მან მსოფლიოს ასწავლა ფეხბურთი - დიდი მაესტრო ფეხბურთიდან მიდის [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელი ნახევარმცველი ხავი ერნანდესი სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერას დაასრულებს.

ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი მიდის, თუმცა ხავის ფეხბურთიდან წასვლა სულ სხვა მნიშვნელობისაა, რადგან კარიერას თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი ასრულებს.

2009 წლის მაისში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო. მომდევნო 6 თვეში კიდევ 3 ტიტული მიამატა. დეკემბერში კი, მთავარი ინდივიდუალური პრიზი: ლიონელ მესიმ "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა, ხავი კი მესამე იყო.

მესის გამარჯვება შეკითხვებს არ ბადებდა. 22 წლის ლეო არ იყო ისეთი მიუწვდომელი,
როგორც მთელი გუნდი, თუმცა უკვე შეეძლო ერთი მოძრაობით ტრიბუნებისთვის აპლოდისმენტების მოწყვეტა და საკუთარი სამეფო დრიბლინგით მეტოქეების დაჯაბნა. ის კაშკაშებდა, შესამჩნევი იყო, ადვილად დამახსოვრებადი და ყველა მხოლოდ მას უყურებდა.

მაგრამ ყველაფერი შესანიშნავის - ტიტულების, ჰეთ-თრიკის, ეტოო'სა და მესის დარტყმების უკან ხავი იდგა.

ხავი ერნანდესის 10 საუკეთესო პასი

2008/09 წლების სეზონში ის ისეთი მრავალმხრივი იყო, როგორც არასდროს. ხავი ხელმძღვანელობდა თამაშს, შეტევის ტემპს, პარტნიორებსა და მოწინააღმდეგეებს. პრესინგს ისე უმკლავდებოდა და თავისუფალ სივრცეს ისე ადვილად ქმნიდა, დემიურგი გეგონებოდათ. მათემატიკური სიზუსტით აკეთებდა პასებს და ისეთი სახიფათო იყო, როგორც არასდროს. გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 30 საგოლე გადაცემა. გახდა საუკეთესო ასისტენტი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ასევე იყო "მანჩესტერთან" გამართული ფინალის მთავარი ვარსკვლავი.

სეზონის დაწყებამდე ხავიმ ევრო-2008 მოიგო და ცოტა აკლდა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლამდე. დაბალი რეჟისორის კარიერას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. მაესტრო, რომელიც ფეხბურთს 5 განზომილებაში ხედავდა, ყველაფერს გარე ეფექტების გარეშე აკეთებდა და თითქოს, ვარსკვლავური გუნდის ზედმეტ ნაწილად ჩანდა. მის გვერდით თამაშობდნენ რონალდინიო, დეკუ, იაია ტურე. თითოეული მათგანი საკუთარ როლს თამაშობდა გუნდში: ერთნი ბრწყინავდნენ და იცინოდნენ, სხვები მეტოქეებს მინდორზე ყრიდნენ, ხავი კი მხოლოდ პასს აკეთებდა მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ. ბუნებრივია, ორმა უტიტულო წელმა იმოქმედა იმაზე, ვინც განსაკუთრებული საქმეებით არ გამოირჩეოდა - უბრალოდ აქეთ-იქით აკეთებდა პასებს.

Movistar-ის კომენტატორი მარკოს ლოპესი კატალონიელს "დიდ ტყუილს" უწოდებდა. Daily Mail-მა ასე გამოაცხადა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სია: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და ხავი". არც გულშემატკივრები იყვნენ აღფრთოვანებულნი ჰორიზონტალური სტილით. კომენტატორების იშვიათი აღფრთოვანების მიღმა მუდმივად ეს ისმოდა: ის ნელია, სუსტი, შეტევასა და დაცვაში გამოუსადეგარი.

მას კი, მხოლოდ ორი რამ დასჭირდა მსოფლიოს გადასატრიალებლად. ჯერ არაგონესმა ააწყო ნაკრები ხავიზე, მისი ხედვითა და სტილით ევრო-2008 მოიგო, მეტოქეებს ბურთთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა. შემდეგ იგივე გვარდიოლამ გააკეთა.

Sportall.Ge

"ხავი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია, ვინც კი მახსოვს. არასდროს მინახავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც დანარჩენ 21-ს მოედანზე ისე არბენინებს, როგორც მას სურს, მისთვისვე სასურველ ტემპში. ხავის აყვანას ორი კაცი სჭირდება. ფეხბურთის შეურაცხყოფაა, რომ მას "ოქროს ბურთი" არ აქვს" - თქვა ბასკური ფეხბურთის ლეგენდა ხოსება ეჩიბერიამ.

გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უშეცდომო და დაუნდობელი მანქანა შექმნა და ისტორია გაყო ორად, გვარდიოლამდე და გვარდიოლას შემდგომ ეპოქად. თუმცა, რომ არა ხავი, საკითხავია, მოახერხებდა კი ასე სწრაფად პეპი საკუთარი იდეების განხორციელებას?!

დაუფასებელი ნახევარმცველი ახალი მწვრთნელის მიერ შექმნილ ინტელექტუალურ თამაშში გაიხსნა. "ბარსამ" უარი თქვა ყველაფერ ზედმეტზე - დაიწყო თამაში ერთი შეხებით ჰიპერსისწრაფეებზე და აღმოჩნდა, რომ რთული ფეხბურთი მაღალ სისწრაფეზე ხავის ყველაზე მეტად შეესაბამებოდა.

ხავი ისე ეფექტურად და დამაჯერებლად ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს, თავი თოჯინების თეატრის სცენაზე გეგონებოდათ. მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე (სადაც ის რაიკაარდმა გადაიყვანა) ხავი ვერ იყო ისეთი ყოჩაღი, როგორც მცველების წინ. აქ ის შეტევის გულში იდგა, კატალონიელთა ცენტრის გულისცემა იყო. მუდმივი მოძრაობით ხავი უქმნიდა სივრცეებს მესისა და სხვა ფეხბურთელებს, იხსნებოდა საჭირო ადგილას და თუ რომელიმე თავდამსხმელი ზონას გაუთავისუფლებდა, დასარტყმელ პოზიციაზეც გადიოდა.

Sportall.Ge

"გუნდში თამაშობდა 20 თანაბარი დონის და ორი შესანიშნავი ფეხბურთელი - ხავი და მესი. ინიესტა ძლიერია, მაგრამ ხავი უფრო "მაგარი". მას თავს ზევით აძლევდნენ პასს, მაგრამ ისე ამუშავებდა, რომ მეორე შეხებით მომენტს გიქმნიდა. ადამიანი ფეხბურთში ყველაფერს ხედავდა, ეს რაღაც კოსმოსური დონეა" - თქვა ერთხელ "ბარსას" ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა.

ასე ჩამოყალიბდა გასაკვირად ეგოისტური თამაშის ნახატი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა, მათ შორის, "ბარსას" თანაბარ გუნდებსაც. ლა ლიგაში პირველი მატჩის დათმობის შემდეგ ნახევარ წელზე მეტი წაუგებლად თამაშობდნენ. მეტოქეები ვერ ხვდებოდნენ, რა ექნათ.

ხავიმ სეზონის ყველა დიდ მატჩში გააკეთა საგოლე გადაცემა: "ლიონთან", "ატლეტიკოსთან", "ბაიერნთან"; გაუკეთა ლეგენდარული პასი მესის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და გაუტანა ბილბაოს "ატლეტიკს" თასის ფინალში.

ხოლო ისტორიული 6:2 "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასევე ხავიმ შექმნა: "რეალი" წინ წავიდა და დიდი ხანი ისვენებდა, თუმცა კატალონიელმა დირიჟორმა გატეხა მეტოქის დაცვა მრავალმხრივი მიდგომებით.

ნახევარმცველმა ჯერ იდეალური პასი გაუკეთა პუიოლს, შემდეგ დაუფარა დიარას, წაართვა ბურთი და მესი ერთ-ერთზე დატოვა კასილიასთან. ამის მერე საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული პასით ანრის მეორე გოლი გაატანინა. ხავი არც ამას დასჯერდა და ლიონელ მესის კიდევ ერთი საგოლე პასი გაუკეთა.

Sportall.Ge

2008/09 წლების სეზონში ხავი მაინც არ იყო მაქსიმალურად შესამჩნევი მოედანზე. ის უფრო ხშირად ხვდებოდა კამერებსა და მატჩების პროტოკოლებში, ყოველ 108 წუთში ან გოლი გაჰქონდა, ან საგოლე გადაცემას აკეთებდა. მაგრამ მთავარი გმირი არ ამაყობდა: ცოტას საუბრობდა და არასდროს ჟონგლიორობდა. ხავი უბრალოდ პასებს აკეთებდა, ოღონდ ისეთ დონეზე, როგორც სხვა ვერავინ.

მან მსოფლიოს ასწავლა ფეხბურთი, აჩვენა, რომ ქვეტექსტი ფეხბურთშიც არის და ის, ვინც ამ ქვეტექსტს ზევითაა, "ოქროს ბურთს" იგებს. თვითონ ხავის კი შანსი არ ჰქონდა. მართალია, მესი ისეთი უდავოდ ნომერი პირველი არ იყო, როგორც ახლა, თუმცა მაშინ კულისების მმართველს დამფასებლები არ გამოუჩდნენ. ახალი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახევარმცველი ფეხბურთიდან "ოქროს ბურთის" გარეშე მიდის. თუმცა, ის ყოველთვის იქნება ასოცირებული მოკლე პასთან და ყველაზე დომინირებად გუნდთან თანამედროვე სამყაროში.

Sportall.Ge

სტატიის დასრულება იმ სიტყვებით გვსურს, რომლებიც ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლოპეტეგიმ თქვა:

"ხავიმ გააქარწყლა მითი ფიზიკური ძალის აუცილებლობის შესახებ, აჩვენა დაბალი ფეხბურთელების ღირსება და გააუმჯობესა ის ფეხბურთელები, ვინც მასთან ერთად თამაშობდნენ. მან აჩვენა, რომ პასისა და ბურთის საშუალებით შეიძლება როგორც შეტევა, ისე თავდაცვა. ტიტულებს ბევრი იგებს, თუმცა კონცეფციის შედგენა, რომელიც ადამიანების ხედვებს ცვლის, ცოტას ძალუძს. ხავიმ კი ეს გააკეთა".

altხავი სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

altხავის ლამაზი საჯარიმო და საგოლე გადაცემა - შოთა არველაძის "ფახთაქორი" ალ სადთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული