ლა ლიგა. IX ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "კამპ ნოუზე"

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგაში მე-9 ტურის მთავარი მატჩი "კამპ ნოუზეა", სადაც ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" მოულოდნელ ლიდერ "სევილიას" მასპინძლობს. პირველ-მეორე ადგილზე მყოფ გუნდებს ქულა აშორებთ.

ლა ლიგაში მთავარი გრანდების არცთუ დამაჯერებელი სტარტის გამო, ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა - ლიდერ "სევილიას" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მე-6 ადგილზე მყოფი "ალავესი".

"სევილია" ბარსელონაში 4-მოგებიანი სერიით ჩადის ლა ლიგაში, თუმცა ანდალუსიელებს ბოლო დროს თითქმის არაფერი გამოსდით "ბარსასთან" - ბოლო 8 ურთიერთდაპირისპირებიდან 7 კატალონიელებმა მოიგეს. ბოლო ამათი დაპირისპირება ესპანეთის სუპერთასზე, აგვისტოში შედგა. "ბარსამ" ჟერარდ
პიკესა და უსმან დემბელეს გოლების წყალობით მეტოქე 2:1 დაამარცხა და სეზონის პირველი ტიტულიც - მოიგო.

სტუმრებს ორი ფრანგი ამადუ და გონალონი - აკლიათ, ცოტა საეჭვოა მერკადოსა და ესკუდეროს თამაში. "ბარსას" უმტიტი ტრავმის გამო დააკლდება, სერხი რობერტოსა და სამპერის თამაშიც ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა, სანაკრებო პაუზამ ბევრს გადაავიწყა, რომ "ბარსელონაში" კრიზისია - ბოლო 4 ტურში გუნდს ვერ მოუგია. სწორედ ამის გამო, მან ლიდერობა დაკარგა და ახლა "სევილიას" უდგას კვალში. ბოლოს ასეთი უიღბლო სერია "ბარსას" 2009 წელს ჰქონდა. ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ დაუპირისპირდება პაბლო მაჩინს. ჯერ ეს დაპირისპირებები მხოლოდ ბასკის გამარჯვებით სრულდებოდა.

მასპინძლებს კვლავ ლიონელ მესის ეიმედებათ, რომელმაც ახლახან სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. ლეომ სექტემბერში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც გააკეთა. არგენტინელის ანგარიშზე დუბლია "უესკას" კარშიც. სტუმართა შორის კი განსაკუთრებით ანდრე სილვასი ეიმედებათ - პორტიგალიელმა ფორვარდმა ბოლო 4 მატჩში ლა ლიგაში 4 გოლი გაიტანა.

"სევილიამ" ბოლოს "კამპ ნოუზე" 2002/03 წლების სეზონში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ბარსელონა (სავარაუდო, 4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო

სევილია (სავარაუდო, 5-3-2): ვაჩლიკი - ხესუს ნავასი, კარისო, კიაერი, სერხი გომესი, არანა - სარაბია, ბანეგა, ფ. ვასკესი - ბენ იედერი, ანდრე სილვა

ხულიენ ლოპეტეგის "რეალი" ვალენსიურ "ლევანტეს" მასპინძლობს. ბოლო 11 დაპირისპირებაა, რაც "რეალს" "ლევანტესთან" არ წაუგია. "რეალს" კვლავ აკლია მარსელო, ისკო, კარვახალი და ბენზემა. სტუმართა დანაკარგი ტრიოა - ალბანელი სადიკუ და ესპანელები, კოკე და ჩემა.

შეგახსენებთ, რომ "რეალს" 4 თამაშია, რაც გოლი არ გაუტანია. ასეთი რამ კი "სამეფო კლუბს" 1985 წლის შემდეგ არ მოსვლია. "რეალის" მშრალი სერია 409 წუთია, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგებში ყველაზე მაღალი შედეგია, თუ ფრანგულ "დიჟონს" არ ჩავთვლით.

რეალი (სავარაუდო, 4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, მარიანო დიასი, ასენსიო

ძალზე საინტერესო ბრძოლა გველის "კერამიკაზეც", სადაც "ვილიარეალი" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს. ბოლო 4 მატჩია ლა ლიგაში, რაც "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია, მაგრამ უახლოეს ისტორიას თუ გავიხსენებთ - "ატლეტიკოს" ბოლო სამი მატჩი ამ სტადიონზე წაგებული აქვს.

ატლეტიკო (სავარაუდო, 4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - გრიზმანი, ა. კორეა.

ლა ლიგა. IX ტური
პარასკევი, 19 ოქტომბერი
სელტა-ალავესი 0:1
გოლი: 01 ტომას პინა (58)

შაბათი, 20 ოქტომბერი
რეალი-ლევანტე 15:00
ვალენსია-ლეგანესი 18:15
ვილიარეალი-ატლეტიკო 20:30
ბარსელონა-სევილია 22:45

კვირა, 21 ოქტომბერი
რაიო ვალეკანო-ხეტაფე 14:00
ეიბარი-ბილბაო 18:15
უესკა-ესპანიოლი 20:30
ბეტისი-ვალიადოლიდი 22:45

ორშაბათი, 22 ოქტომბერი
სოსიედადი-ჟირონა 23:00

ბომბარდირები: 8 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ანდრე სილვა (სევილია); 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 5 - ვისამ ბენ იედერი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული