სეზონის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი ხუანფრანი გუნდს დატოვებს და იაპონიაში განაგრძობს თამაშს.
აქედან გამომდინარე, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა მარჯვენა მცველის ძიება დაიწყო. ერთ-ერთი ვარიანტი მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების მცველი მარიო ფერნანდესი გახლდათ, თუმცა რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა.
როგორც ესპანური AS წერს, დიეგო სიმეონემ "ბარსელონას" მარჯვენა მცველ ნელსონ სემედუს დაადგა თვალი. პორტუგალიელ მცველს კარგად შეუძლია როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში თამაშიც და "ჩოლოს" მისი პოტენციალიც მოსწონს.
წლევანდელ სეზონში სემედუ სერხი რობერტოსთან იყოფდა სათამაშო დროს, თუმცა "ლა
მასიას" აღზრდილს უფრო მეტხანს ათამაშებდნენ. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ სერხი რობერტოს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ხოლო სემედუ მხოლოდ მარჯვენა მცველად თამაშობს.
25 წლის პორტუგალიელის წარმომადგენლებმა იციან "ატლეტიკოს" ინტერესის შესახებ და დადებითი რეაქცია აქვთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სემედუს შემოთავაზებები იტალიიდან და ინგლისის პრემიერლიგიდან აქვს.
პორტუგალიელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და მისი გამოსასყიდი თანხა შეთანხმების მიხედვით 100 მილიონი ევრო გახლავთ. თუ გრიზმანი "ბარსაში" გადავა, ამ შემთხვევაში "ატლეტიკო" დაიწყებს მოლაპარაკებებს კატალონიურ კლუბთან სემედუს თაობაზე, რათა ყველა მხარისათვის სასურველი შეთანხმება შედგეს.