდან გაიტანა გოლი და "რეალის" პირველი ფეხბურთელი შეიქნა, რომელმაც სუპერთასის ორ მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი (2016 წელსაც გაიტანა), ხოლო კოშტამ დუბლი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან დამატებით დროში გატანილ ორივე გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

"როხიბლანკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ სწორი მიმართულება მისცა გუნდში დიეგოს განვითარებას. მეტიც, როდესაც "ჩელსიდან" გადაჰყავდა, უკვე იცოდა, რა როლს მიანიჭებდა ამ ერთობ რთული ხასიათის ადამიანსა და ფეხბურთელს, სპორტსმენს, რომელმაც გაცემული ავანსი გაამართლა და ნამატჩევს რამოსი შეაქო:

"დიდებული ფეხბურთელია. ცხოვრებაში მეგობრები ვართ, მოედანზე კი - მეტოქეები. ორივეს გვიყვარს გამარჯვება. რაც მოედანზე ხდება, იქვე უნდა დარჩეს".

ვერაფერს იტყვი, სწორი მიდგომაა და მართალია, ისინი ლამაზად მობურთალნი არ არიან, მაგრამ ფეხბურთს სჭირდება მათი დარი ფეხბურთელები, ბოლომდე მებრძოლები, რომლებიც მოწინააღმდეგის დაცემინებაზე მოედანზე არ გაიშხლართებიან და ნამატჩევს ნაიარევებზე წუწუნს არ დაიწყებენ.

altლოპეტეგიმ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა - "ატლეტიკომ" უეფას სუპერთასზე "რეალი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ori simulisnti ertmanets ejibreboda si. Uliantobashi
Mamuka
11:10 17-08-2018
4

სიახლეები პოპულარული