ლა ლიგა. X ტურის წინ: წარმოუდგენელი ელ კლასიკო, არც მესი და არც რონალდო

AutoSharing Option
ესპანეთში საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი დაპირისპირების დრო მოვიდა - კვირას "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკოა" - ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" ხულიენ ლოპეტეგის "რეალს" მასპინძლობს.

"რეალის" ახალმა თავკაცმა აქამდეც ძლივს მოაღწია და თუ კატალონიაში წააგებს, შეუძლია ჩემოდნები ჩაალაგოს და მშობლიური ბასკეთის გზას გაუდგეს.

ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად "ელ კლასიკოს" ლიონელ მესის გარეშე უნდა ვუყუროთ - ლეომ "სევილიასთან" მატჩში ხელზე ძვალი მოიტეხა და ვერაფრით ვერ ითამაშებს "რეალის" წინააღმდეგ.

არადა, კლასიკო ისედაც გაღარიბებულია სუპერვარსკვლავებისგან, რადგან "სამეფო კლუბი" დატოვა და ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა კრიშტიანო რონალდო. ასე
რომ, "კამპ ნოუზე" სხვა ხალხის ჟრიამული" იქნება - მესის არყოფნაში, "ბარსას" ლიდერობა საკუთარ თავზე ფილიპე კოუტინიომ უნდა აიღოს, "რეალში" კი ასეთი კანდიდატი ისკოა.

სტუმრებს მწვავედ ლუის სუარესი შეუტევს, ხოლო გარეთ ბეილი კონტრშეტევებზე შეეცდება "ბარსას" გამწარებას.

"ბარსას" პრობლემა მხოლოდ მესი არ არის - გუნდს არ ეყოლება არც სამუელ უმტიტი და თომას ვერმალენი. ასე რომ, დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკეს, რომელიც ბოლო დროს ბევრ დროს საკუთარ ბიზნესს უთმობს და მოედანზე უხეში შეცდომები მოუმრავლდა, კლემან ლონგლე შეუწყვილდება. "რეალს" არ ეყოლება დანი კარვახალი და არც ჩემპიონთა ლიგაზე დაშავებული მარსელო.

"ბარსელონა" კლასიკოს პირველ ადგილზე ხვდება 18 ქულით, თუმცა იდეალურად საქმე არც ერნესტო ვალვერდეს აქვს. კატალონიელები 4 ქულით უსწრებენ "რეალს", რომელიც ლა ლიგაში მეშვიდეა და ისეთი კლუბები უსწრებენ, როგორიც "ალავესი", "ესპანიოლი" და "ვალიადოლიდია". ხულიენ ლოპეტეგი ლიგაზე "პლზენის" დამარცხებამ იხსნა და მან სკამი "ელ კლასიკომდე" შეინარჩუნა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ჟორდი ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - სერხი რობერტო, ლ. სუარესი, კოუტინიო

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოსოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ისკო

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ბოლო 36 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგაში) 32-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • ოფიციალურ მატჩებში სულ 237 კლასიკო ჩატარდა, რომელთაგანაც 95 "რეალმა" მოიგო, ხოლო 92 "ბარსელონამ". ბურთების სხვაობა 401:386-ია "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.
  • "ბარსელონამ" შინ 61 ოფიციალური კლასიკო მოიგო.
  • ამხანაგურ მატჩებსაც თუ დავუმატებთ, "რეალს" კლასიკოებში 1 მოგება აკლია 100-მდე.
  • ყველაზე დიდი ანგარიში 1943 წელს დაფიქსირდა, როცა კოპაზე "რეალმა" "ბარსა" 11:1 გაანადგურა.
  • ლიონელ მესიმ "რეალს" კარიერაში 26 გოლი გაუტანა.
  • მესი კლასიკოების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირია, 18-18 გოლი ალფრედო დი სტეფანოსა და კრიშტიანო რონალდოს აქვთ.
  • ლა ლიგის კლასიკოების გოლებით პირველზე მესია - 18, მეორეზე დი სტეფანო - 14, მესამეზე სესარი - 12.
  • ყველაზე მეტ კლასიკოში მანუელ სანჩისმა ითამაშა - 43.
  • სერხიო რამოსი მონაწილეობით ლიონელ მესის გადაუსწრებს 39-ე მატჩს ითამაშებს და მოქმედ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე გადავიდა.

ლა ლიგა. X ტური
პარასკევი, 26 ოქტომბერი
ვალიადოლიდი-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 ბორხა იგლესიასი (20), 1:1 დანიელე ვერდე (90+1)

შაბათი, 27 ოქტომბერი
ჟირონა-რაიო ვალეკანო 15:00
ბილბაო-ვალენსია 18:15
სელტა-ეიბარი 20:30
ლევანტე-ლეგანესი 20:30
ატლეტიკო-სოსიედადი 22:45

კვირა, 28 ოქტომბერი
ხეტაფე-ბეტისი 15:00
ბარსელონა-რეალი 19:15
ალავესი-ვილიარეალი 21:30
სევილია-უესკა 23:45

ბომბარდირები: 8 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული