გაწუწურაქებული ბაბუა ფლო "რეალს" უფსკრულისკენ მიაქანებს

AutoSharing Option
წავიდა რონალდო და დაკარგა ლა ლიგამ თავისი ხიბლი, რადგან დარჩა მესისა და კრიშტიანოს ტრადიციული მეტოქეობის გარეშე და მესის გარეშეც ანადგურებს "ბარსელონა" "რეალს".

"სამეფო გუნდი" 10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. ასეთი რამ უკანასკნელად 17 წლის წინ მოხდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, თუმცა მთლად ასეთ შედეგს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. ბასკ სპეციალისტს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა და ამ დროს, "ბარსასთან" თამაშისას ხარაკირი ჩაიტარა. როდესაც 0:2-ს აგებდნენ, ვა-ბანკზე წავიდა, თამაში გახსნა. გახსნა "ნოუ კამპზე", მის ფართო მოედანზე, სადაც ასეთ სიტუაციაში კატალონიური
გრანდი ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

გადაყენებული მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის მამამ, ხოსე ანტონიო ლოპეტეგიმ დაიჩივლა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა არც ერთი ვარსკვლავი არ შეიძინა, რონალდო გაყიდა და ამით მის შვილს სეზონში 50 გოლი მოპარა. ერთი სიტყვით, ამტკიცებს, რომ ხულენი გაწირეს. თუმცა, ხულენი ფეხბურთში გუშინ და გუშინწინ მისული კაცი არაა და შესანიშნავად იცოდა, რა მდგომარეობაში მყოფ გუნდს ჩაიბარებდა და პერესი რომ კარგა ხანია ტრანსფერებზე დიდ ფულს არ ხარჯავს.

ლოპეტეგი პერესმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე დანიშნა მწვრთნელად და ფაქტობრივად, ესპანეთის ნაკრებს ორივემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ასეთი რამ არ გაგებულა, ეს ნამდვილი ღალატი იყო. ღალატი "ფურია როხასი", ღალატი ესპანეთისაც. ჰოდა, შედეგიც მიიღეს. ოღონდ ამ შედეგით ფეხბურთი აზარალეს.

30 სექტემბერს წერილი გამოვაქვეყნე: "ბაბუა ფლო გაწუწურაქდა და წაბარბაცდა - "რეალსაც" ლოპეტეგი გადაარჩენს?".

"ზიდანი წავიდა, ლოპეტეგი მივიდა. მის პრეზენტაციაზე 72 წელს მოყრილი, გაწუწურაქებული ბაბუა ფლო (ფლორენტინო პერესი) წაბარბაცდა და ხულენმა ხელი შეაშველა. "რეალის" პრეზიდენტი არ წაიქცა. მოახერხებს კი ბასკი სპეციალისტი რონალდოს გარეშე დარჩენილი "რეალის" წაქცევისგანაც გადარჩენას?", - აღვნიშნე წერილში. ვერ შეძლო.


შეეძლო კი? ლოპეტეგის მთავარი იმედი და დასაყრდენი ისკო გახლდათ, რომელიც კარგი ფეხბურთელია და მხოლოდ. ის ვერასოდეს ვერ გახდება სუპერვარსკვლავი, რადგან საამისო მონაცემები უბრალოდ, არა აქვს. ბოძებული შანსი ვერც მარკო ასენსიომ და ვერ ლუკას ვასკესმა ვერ გამოიყენეს.

ქარიმ ბენზემა რონალდოს გარეშე უფუნქციო გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონში პრიმერაზე თავისი გუნდიდან სხვებზე მეტი გოლი (4) მან გაიტანა. გარეთ ბეილი კი, როგორც "რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ მოსწრებულად თქვა, მისმა სატრანსფერო ფასმა შექმნა ილუზია, თითქოს მსოფლიოს სუპერვარსკვლავია.

შეიძლება ზოგიერთი არ დამეთანხმოს, მაგრამ ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი უფრო "მუშა ფუტკრები" არიან, ვიდრე "თამაშის გამკეთებელი ფეხბურთელები".

ეს იყო სრულად რონალდოზე აწყობილი გუნდი და ეს ჩინებულად იცოდა ზინედინ ზიდანმა, რომელიც ძალიან ჭკვიანი ადამიანია - სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და გადადგა. მას ესმოდა, დარჩენა რას უქადდა და რომ პერესი არ დაინდობდა.

და მთავარი: რა ელის "რეალს"? ანტონიო კონტემ პერესს უარი უთხრა, რადგან სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გაფორმება არ აწყობდა. მან იცის, რომ შექმნილ ვითარებაში მდგომარეობის გამოსწორების მინიმალური შანსი ექნებოდა და თან, "ჩელსისგან" 6-მილიონფუნტიან კომპენსაციას დაკარგავდა.

ისიც სათქმელია, რომ კონტე არაა ამ გუნდის შესაფერისი მწვრთნელი. არაა, უპირველეს ყოვლისა, თავისი კატენაჩიოს გამო. "რეალი" სხვაა, ის შეტევაა, ის შემოქმედებითი ფეხბურთია, მას ძალზე პრეტენზიული გულშემატკივარი ჰყავს და იტალიელის ზეპრაგმატიზმს ელემენტარულად ვერ აიტანდნენ.

ახლა ლაპარაკია ბელგიის ნაკრების დამრიგებელზე, რობერტო მარტინესზე, იქამდე კი 15 დღის განმავლობაში გუნდს სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს. მას თავის წარმოსაჩენად 4 მატჩი აქვს: "მეილიასთან", "ვალიადოლიდთან", "პლზენსა" და "სელტასთან", ხოლო 24 ნოემბერს "ეიბართან" შეხვედრაში ბლანკოსს უკვე არა დროებითი, არამედ მთავარი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.

პროგნოზის გაკეთება თქვენთვის მომინდვია, თუმცა სიტუაცია რომ კრიტიკულია, ჯიუტი ფაქტია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული