"ვერ ვსუნთქავდი, ვიფიქრე, თუ ვკვდები, ჯანდაბას, მოვკვდე" - მარსელოს ფინალის დღეს შფოთვითი შეტევა ჰქონდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარსელომ Players' Tribune-თან საუბრისას "ლივერპულთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გადატანილ შფოთვით შეტევაზე ისაუბრა.

"ვერც კი ვსუნთქავდი. უბრალოდ ვცდილობდი, პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. ეს ყველაფერი 2018 წელს მოხდა, გასახდელში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

ეს არ იყო ნერვები, ნერვები ფეხბურთში ნორმალურია. მე მკერდში ჩხვლეტა ვიგრძენი, შემდეგ თითქოს რაღაც ჩამერჭო. ყველაფერი კი ფინალის წინა ღამით დაიწყო.

ვერ ვჭამდი, ვერც ვიძინებდი. ჩემმა ცოლმა ფრჩხილების კბილებით კვნეტას დიდი ხნის წინ გადამაჩვია, თუმცა გამეღვიძა და ფრჩხილები არ მქონდა. ეს არ
იყო უბრალო ნერვიულობა, რადგან ეს ჩვეულებრივი რამეა. ფინალის წინ თუ აღელვებული არ ხარ, შენ არც ადამიანი ხარ.

მაგრამ მე სულ სხვა რამეს ვგრძნობდი. ასეთი შფოთვა ცხოვრებაში არასდროს მქონია. ვერც კი ვხვდებოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. არ მსურდა ექიმთან დარეკვა, რადგან შეიძლებოდა თამაშის უფლება არ მოეცა, მე კი აუცილებლად უნდა გავსულიყავი მოედანზე და საკუთარი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა რაღაც.

რამდენიმე დღით ადრე მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტელევიზიაში თქვა, რომ "ჯობს, მარსელომ მოჰამედ სალაჰის პოსტერი იყიდოს, საძინებლის კედელზე ჩამოკიდოს და ყოველ ღამით ილოცოს".

წარმოგიდგენიათ, 12 წლის შემდეგ, ამდენი ტიტულის შემდეგ ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა. მე კი ისტორიის შექმნა მინდოდა. მსურდა, ბრაზილიელ ბავშვებს ჩემთვის ისე შემოეხედათ, როგორც მე ვუყურებდი რობერტო კარლოსს.

როცა ფინალის წინ გასახდელში ვიჯექი და წესიერად ვერ ვსუნთქავდი, საკუთარ თავს ვუთხარი: "რამდენი ბავშვი თამაშობს ფეხბურთს მსოფლიოში? რამდენი მათგანი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე? მილიონობით, მილიონობით, მილიონობით. ამიტომ დამშვიდდი, ძმაო".

როცა მინდორზე შევდგი ფეხი, სუნთქვა ისევ მიჭირდა. საკუთარ თავს ვუთხარი: "თუ ვკვდები, ჯანდაბას, მოვკვდე აქ და ახლა, დღეს საღამოს".


ვიცოდი, თამაშის დაწყების შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა. შეიძლება ქაოსში იზრდებოდე, შენ გარშემო ყველაფერი არანორმალური ხდებოდეს, თუმცა როცა ბურთი შენს ფეხებთანაა, ყველაფერზე ფიქრს წყვეტ, გარემო მშვიდდება, წყნარდება", - თქვა მარსელომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული