კუმანს, კონტრაქტის მიხედვით, 2020 წელს "ბარსელონაში" წასვლა შეუძლია

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტის მიხედვით 2020 წელს კატალონიურ "ბარსელონაში" გადასვლა შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, "ბარსელონა" შესაბამის თანხას გადაიხდის. ხელშეკრულებაში სწორედ "ბარსელონა" და კონკრეტული თანხაა აღნიშნული. ამ საკითხზე ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციის სპორტულმა დირექტორმა ნიკო იან ჰოოგმამ ისაუბრა.

"კონტრაქტი ისე შევადგინეთ, რომ კუმანს წასვლა შეუძლია, თუმცა მეორე მხარემ უნდა გადაიხადოს. ჩვენს ეროვნულ გუნდში მიღწეული კარგი შედეგები, ბუნებრივია, მას "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად გახდომაში დაეხმარება, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რონალდი ნაკრებში 2022 წლის ყატარის მსოფლიო თასამდე მაინც დარჩება.

კუმანი ყოველთვის
ამბობდა, რომ სურს, ერთ დღეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდეს. ვნახოთ, რა მოხდება", - უთხრა ჰოოგმამ Fox Sports-ს.

"ბარსელონამ" 1992 წელს საკუთარ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა პირველად კუმანის გოლით მოიგო - 112-ე წუთზე ჰოლანდიელმა უძლიერესად დაურტყა ჯანლუკა პალიუკას და "ბარსამ" "სამპდორიას" უემბლიზე გამართულ ფინალში 1:0 სძლია. 1998-2000 წლამდე კუმანი უკვე მუშაობდა "ბარსელონაში" ასისტენტად, ნიდერლანდების ნაკრებს კი 2018 წლიდან წვრთნის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული