ლა ლიგა. IV ტურის წინ: გრანდების ბასკური გამოცდა

AutoSharing Option
ესპანური ფეხბურთის სამივე გრანდს ბასკურ გუნდებთან ელის დაპირისპირება - ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" სან სებასტიანში "სოსიედადს" შეხვდება, "სამეფო კლუბს" გასვლა აქვს ბილბაოში, შედარებით იოლი მატჩი ელის "ატლეტიკოს", რომელიც შინ "ეიბარს" დაუხვდება...

ასიერ გარიტანოს გუნდი დიდი დანაკლისით დაუხვდება "ბარსას" - შეტევაში ორი ძლიერი ფეხბურთელი აკლია - სანდრო რამირესი და ვილიან ჟოზე. არ იქნება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი დიეგო ლორენტე, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და თვეები დააკლდება გუნდს.

ამას დავუმატოთ ადნან იანუზაის არყოფნაც და მივხვდებით, როგორ მდგომარეობაში ხვდება "ჩური ურდინი" ჩემპიონს. აი, "ბარსელონას" კი
ამ მხრივ საერთოდ არ უჭირს, ერთადერთი ფეხბურთელია ტრავმირებული და ისიც, სერხი სამპერი, ძირითადის მოთამაშედ ისედაც არ ითვლება. "ბარსას" ბასკ თავკაც ერნესტო ვალვერდეს თავისუფლად შეუძლია უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა.

გავიხსენოთ, "ბარსას" ბოლო ვიზიტი სან სებასტიანში, პირველი ნახევარი საათის შემდეგ "სოსიედადი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ლუის სუარესმა გაიბრწყინა, დუბლი და 1 საგოლე პასი გააკეთა და "ბარსამ" 4:2 მოიგო.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე

ბილბაოში ხულიენ ლოპეტეგის პირველი სერიოზული გამოცდა ელის. მას ნახევარდაცვაში აქვს გადასაწყვეტი, რომელ ვარსკვლავს მოუწევს სკამზე ჯდომა. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ბრაზილიელი კაზემირო იყო. ბილბაოს არიც ადურისი, ინიგო მარტინესი და ინიაკი ვილიამსი უბრუნდებიან.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

"ატლეტიკოს" "ეიბართან" დისკვალიფიცირებული სავიჩი დააკლდება. არ იქნებიან არც ვიტოლო და არიასი, ძალზე საეჭვოა ანხელ კორეასა და ნიკოლა კალინიჩის თამაში.

ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ დაპირისპირებას "მესტალიაზე", სადაც "ვალენსია" "ბეტისს" მასპინძლობს.

ფაქტები
  • "ბარსელონა" ლა ლიგის ბოლო 38 მატჩიდან 37-ში დაუმარცხებელია.
  • "რეალ სოსიედადმა" ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7 მოიგო. თანაც, ამ შვიდი მატჩის ყოველი ტაიმი ბასკთა გამარჯვებით დასრულდა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 22 საშინაო მატჩიდან 21 მოიგო.
  • ყველა შეჯიბრებაში "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადს" ბოლო 5 დაპირისპირება მოუგო.
  • "რეალს" ლა ლიგაში ბოლო 29 საგარეო მატჩიდან 26-ში არ წაუგია.
  • "რეალს" "ბილბაოსთან" ბოლო 6 დაპირისპირებაში (ყველა შეჯიბრება) არ წაუგია.
  • "ატლეტიკოს" "ეიბართან" ბოლო 12 შეხვედრაში არ წაუგია.
  • "სევილიას" შინ 6 ტურია, რაც არ წაუგია.
  • "ვალენსიამ" "ბეტისთან" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.

ლა ლიგა. IV ტური
პარასკევი, 14 სექტემბერი
უესკა-რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 ჯიანელი იმბულა (29)

შაბათი, 15 სექტემბერი
ატლეტიკო-ეიბარი 15:00
სოსიედადი-ბარსელონა 18:15
ვალენსია-ბეტისი 20:30
ბილბაო-რეალი 22:45
კვირა, 16 სექტემბერი
ლეგანესი-ვილიარეალი 14:00
ესპანიოლი-ლევანტე 18:15
ვალიადოლიდი-ალავესი 20:30
სევილია-ხეტაფე 22:45

ორშაბათი, 17 სექტემბერი
ჟირონა-სელტა 23:00

ბომბარდირები: 4 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - გარეთ ბეილი (რეალი), ალექს გალიარი (უესკა), ხოსე მორალესი (ლევანტე), მარტი როხერი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული