23 აპრილს, ლა ლიგას 34-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ალავესი" 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს "ბარსას" წინააღმდეგობა, შესვენების შემდეგ კი ალენამ მათი კარი დალაშქრა, ხოლო შემდეგ პენალტით გოლი სუარესმა გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. მან კაპიტნის რანგში "ბარსაში" მე-100 მატჩი ჩაატარა.
"ბარსელონა" 80 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს", რომელიც 24 აპრილს "ვალენსიას" უმასპინძლებს, 12 ქულით გაექცა. თუ "ატლეტიკომ" წააგო, "ბარსელონა" პრიმერას დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონი გახდება.
სუარესმა, ისევე, როგორც ბენზემამ (რეალი), მიმდინარე ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა და ისინი მხოლოდ მესის ჩამორჩებიან, რომლის ანგარიშზეც 31 მატჩში 33 გოლია.
ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 18 735 მაყურებელი
ალავესი - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ალენა (54), 0:2 სუარესი (60, პენ)