ლა ლიგა. XXII ტურის წინ: "ღამურები" კამპ ნოუზე

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის დაპირისპირება სატურნირო მნიშვნელობის გარეშეც მოვლენაა ლა ლიგაში და ახლა ეს დანიშნულებაც შეიძინა - მარსელინოს გუნდმა შეუმჩნევლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა - "ღამურები" უკვე მე-7 ადგილზე არიან, თუმცა ეს ჯერ მათ თამაშში სრულფასოვნად არ ასახულა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი მორიგი საჩემპიონო ტიტულისკენ ძალიან დამაჯერებლად მიიწევს.

მართალია, კატალონიურ გრანდში ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ "ბარსა" ყველა პრობლემას საბოლოოდ მაინც აგვარებს. ამის ნათელი მაგალითი კი სათასო ბატალიაა "სევილიას" წინააღმდეგ. "ბარსა" ლეო მესის გარეშე "სანჩეს პისხუანზე" 0:2 დამარცხდა და ბევრმა ის ჩამოწერა
კიდეც კოპა დელ რეის გათამაშებიდან, მაგრამ ვალვერდეს გუნდმა "კამპ ნოუზე" ოთხშაბათს ანდალუსიელებს კოშმარული საღამო მოუწყო - 6:1 გაანადგურა!

ეს ყველაფერი შეიძლება, არც მომხდარიყო, 27-ე წუთზე ევერ ბანეგას 0:1-ზე პენალტი რომ გაეტანა, ამის შემდეგ "ბარსას" გაჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამ შეხვედრაში ფილიპე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, მესის ანგარიშზე კი გოლი პლუს პასია.

"ბარსა" ზუსტად 20 ქულით უსწრებს "ვალენსიას", რომელიც ევროზონაში ასვლისთვის იბრძვის. ვალვერდეს გუნდი "ღამურების" წინააღმდეგ 4 ვარსკვლავის გარეშე ითამაშებს. თუ სამუელ უმტიტისა და რაფაელ ალკანტარას არყოფნას ყველა შეეგუა, უსმან დემბელე დიდი დანაკლისია, როგორც სერხიო ბუსკეტსი. ფრანგი ტრავმირებულია, ესპანელი - დისკვალიფიცირებული.

ბუსკეტსის პოზიციაზე ივან რაკიტიჩი ითამაშებს, ასე რომ, დიდი შანსია, მოედანზე ერთად ვიხილოთ ბრაზილიელი არტურიც და ჩილელი არტურო ვიდალიც. დემბელეს პოზიციას კი კოუტინიო შეავსებს და ამ მხრივ, "ბარსას" პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ბრაზილიელი ფორმაში შევიდა.

დისკვალიფიცირებული "ვალენსიასაც" ჰყავს - ცენტრალური მცველი მუქტარ დიაქაბი. გონსალო გედეში და ჯეფრი კონდოგბია თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებენ, ხოლო ესეკიელ გარაის თამაში საეჭვოა, მაგრამ მარსელინოს სხვა გზა არ აქვს, არგენტინელი ბრაზილიელ გაბრიელს უნდა შეუწყვილოს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, არტური - მესი, ლ. სუარესი, კოუტინიო
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი, პარეხო, კოკლენი, ჩერიშევი - როდრიგო, მინა

ტურის სხვა დაპირისპირებებიდან ინტერესს იწვევს "რეალის" შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ალავესის" წინააღმდეგ. "ალავესმა" აშკარად მოუკლო, თუმცა 32 ქულით ჯერაც მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. "ბარსას" მთავარი კონკურენტი "ატლეტიკო" სევილიაში ჩადის "ბეტისთან" სათამაშოდ. ამ შეხვედრასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს სატურნირო თვალსაზრისით. არც ტრადიციული ბასკური დერბი დავივიწყოთ სან სებასტიანში, სადაც "რეალ სოსიედადი" "ბილბაოს" უმასპინძლებს. მოკლედ, საინტერესო ტური გარანტირებულია...

ფაქტები
  • ლა ლიგის ბოლო 8 ტურში "ბარსელონამ" მოიგო, როგორც პირველი ტაიმი, ისე სრული მატჩი.
  • ბოლო 14 საშინაო დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) "ბარსელონამ" "ვალენსიას" 12 მოუგო.
  • ბოლო 8 ტურში "ბარსას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს თამაშში.
  • ბოლო 8 ტურიდან 6-ში "ბარსელონას" გოლი არ გაუშვია.

ლა ლიგა. XXII ტური
პარასკევი, 1-ელი თებერვალი
უესკა-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 ენრიკი (19), 2:0 პულიდო (50), 3:0 გომესი (53), 4:0 ავილა (77)

შაბათი, 2 თებერვალი
ლევანტე-ხეტაფე 16:00
სოსიედადი-ბილბაო 19:15
ბარსელონა-ვალენსია 21:30
სელტა-სევილია 23:45

კვირა, 3 თებერვალი
ვილიარეალი-ესპანიოლი 15:00
ბეტისი-ატლეტიკო 19:15
ეიბარი-ჟირონა 21:30
რეალი-ალავესი 23:45
ორშაბათი, 4 თებერვალი
რაიო ვალეკანო-ლეგანესი 23:59

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 12 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ვისამ ბენ იედერი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტრადიციულად, ბარსა! ხვალ გისურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას, როგორც ყოველთვის გვჯერა შენი! შენი ერთგული ქომაგი.
ნონა
11:45 02-02-2019
3
ნონა. ბარსას გულშემატკივრების მთელი არმია უერთდება შენს სურვილს. ვისკა ბარსა!
გია1
16:46 02-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული