ხავი ერნანდესმა, რომელიც "ალ სადის" დამრიგებელი გახდა, საკუთარი სამწვრთნელო იდეების შესახებ ისაუბრა.
- ხავი, რატომ გადაწყვიტეთ სამწვრთნელო კარიერის დაწყება ყატარში და არა "ბარსა ბ"-ში, როგორც გვარდიოლამ?
- ჩემი ოჯახი ყატარში თავს ძალიან კარგად გრძნობს და ეს პირველი მიზეზია. ასევე, თუკი, მაგალითად, "ბარსა ბ"-ს გაწვრთნას დავიწყებ, მოლოდინები დიდი იქნება. მე კი საერთოდ არ მინდა, რომ გვარდიოლას შემადარონ. ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, მე კი ყველაფერს ნულიდან ვიწყებ. მე მიმაჩნია, რომ ყატარი შესანიშნავი ადგილია ყველაფრის სწორედ ნულიდან დასაწყებად. - როგორ ფეხბურთს ითამაშებს ხავის გუნდი?
- ზოგადი იდეა გახლავთ ის, რაც აქვს "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრებს უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში. ჩვენ გვექნება ბურთი, გავაკონტროლებთ შეხვედრას და ვითამაშებთ მაღალ პრესინგს. მე მესმის კრუიფის ფილოსოფია და ის ჩემი ძირითადი მიმართულებაა.
ვან გაალი, გვარდიოლა, რაიკაარდი, ლუის ენრიკე, არაგონესი - მე ეს მწვრთნელები მყავდა და ჩვენ ერთმანეთის სტილის ყოველთვის გვესმოდა. მე მინდა, რომ მოწინააღმდეგეს ბურთი არასდროს ჰქონდეს. თუ შენ გაქვს ბურთი - მატჩის მოგების მეტი შანსი გაგაჩნია.
- სუპერფეხბურთელებიდან ვინ სწავლობს თქვენთან ერთად?
- ალბერტ რიერას შეუძლია ძალიან კარგი მწვრთნელი გახდეს. ლუის გარსიას, რომელიც ალბერტს უზის მერხთან, ასევე შეუძლია მაღალი დონის მწვრთნელი გამოვიდეს. ხაბი ალონსო, ვალდესი, რაული, მიჩელ სალგადო... ჩვენ უბრალოდ საოცნებო გუნდი გვყავს. სხვათა შორის, ჩვენთან ერთად ორი გოგონაა და მათაც ყველაფერი კარგად გამოსდით.
- თქვენი სასწავლო დღე დილის 9-ზე იწყება და საღამოს 7-მდე გრძელდება. გამოდის, რომ იმაზე უფრო მეტს მუშაობთ, ვიდრე ფეხბურთელად ყოფნისას...
- რას ამბობთ, გაცილებით მეტს. ფეხბურთელი, საშუალოდ, დღეში საათ-ნახევარს ვარჯიშობს, ჩვენს კურსს კი გრძელი დღე აქვს. ინტენსიური კურსია და ყველანი ძალიან კონცენტრირებულები ვართ.