ეს ჭორი აღარაა - "ბარსელონას" დირექტორი ნეიმარზე ოპტიმისტურ განცხადებას პარიზიდან აკეთებს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე იმდენი ჭორ-მართალი იწერებოდა, რომ სინამდვილის დადგენა ძნელი იყო, ახლა კი უკვე ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ნეიმარის შეძენაზე "რეალმა" მისი ტრავმის რეციდივის მომიზეზებით ხელი აიღო. თანაც, თავად ფეხბურთელმა "პარი სენ ჟერმენის" სპორტულ დირექტორ ლეონარდოს განუცხადა, რომ მხოლოდ "ბარსელონაში" გადასვლა სურს.

გუშინ პარიზში "ბარსას" წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა, რომლის შემადგენლობაში სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი, ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ბორდასი, კლუბის მრჩეველი სამხრეთამერიკულ საკითხებში ანდრე კიური და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ არიან. მოკლედ, ნეის წაყვანის შემთხვევაში მისთვის ხელის მოსაკიდი ადგილი არ
დარჩება, თორემ კატალონიური კლუბიდან სხვა ხელმძღვანელი პირებიც გაემგზავრებოდნენ.

გაიმართა მოლაპარაკების პირველი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას თვით პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი იღებდა ლეონარდოსთან და მრჩეველ ჯამელ ბულასთან ერთად.

"ბლაუგრანამ" ტრანსფერში 170 მილიონი ევროს რამდენიმე ტრანშად გადახდა შესთავაზა, პარიზულმა კლუბმა კი 100 მილიონი, მცველი ნელსონ სემედუ და შემტევი უსმან დემბელე მოითხოვა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მხარეები პირველ ჯერზე  ვერ შეთანხმდნენ.

თუმცა მოლაპარაკება გაგრძელდება და ამის თაობაზე ბორდასმა მოკლე და კონკრეტული განცხადება გააკეთა.

"შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ჩვენ მოლაპარაკებას კიდევ ვაწარმოებთ და ვფიქრობ, ნეიმარის ტრანსფერს უფრო მივუახლოვდით", - ციტირებს ბორდას As-ი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული