"ესპორტიუ ლანკა" პატარა კლუბია ჟირონიდან, კატალონიის მხარიდან. ამ კლუბს განსაკუთრებული სპორტული შედეგები არ აქვს და საზოგადოებაც ნაკლებად იცნობს. ალბათ, არც ჩვენ გავიგებდით მათ შესახებ, რომ არა წარმატების მეტად უცნაური გზით აღნიშვნა.
საქმე იმაშია, რომ "ესპორტიუ ლანკამ" კატალონიის მეორე ლიგაში გადასვლა მოახერხა და ამ პოზიტიური ამბის აღსანიშნავად მატჩის შემდგომ გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვია.
როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა ქალბატონის ცეკვა გადაიღეს და ვიდეოკადრებიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამას სკანდალი მოჰყვა და კლუბს ბოდიშის მოხდა მოუწია.
კატალონიელთა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდი ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვისი გრძნობებიც ამ ქმედებით შეილახა. იქვე დასძინეს, რომ ეს კლუბი აღნიშნულ ქმედებაში არ მონაწილეობდა და გუნდიდან ვიღაცამ ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება.
როგორც უნდა იყოს, კლუბმა სახელი გაითქვა. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, ეს ფეხბურთის თამაშით გაეკეთებინათ, თუმცა პოპულარობა მაინც სასიამოვნოა.