MARCA-ს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდში კილიან მბაპეს უფრო ისურვებდა, ვიდრე ნეიმარს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი აზრით, მბაპე როგორც მენტალურად, ისე წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო მომწიფებულია, ვიდრე ბრაზილიელი შემტევი.
ორივე ფეხბურთელს აკავშირებენ მადრიდის "რეალთან", თუმცა მადრიდელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის აზრით, საკმარისია ერთი მათგანის შეძენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მათგანია ხელმისაწვდომი.
"მე კონტრაქტს მბაპესთან გავაფორმებდი, რადგან ის უფრო გონიერია, ვიდრე ნეიმარი.
ბრაზილიელი უმიზნოდ მორბენალ ბავშვს მაგონებს" - თქვა მადრიდელთა ლეგენდამ.
"მათ ძალიან კარგი მოთამაშეების ჯგუფი ჰყავთ, თუმცა შედეგი არ ჰქონდათ. სეზონის მიმდინარეობისას მწვრთნელის ორჯერ შეცვლა ყველაზე ცუდია, რაც კლუბს შეიძლება დაემართოს. სამივე მათგანი იცნობდა მადრიდს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდა."
ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალს" 1999 წლიდან 2003 წლამდე წვრთნიდა, ხოლო როგორც ფეხბურთელს, "ბლანკოსის" შემადგენლობაში მხოლოდ ლა ლიგის ფარგლებში 445 შეხვედრა აქვს ჩატარებული.