ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: აქეთ მესი და სუარესი, იქით ასპასი და გომესი

AutoSharing Option
პარასკევ-კვირას წლის უკანასკნელი ტური ლა ლიგაში "სამეფო კლუბის" გარეშე იმართება - მაშინ, როცა ესპანეთში მე-17 ტურის მატჩები გახურდება, "რეალი" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივ "ალ აინთან" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს ითამაშებს.

ცნობილია, როდის გაიმართება სანტი სოლარის გუნდის დაპირისპირება "ვილიარეალთან" - ეს იქნება წლის პირველი მატჩი 3 იანვარს.

4 იანვარს უკვე ახალი, მე-18 ტური იწყება. ასე რომ, ესპანეთში საშობაო პაუზა მეტად მცირეა - დაახლოებით ათდღიანი.

22-ში ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება - ლიდერი და ჩემპიონი "ბარსელონა" ვიგოს "სელტას" უმასპინძლებს. მასპინძლებს აუცილებლად
დააკლდებათ სამუელ უმტიტი და რაფინია, ძალიან საეჭვოა, რომ სერხი რობერტომ ან სერხი სამპერმა ითამაშონ.

სტუმართა მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა, იაგო ასპასია. 31 წლის ფორვარდს ამ სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი შედეგია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "ბარსას" ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც კიდევ უფრო მეტი გაიტანეს - ლიონელ მესი (14 გოლი) და ლუის სუარესი (11).

"სელტაში" არც მაქსი გომესის დავიწყება შეიძლება, ურუგვაელს უკვე 8 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში.

ამ გუნდებმა "კამპ ნოუზე" ბოლოს 2018 წლის იანვარში თასზე ითამაშეს - "ბარსამ" მეტოქე 5:0 გაანადგურა (მესიმ დუბლი შეასრულა), თუმცა შარშან დეკემბერში ჩემპიონატში "ბარსამ" შინ ვერ მოუგო გალისიურ კლუბს - 2:2. გოლები ამ თამაშში სწორედ იმ ხალხმა გაიტანა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ - მესიმ და სუარესმა "ბარსასგან", ასპასმა და გომესმა "სელტას" მხრიდან.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

სელტა (4-4-2): რუბენი - მალიო, კოსტასი, არაუხო, ალონსო - ბ. მენდესი, ოკაი, ბელტრანი, ბუფალი - ასპასი, მაქსი გომესი.

ფაქტები
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 38 ტურიდან 34-ში მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" ბოლო 38 თამაშიდან 37-ში არ წაუგია.
  • როცა "სელტა" სტუმრად თამაშობს, მატჩში, როგორც წესი, ბევრი გოლი გადის - ბოლო 9 ასეთი მატჩიდან 8-ში 2.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.
  • "ბარსელონას" "სელტას" წინააღმდეგ შინ ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში 2.5 გოლზე მეტი გააქვს.

"ბარსელონას" ერთი მდევარი, "ატლეტიკო" მადრიდში "ესპანიოლს" მასპინძლობს, მეორე მდევარიც - "სევილია" - მადრიდში თამაშობს, "ლეგანესის" წინააღმდეგ. გველის ერთი საინტერესო ბასკური დერბიც - " სოსიედადი" სიტუაციის გამოსწორებას "ალავესთან" შეეცდება, რომელიც წინა ტურში "ბილბაოს" დაუზავდა.

ლა ლიგა. XVIII ტური
პარასკევი, 21 დეკემბერი
ჟირონა-ხეტაფე 1:1
გოლები: 0:1 ანხელი (61), 1:1 ბერნარდო ესპინოზა (85)

სოსიედადი-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 ჯონათან კალიერი (11)

შაბათი, 22 დეკემბერი
ბეტისი-ეიბარი 16:00
ატლეტიკო-ესპანიოლი 19:15
ბარსელონა-სელტა 21:30
ბილბაო-ვალიადოლიდი 23:45

კვირა, 23 დეკემბერი
ვალენსია-უესკა 15:00
ლეგანესი-სევილია 19:00
რაიო ვალეკანო-ლევანტე 21:30

ხუთშაბათი, 3 იანვარი
ვილიარეალი-რეალი 01:30

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 8 - მაქსიმილიანო გომესი (სელტა), ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი), როხერ მარტი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული