ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: ბასკური ტური გრანდებისთვის

AutoSharing Option
ამ ტურში სამივე გრანდი ბასკურ კლუბებთან თამაშობს. ლიდერი "ბარსელონა", რომელიც 9 ქულით უსწრებს "ატლეტიკოს", "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. დიეგო სიმეონეს გუნდი კი "ეიბარს" სტუმრობს. რაც შეეხება "რეალს", ზინედინ ზიდანის გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბილბაოს "ატლეტიკს" ელის.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი შესანიშნავ ხასიათზე ხვდება ტურს - ლეო მესის წყალობით, კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც "ლივერპულს" შეხვდება. ჯერ იქამდე დრო რჩება. ასე რომ, ვალვერდე, ალბათ, აღარ მიმართავს როტაციას, რის გამოც წინა ტურში "უესკასთან" გუნდმა დუბლიორებისა და იმ მოთამაშეების ნაზავით ვერ მოიგო.

ამ გუნდების პირველი წრის
მატჩში "ბარსამ" სან სებასტიანში 2:1 იმარჯვა. არიც ელუსტონდოს გოლს, მეორე ტაიმში ლუის სუარესმა და უსმან დემბელემ უპასუხეს.

"ეიბარს" ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული ევროთასის საგზურის მოპოვების შანსი. ასე რომ, "ატლეტიკოს" დიდი ბრძოლა ელის ბასკეთში. პირველ წრეში ამ გუნდებმა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 1:1 ითამაშეს. მადრიდელები მაშინ მარცხისგან 93-ე წუთზე ბორხა გარსესმა იხსნა. 19 წლის ფორვარდს ამის მეტი გოლი ლა ლიგაში არც გაუტანია.

დიდ ინტერესს იწვევს მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზეც", რომელიც კვირას გაიმართება. ზიდანის გუნდს "ბილბაოსთან" მოუწევს თამაში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია. პირველ წრეში ბილბაოში ამ გუნდებმა 1:1 ითამაშეს.

ლა ლიგაში ყველაზე დიდი ბრძოლა მე-4 ადგილისთვის იმართება, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ადგილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია - "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" მე-5 ადგილზე მყოფი "ხეტაფე" მე-4-ადგილოსან "სევილიას" მასპინძლობს. ამ თამაშის შედეგი ძალზე მნიშვნელოვანია "ვალენსიასთვის", რომელიც სევილიაში "ბეტისს" სტუმრობს.

ფაქტები
  • "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო სამი საშინაო მატჩი მოიგო.
  • ამ შეხვედრებში "სამეფო კლუბს" სულ მცირე, 2 გოლი გაჰქონდა.
  • "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "რეალ სოსიედადს" ბოლო 18 მატჩი მოუგო.
  • "ბარსელონას" 20 ტურია, რაც არ წაუგია.
  • "ბარსელონამ" ბოლო 12 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგა) 11-ში 2-2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა.
  • "ატლეტიკოს" "ეიბართან" ბოლო 13 მატჩი არ წაუგია (ყველა შეჯიბრება).
  • "ეიბარს" შინ ლა ლიგის ბოლო 12 მატჩიდან 11-ში არ წაუგია.

ლა ლიგა. XXXIII ტური
პარასკევი, 19 აპრილი
ალავესი-ვალიადოლიდი 23:00

შაბათი, 20 აპრილი
სელტა-ჟირონა 15:00
ეიბარი-ატლეტიკო 18:15
რაიო ვალეკანო-უესკა 20:30
ბარსელონა-სოსიედადი 22:45

კვირა, 21 აპრილი
ლევანტე-ესპანიოლი 14:00
ხეტაფე-სევილია 16:00
რეალი-ბილბაო 18:15
ვილიარეალი-ლეგანესი 20:30
ბეტისი-ვალენსია 22:45

ბომბარდირები: 33 - მესი (ბარსელონა); 20 - სუარესი (ბარსელონა); 18 - სტუანი (ჟირონა), ბენზემა (რეალი); 16 - ბენ იედერი (სევილია); 15 - ასპასი (სელტა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრადიციულად, ბარსას ვუსურვებ გამარჯვებას! მესის კი მეტი გოლების გატანას!
ნონა
14:52 20-04-2019
0

სიახლეები პოპულარული